წვდომის მენიუ

შპს ”კავკასუს ონლაინისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 709 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 04, 2010

მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. მითითებული კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 3 დეკემბერს,  კომისიასთან მოქმედი  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის სპეციალისტმა (შემდგომში ”საზოგადოებრივი დამცველის სამსახური”) განცხადებით მიმართა კომისიის თავმჯდომარეს და აღნიშნა, რომ მოქალაქე ლაშა ჭიღლაძემ ელექტრონული წერილით მიმართა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს  შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ მისთვის ინტერნეტ-მომსახურებისათვის შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტის დებულებათა  დისკრიმინაციული ხასიათის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და შეიცავდეს მათ შორის, განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს, განმცხადებლის მოთხოვნას და ხელმოწერას. 2009 წლის 4 დეკემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ მოქალაქე ლაშა ჭიღლაძის ელექტრონულ მისამართზე გაიგზავნა  წერილი, რომლითაც განუსაზღვრა მას ვადა წერილობითი ფორმის, ხელმოწერილი განცხდების წარმოსადგენად. მოქალაქე ლაშა ჭიღლაძემ ხელმოწერილი წერილობითი განცხადება კომისიაში არ წარმოადგინა. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ  მომხმარებელსა და ავტორიზებულ პირს შორის დავის განხილვის დაწყების წინაპირობა კერძოდ, მომხმარებლის განცხადება, წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, არ არსებობს საკითხის ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით განხილვის საფუძველი და სახეზეა პირის ექს-პარტე შეტყობინება გათვალისწინებული ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ექს-პარტე შეტყობინება კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშორებით.

           კომისია  მიაჩნია, მომხმარებლის საჩივრის გარეშეც საკმარისი მტკიცებულებები არსებობს შპს ”კავკასუს ონლაინის” მხრიდან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის შესახებ, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე  მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე კომისიამ დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება მოქალაქე ლაშა ჭიღლაძის ექს-პარტე შეტყობინებაში მითითებული გარემოებებისა და შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ წინასწარ ჩამოყალიბებული ინტერნეტით მომსახურების სტანდარტული ხელშეკრულებების კანონიერების შესწავლისა და მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების  თაობაზე.

            ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, 2009 წლის 7 დეკემბრის შეტყობინებით ეცნობა შპს ”კავკასუს ონლაინს” და ის მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას განემარტა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის,  საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინებით, შპს ”კავკასუს ონლაინს” აგრეთვე, დაევალა წარმოადგინოს კომისიაში ინტერნეტით მომსახურების სტანდარტული ხელშეკრულებები.

         საკითხის განხილვა დაინიშნა კომისიის 2009 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენლები ვახტანგ ცეცხლაძე და  გიორგი ჭელიძე. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის, კერძოდ, 2009 წლის 10 დეკემბერს  შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი სტანდარტული ხელშეკრულებების შესწავლის მიზნით, კომისიამ გამოაცხადა შესვენება  2009 წლის 25 დეკემბრამდე.

           კომისიის სხდომა განახლდა 2009 წლის 25 დეკემბერს. სხდომას ესწრებოდნენ შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენლები ვახტანგ ცეცხლაძე და დავით კაპანაძე, რომლებმაც განმარტეს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ შემუშავებული და მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული ინტერნეტით მომსახურების ხელშეკრულებების სტანდარტული პირობებით შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ გათვალისწინებულია მომხმარებელთა კანონით დაცული უფლებები და ინტერესები. მათ, აგრეთვე  იშუამდგომლეს  კომისიის წინაშე  კომპანიის მიმართ არ იქნას გამოყენებული  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა  ან მოხდეს მისი ოდენობის შემცირება.

ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ ჩამოყალიბებული  სტანდარტული ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად, კომისიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

1. შპს ”კავკასუს ონლაინი” 2005 წლის 03 ოქტომბერს №25/1-ით რეგისტრირებულია  ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, როგორც ავტორიზებული პირი, რომელიც ახორციელებს ინტერნეტის ქსელით უზრუნველყოფას და ინტერნეტით მომსახურების მიწოდებას.

კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით, ინტერნეტით მომსახურების საცალო ბაზარზე, გეოგრაფიული ზონების მიხედვით - ქ. თბილისი, ქ.ქუთაისი, ქ.რუსთავი, ქ.ფოთი, ქ.ზუგდიდი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველოს სხვა დანარჩენი ტერიტორია - შპს ”კავკასუს ონლაინი” ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად.

            ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ”კავკასუს ონლაინი”, როგორც  ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს  ელექტრონული კომუნკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა და კომისიის გადაწყვეტილებები და დადგენილებები.  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებების და შეთანხმებების, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

2. კომისიამ გამოარკვია, რომ 2007 წლიდან დღემდე, როგორც წესი,  შპს ”კავკასუს ონლაინი” მომხმარებელს აწვდის ინტერნეტს წინასწარ ჩამოყალიბებული  მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული  ხელშეკრულებების საფუძველზე. კერძოდ, ოპტიკური კაბელის საშუალებით ინტერნეტით მომსახურების სტანდატული ხელშეკრულებებია ევრო-1, ევრო-2, ევრო-3, ევრო-HD, მინი-ოფისი, ევრო-ოფისი, ევრო+ და ევრო-ბიზნესი, ხოლო DSL ტექნოლოგიით  ინტერნეტით მომსახურების სტანდარტული ხელშეკრულებებია ეკონომი, უნივერსალი, ბიზნესი.

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის  შესახებ” რეგლამენტის 101 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, ინტერნეტით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობითი ხელშეკრულების ან ზეპირი გარიგების საფუძველზე. მითითებული რეგლამენტის მე-6 მუხლის ”გ” პუნქტის შესაბამისად, თუ მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, მომსახურების მომწოდებელი ვალდებულია მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების ფორმა წარუდგინოს კომისიას.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 10 დეკემბრამდე შპს ”კავკასუს ონლაინს” არ წარუდგენია კომისიისათვის ინტერნეტით მომსახურების სტანდარტული ხელშეკრულებები, რითაც  მან დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის  შესახებ” რეგლამენტის მე-6 მუხლის ”გ” პუნქტის მოთხოვნა.

3. კომისიამ გამოარკვია, რომ ინტერნეტით მომსახურების სტანდარტული ხელშეკრულებების  2.1 პუნქტის (ხელშეკრულების საგანი) შესაბამისად, შპს ”კავკასუს ონლაინი” იღებს ვალდებულებას მიაწოდოს მომხმარებელს  ინტერნეტი ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში, რაც ფაქტიურად ინტერნეტით მოსახურების უწყვეტობას ნიშნავს. ოპტიკური კაბელის საშუალებით ინტერნეტით მომსახურების სტანდატული ხელშეკრულებების 2.1 პუნქტი დამატებით განმარტავს, რომ მომსახურება ითვლება 24 საათის განმავლობაში მიწოდებულად, თუ შემსრულებლის მიერ მომსახურების მიწოდების შეფერხება ერთ კალენდარულ დღეში არ აღემატება 3 საათს, ხოლო  DSL ტექნოლოგიით მიწოდებული ინტერნეტით მომსახურების ხელშეკრულებების 2.1 პუნქტი განმარტავს, რომ მომსახურება ითვლება 24 საათის განმავლობაში მიწოდებულად, თუ შემსრულებლის მიერ მომსახურების მიწოდების შეფერხება ერთ კალენდარულ დღეში არ აღემატება 6 საათს. ამდენად, შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებული ინტერნეტით მომსახურების ხელშეკრულებების  სტანდარტული პირობების შესაბამისად, ინტერნეტით მომსახურების დღეში 3 ან 6 საათით შეწყვეტა  განიხილება როგორც უწყვეტი, 24 საათიანი ინტერნეტ-მომსახურება.

            ამასთან, ოპტიკური კაბელის საშუალებით ინტერნეტით მომსახურების სტანდარტული ხელშეკრულებების 4.2 და DSL ტექნოლოგიით მიწოდებული ინტერნეტით მომსახურების სტანდარტული ხელშეკრულებების 4.3 პუნქტების შესაბამისად, მომხმარებლის მიზეზით მომხდარი ნებისმიერი დაზიანება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიმწოდებლის მიერ დამკვეთისათვის მომსახურების მიწოდების შეფერხება, არ ათავისუფლებს ამ უკანასკნელს მომსახურების ღირებულების გადახდისაგან.

            კომისია განმარტავს, რომ  შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ მომხმარებლისათვის წინასწარ ჩამოყალიბებული ხელშეკრულებების ზემოაღნიშნული პირობებით დაცულია მხოლოდ მიმწოდებლის უფლება მოითხოვოს ანაზღაურება მომხმარებლის ბრალით ინტერნეტით მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში და,  არ არის დაცული მომხმარებლის უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება შპს ”კავკასუს ონლაინის” ბრალით ინტერნეტით მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში.

            ამდენად, ინტერნეტით მომსახურების ხელშეკრულებების  2.1, 4.3 და 4.2 პუნქტებით შპს ”კავკასუს ონლაინი” სთავაზობს მომხმარებელს გაუმართლებლად არასათანადო, დისკრიმინაციულ პირობას, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებთან. კერძოდ, მითითებული ნორმის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს უკავია დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე, მაშინ საქმიანობის ამ სფეროში მას ეკისრება ხელშეკრულების დადების ვალდებულება და, მას აგრეთვე არ შეუძლია კონტრაჰენტს უსაფუძვლოდ შესთავაზოს ხელშეკრულების არასათანადო, დისკრიმინაციული პირობები.

            კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს საქონლის, სამუშაოს, სავაჭრო და სხვა სახის მომსახურების სტანდარტთან შესაბამისი  ხარისხის მომსახურება, რაც ასევე შეიცავს მომხმარებლისათვის ინტერნეტით მომსახურების შეუფერხებელ მიწოდებას.

            კომისია მიუთიუთებს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ წინასწარ ჩამოყალიბებული სტანდარტული ხელშეკრულებებით არ არის გათვალისწინებული მომსახურების გაწევის  ხარისხობრივი მაჩვენებლის დაუცველობის შემთხვევაში საკომპენსაციო მექანიზმები, რაც ეწინააღმდეგება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომლის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში გაითვალისწიონოს მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმები.  

            კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ შემუშავებული ხელშეკრულებების სტანდარტული პირობებით 24 საათიანი, უწყვეტი ინტერნეტით მომსახურების განმარტებით შპს ”კავკასუს ონლაინი” არღვევს კომისიის 2007 წლის 22 ივნისის №337/22-ი გადაწვეტილებას ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მომართვის საფუძველზე შპს ”კავკასუს ონლაინის” მიმართ მომხმარებელთა საჩივრების საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით განხილვის შესახებ”. მითითებული გადაწყვეტილების 1-ლი პუნქტის შესაბამისად,   შპს ”კავკასუს ონლაინს” დაევალდა დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მეორე პუნქტის ”ბ”, ”ე” და ”ზ” ქვეპუნქტების, 62-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-11 მუხლის მოთხოვნები და უზრუნველყოს   მომხმარებლებისთვის ინტერნეტ-მომსახურების უწყვეტად და შეუფერხებლად მათთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით მიწოდება, აგრეთვე 24 საათიანი სათანადო ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

            კომისია ვერ გაიზიარებს შპს ”კავკასუს ონლაინის” მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-181 მუხლი ანიჭებს მას უფლებას გაითვალისწინოს სტანდარტულ ხელშეკრულებებში ინტერნეტით მომსახურების შეწყვეტის ვადა, რომელიც  არ აღემატება 24 საათს.  კომისია აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმა ადგენს დაზიანებათა გამო შეწყვეტილი ინტერნეტის მიწოდების აღდგენის  ვადებს, და არ განიხილავს ინტერნეტით მომსახურების 24 საათამდე შეწყვეტას, როგორც უწყვეტ მომსახურებას, შესაბამისად, არ  ადგენს ინტერნეტით მომსახურების შეწყვეტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისაგან მომსახურების მიმწოდებლის გათავისუფლების შესაძლებლობას.

            4. კომისიამ გამოარკვია, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ წინასწარ ჩამოყალიბებული ინტერნეტით მომსახურების სტანდარტული ხელშეკრულებების 6.3 პუნქტის შესაბამისად, შემდგომი თვის სააბონენტო გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმდინარე საანგარიშო პერიოდის დასრულებისთანავე, მომხმარებელს შეუწყდება მომსახურება, ხოლო მომსახურების საფასურის გადახდამდე დამკვეთს დაერიცხება სერვისის შენარჩუნების საფასური 0.50 (ორმოცდაათი) თეთრი ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე.

            გარდა აღნიშნულისა, ოპტიკური კაბელის საშუალებით ინტერნეტით მომსახურების სტანდატული ხელშეკრულებების  8.1.3 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ  ლიმიტზე მეტი ოდენობის კომპიუტერის ჩართვის ან/და დამატებითი კომპიუტერის სამეზობლო ქსელში ჩართვის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს მომსახურება და დააკისროს მომხმარებელს ჯარიმა 150 (ევრო-1),  300 (ევრო-2), 450 (ევრო+), 500 (მინი-ოფისი), 600 (ევრო-3), 1200 (ევრო-HD; ევრო-ოფისი) ლარის ოდენობით.

            კომისია მიუთითებს, რომ ხელშეკრულებების მითითებული დებულებებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო - ფულადი თანხა, რომელიც  უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის  მომხმარებელმა და არ არის გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რომელიც შპს ”კავკასუს ონალინმა” უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

            კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ წინასწარ ჩამოყალიბებული ინტერნეტით მომსახურების სტანდარტული ხელშეკრულებების მითითებული   პუნქტებით დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, შპს ”კავკასუს ონლაინი”, როგორც ინტერნეტით მომსახურების საცალო ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია შესთავაზოს მომხმარებელს მხოლოდ თანაბარი პირობები.

