შპს „ახალ ქსელებს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის კომისიის 2008 წლის 14 მარტის N122/16 გადაწყვეტილების შესრულებასთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 04, 2010
მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა”, სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ დავის განხილვის მოთხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს “გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ, ადგილი აქვს კომისიის 2008 წლის 14 მარტის N122/16 გადაწყვეტილების შეუსრულებლობას. კერძოდ, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ მიუხედავად კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებისა და შპს „ახალი ქსელების“ არაერთი წერილობითი მიმართვისა, არ აძლევს ნებართვას შპს „ახალ ქსელებს“ განახორციელოს მათი კუთვნილი კაბელის (ტპპ10X2 2.625 მეტრი) დემონატაჟი ქ.თბილისში სოფელი დიღმის გადასახვევიდან, სოფელ დიღომში, შპს „ახალი ქსელების“ სატელეფონო კანალიზაციამდე. აღნიშნულ კაბელზე შპს „ახალი ქსელების“ საკუთრების უფლება დადასტურებულია მხარეთა შორის 2007 წლის 14.02. შედგენილი აქტით, რომელსაც ხელს აწერენ მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ 2008 წლის 12 ნოემბრის N4-15/1054 წერილით (თან ერთვის განცხადებას) გასცა ნებართვა ზემოაღნიშნული კაბელის დემონტაჟზე, ამავე დროს, წამოაყენა ახალი მოთხოვნა, რომ ნებართვა ძალაში შევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარეთა შორის გაფორმდება შესაბამისი აქტი, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს სამუშაოების შესრულების ვადას და იმ უფლებამოსილი პირების სიას, ვინც განახორციელებს სამუშაოებს, აგრეთვე თუ განისაზღვრება მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხები სატელეფონო კანალიზაციის დაზიანების შემთხვევაში და შეთანხმდება კაბელის ამოღების შესახებ აქტის ფორმა. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, აღნიშნული წერილის პასუხად, შპს „ახალმა ქსელებმა“ 2008 წლის 26 სექტემბრის N869 წერილით (თან ერთვის განცხადებას) სთხოვა სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ მიევლინა უფლებამისილი წარმომადგენლები, კაბელის დემონტაჟის სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ აღნიშნული წერილი სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდან დარჩა უპასუხოდ. განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“ განაგრძობს კანალიზაციაში განთავსების მომსახურების საფასურის დარიცხვებს ზემოაღნიშნულ კაბელებზე. შპს „ახალი ქსელები“ ასევე აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინება, სადაც, სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის დავის საგას წარმოადგენს არა კაბელების კუთვნილება არამედ საკანალიზაციო არხებში არსებულ კაბელებთან დაშვება, რასაც არ აქვს ქონებრივი ხასიათი. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სს „გაერთიანებულ ტელეკომის“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში და დენადი ხასიათის დარღვევა.
მოთხოვნები:
1. სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” უპირობოდ შეასრულოს კომისიის 2008 წლის 14 მარტის N122/16 გადაწყვეტილება, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები და მისცეს საშუალება შპს ”ახალ ქსელებს” განახორციელოს საკუთარი კაბელების დემონტაჟი.
2. სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიმართ გამოყენებულ იქნას ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სანქცია.
კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 25 დეკემბერს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებით ეცნობათ შპს „ახალ ქსელებს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“. ამ უკანასკნელს გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს „ახალი ქსელების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ასლები, მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და ასევე, ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2009 წლის 24 დეკემბრამდე.
მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ შპს „ახალი ქსელების“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები. შპს „ახალი ქსელების“ წარმოამადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და აღნიშნა, რომ მოთხოვნას წარმოადგენს სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ უზრუნველყოს შპს „ახალი ქსლების“ დაშვება სატელეფონო კანალიზაციასთან, ამ უკანასკნელის კაბელების დემონტაჟის მიზნით.
სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია მზად არის მორიგებით დაამთავროს დავა და შესთავაზა შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელს, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“ უზრუნველყოფს მისთვის იმავე ტიპის და ზომის კაბელის გადაცემას, რის დემონტაჟსაც ითხოვს კომპანია. აღნიშნულს არ დაეთანხმა შპს „ახალი ქსელების წარმომადგენელი.
მოსამზადებელ სხდომაზე, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ წარმოადგენილ იქნა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წერილი 10.03.2009 N8-15/273 და ასევე შემოწმების აქტები.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელი მხარე საკითხის განხილვას ითხოვს სწორედ დავის რეჯიმში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავის საფუძველზე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ახალ ქსელებსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში და შესაბამისად, მიზანშეწონილია დავის განხილვის დღის დანიშვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ახალ ქსელებს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2010 წლის 8 იანვარს 16 საათზე;
2. საკითხის განხილვის დღის შესახებ შპს „ახალი ქსელები“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომი“ გაფრთხილდნენ კომისიის 2009 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