            5. კომისიამ აგრეთვე გამოარკვია, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” წინასწარ ჩამოყალიბებული მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული  სტანდარტული ხელშეკრულებები არ ითვალისწინებენ  მომხმარებლის ინფორმაციული უზრუნველყოფის დებულებებს, რითაც შპს ”კავკასუს ონლაინი” არღვევს ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის  შესახებ” რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.

            6.კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოქალაქე ლაშა ჭიღლაძის მიერ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისათვის გადმოგზავნილ “ევრო-1” სტანდარტული ხელშეკრულების 2.3.7 პუნქტი ითვალისწინებს შპს ”კავკასუს ონლაინის” თანამშრომლის  უფასო გამოძახებას ერთი თვის მანძილზე, ხოლო მითიტებული ვადის გასვლის შემდეგ შპს ”კავკასუს ონლაინის” თანამშრომლის ფასიან გამოძახებას.  კომისიაში, 2009 წლის 10 დეკემბერს შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ წარმოდგენილი სტანდარტული ხელშეკრულებების, მათ შორის “ევრო-1” ხელშეკრულების 2.3.7. პუნქტი ითვალისწინებს მომხმარებლის უფლებას ისარგებლოს  შპს ”კავკასუს ონლაინის” თანამშრომლის უფასო გამოძახებით, ყველა იმ შემთხვევებში, როდესაც დაზიანება გამოწვეულია შპს ”კავკასუს ონლაინის” ბრალით.

             აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით  კომსიას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ გათვალისწინებულია საკომპენსაციო მექანიზმები  მომსახურების გაწევის ხარისხის დაუცველობის შემთხვევაში და მისი მხრიდან ადგილი არა აქვს კანონმდებლობის დაღვევას.  

             საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გათვალისწინებით, კომისიას დადგენილად მიაჩნია ის ფაქტი, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მხრიდან ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული საკანონმდებლო აქტებისა და კომისიის გადაწყვეტილების დარღვევა წარმოადგენს  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საფუძველს.

             გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2009 წლის 11 დეკემბრის №674/18, გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამო, შპს შპს ”კავკასუს ონლაინი” დაჯარიმდა 270,000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით და, სახეზეა დენადი ხასიათის დარღვევა, კომისიას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე შპს ”კავკასუს ონლაინის” მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული  ჯარიმა.

           კერძოდ, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და პირველი დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში მეორე ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ  არანაკლებ 60000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.

           კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის იოსებ აბულაძის სამსახურებრივი ბარათის (07/12/2009 №10/752-09) შესაბამისად, კომისიაში წარდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების მიხედვით, შპს ”კავკასუს ონლაინის” 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავალის 3% შეადგენს 1,138,549.96 ლარს და შესაბამისად, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის  საფუძველზე, მას უნდა დაეკისროს ჯარიმა 270 000 ლარის ოდენობით.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მეორე პუნქტის ”ბ”,  და ”ზ” ქვეპუნქტების, 44-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 45-ე და 62-ე მუხლების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 395-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-4 პუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის ”გ” პუნქტის, მე-101 მუხლის, მე-11, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე, 54-ე და 167-ე მუხლების შესაბამისად,      კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, ოთხი ხმით (კომისიის წევრმა ირაკლი მოსეშვილმა თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან)

გადაწყვიტა:

1. დაჯარიმდეს შპს ”კავკასუს ონლაინი” 270 000 (ორას სამოცდათი ათასი) ლარით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მეორე პუნქტის ”ბ”  და ”ზ” ქვეპუნქტების, 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის, ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის  შესახებ” რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის ”გ” პუნქტის, მე-11 მუხლისა და კომისიის  2007 წლის 22 ივნისის  №337/22 გადაწყვეტილების მოთხოვნათა დარღვევის გამო.

 2. უზრუნველყოს  შპს ”კავკასუს ონლაინმა”  ამ გადაწყვეტილებაში მითითებული დარღვევების აღმოფხვრა და ინტერნეტით მომსახურების სტანდარტული ხელშეკრულებების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ამ გადაწყვეტილების ოფიციალურად დამოწმებული ასლის მისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

3. უზრუნველყოს შპს ”კავკასუს ონლაინმა” ჯარიმის 270 000 (ორას სამოცდათი ათასი) ლარის  საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშო დღის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნათია ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების შპს ”კავკასუს ონლაინისათვის” და მოქალაქე ლაშა ჭიღლაძისათვის გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის  შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დღიდან;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (იოსებ აბულაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კახი ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                              ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                           სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                           კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                          აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები