მოქალაქე თამარ გურჩიანის ადმინისტრაციულ საჩივარის განხილვაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 04, 2010
მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ადმინისტრაციული საჩივრით (20.11.2009 N9/59-09) მიმართა მოქალაქე თამარ გურჩიანმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2009 წლის 5 ოქტომბრის N150 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნულია შემდეგი:
2009 წლის 3 აგვისტოს მოქალაქე თამარ გურჩიანმა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მიმართა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაციის გაცემა:
1.საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხელფასისა და პრემიების ოდენობა 2008 წლის განმავლობაში (ცალ-ცალკე);
2. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა სია და თითოეული წევრის ხელფასისა და პრემიების ოდენობა 2008 წლის განმავლობაში (ცალ-ცალკე);
3. თანამშრომელთა სია და თითოეული თანამშრომლის ხელფასებზე, პრემიებსა და ჯილდოებზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2008 წლის განმავლობაში (ცალ-ცალკე);
4. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, სამეურვეო საბჭოს წევრთა და თანამშრომელთა სამივლინებო ხარჯები 2008 წლის განმავლობაში (ცალ-ცალკე);
5. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, სამეურვეო საბჭოს წევრთა და თანამშრომელთა სატელეფონო საუბრებზე (მათ შორის მობილური ტელეფონი) ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2008 წლის განმავლობაში;
6. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, სამეურვეო საბჭოს წევრთა და თანამშრომელთა მიერ სამსახურის ავტომანქანით (ავტომანქანებით) მომსახურებაზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2008 წლის განმავლობაში;
7. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, სამეურვეო საბჭოს წევრთა და თანამშრომელთა მიერ ბენზინის შესყიდვაზე დახარჯული თანხის ოდენობა 2008 წლის განმავლობაში;
8. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, სამეურვეო საბჭოს წევრთა და თანამშრომელთა მობილური ტელეფონებისა და ავტომობილების შესყიდვაზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2008 წლის განმავლობაში.
ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნულია, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილი პირის, დიმიტრი ბერძენიშვილის 2009 წლის 17 აგვისტოს N2575/02 ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით, მოქალაქე თამარ გურჩიანს მიეწოდა მხოლოდ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა სია და მათი ჯამური ჰონორარების ოდენობა. განმცხადებელს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომელთა სიის, ხელფასებისა და პრემიების ოდენობების მიწოდებაზე უარი ეთქვა, ხოლო სამივლინებო ხარჯების განმცხადებლისთვის მიწოდება მოხდა ჯამურად და არა ცალ-ცალკე.
მოქალაქე თამარ გურჩიანის მიერ, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჯარო ინფორმაციაზე უფლებამოსილი პირის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გასაჩივრებულ იქნა ზემდგომი თანამდებობის პირთან - გენერალურ დირექტორთან. როგორც ადმინისტრაციული საჩივრიდან ირკვევა, აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივარი განიხილა სამეურვეო საბჭომ, რომელმაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოთხოვნა, კერძოდ გაიცა თითოეული თანამშრომლის სამივლინებო ხარჯების თაობაზე და სამეურვეო საბჭოს წევრთა ჰონორარების შესახებ ინფორმაცია მოქალაქე თამარ გურჩიანზე, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე, 271-ე 372-ე და 441-ე მუხლების თანახმად, მოქალაქე თამარ გურჩიანს უარი ეთქვა თითოეული თანამშრომლის ხელფასის, პრემიისა და ჯილდოების ოდენობების მიწოდებაზე.
მოთხოვნა:
1. კომისიამ ნაწილობრივ ბათილად ცნოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2009 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება N150 საჯარო ინფორმაციაზე უარის თქმის ნაწილში;
2. კომისიამ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ დაავალოს ქმედების განხორციელება, კერძოდ მოქალაქე თამარ გურჩიანის განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა.
კომისია აღნიშნავს, რომ მოქალქე თამარ გურჩიანის ადმინისტრაციულ საჩივარზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის დღიდან (2009 წლის 20 ნოემბერი), როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 179-ე მუხლის პირველი ნაწილით. კომისიამ შეისწავლა ადმინისტრაციული საჩივირის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 181-ე და 182-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. შესწავლის პროცესში გამოვლინდა, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ზ) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას და საჭირო გახდეს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმა.
გარდა ამისა, უნდა გარკვეულიყო, კომისია წარმოადგენს თუ არა ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.
შესაბამისად, აღნიშნული გარემოების განხილვის გარეშე, კომისიამ მიიჩნია, რომ ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას, ვინაიდან თუ დადგინდებოდა, რომ კომისია წარმოადგენს ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, მის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ჩაითვლებოდა არარა ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად, გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტიდან. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში 30 დღის განმავლობაში.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ზ) პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ამავე დროს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით. ამავე დროს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
კომისია აღნიშნავს, რომ მოქალაქე თამარ გურჩიანის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლიდან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 194-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კომისიაში წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი და თანდართული დოკუმენტაცია გადაეგზავნა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შეტყობინებით და ეთხოვა საკუთარი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მოქალაქე თამარ გურჩიანს, მის წარმომადგენლებს: ანა შალამბერიძეს და თათული თოდუას, გაეგზავნათ შეტყობინებები (14.12.2009 N03/2934-09, N03/2935-09, N03/2936-09), ეცნობათ კომისიის სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ და ისინი მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციული წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხის სათაურად განისაზღვრა მოქალაქე თამარ გურჩიანის მიერ კომისიაში წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული საკითხის განხილვა, ანუ კომისიამ თავი შეიკავა ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით პირდაპირ ზეპირი მოსმენის სხდომის ჩანიშვნისგან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 198-ე მუხლის შესაბამისად. კომისიის სხდომის გამართვის ძირითად მიზნად განისაზღვრა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძვლების შესწავლა და გამოკვლევა, ამავდროულად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 98-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნების დაცვა და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში 2009 წლის 15 დეკემბერს (15.12.2009 N6/3845-09), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 195-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შეპასუხება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოქალაქე თამარ გურჩიანის ადმინისტრაციული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან გასულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ერთთვიანი ვადა, ვინაიდან მოქალაქე თამარ გურჩიანს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2009 წლის 5 ოქტომბრის N150 გადაწყვეტილება, ჩაბარდა 2009 წლის 16 ოქტომბერს, ხოლო მის მიერ კომისიაში ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ იქნა 2009 წლის 20 ნოემბერს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არ იზიარებს ადმინისტრაციულ საჩივარში მოყვანილ არგუმენტაციას ვინაიდან, მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს ინფორმაცია, მაგრამ კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, ხოლო ასეთი აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოქალაქე თამარ გურჩიანის მიერ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ წარდგენილი არ ყოფილა. ამავე დროს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ მიერ მტკიცებულების სახით ასევე წარმოდგენილია ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება (მოსამართლე ნანა დარასელია), რომლის შესაბამისადაც ანალოგიურ დავაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ასევე აღნიშნავს, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის (რომელიც მოიცავს ინფორმაციას ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების განკარგვის, სახელფასო ფონდის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარჯების და ა.შ) და მაუწყებლის თანამშრომლების ხელფასების შესახებ. საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ღიაა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის, მაგრამ თანამშრომლების ხელფასების შესახებ ინფორმაციის გაცემა ვერ განხორციელდება მათი თანხმობის გარეშე.
მოთხოვნები:
1. ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, განუხილველად დარჩეს მოქალაქე თამარ გურჩიანის ადმინისტრაციული საჩივარი;
2. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შემთხვევაში, უარი ეთქვას მოქალაქე თამარ გურჩიანს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე;
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი დიმიტრი ბერძენიშვილი, რომელსაც მინიჭებული აქვს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 195-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მოქალაქე თამარ გურჩიანის წარმომადგენლები თათული თოდუა და ანა შალამბერიძე.
კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2009 წლის 5 ოქტომბრის N150 გადაწყვეტილება, მოქალაქე თამარ გურჩიანს ჩაბარდა 2009 წლის 16 ოქტომბერს. აღნიშნულს ადასტურებს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილის ასლი თანდართული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, რომელზედაც ფიქსირდება აღნიშნული წერილისა და თანდართული გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღი 2009 წლის 16 ოქტომბერი და ასევე ა. ტაბიძის ხელმოწერა, რომელიც ადასტურებს აღნიშნულის ჩაბარების ფაქტს. კომისია განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარში მოქალაქე თამარ გურჩიანის, ასევე მისი წარმომადგენლების ანა შალამბერიძის და თათული თოდუას მიერ მითითებულა მისამართი: ქ.თბილისი კრილოვის ქ.N15. აღნიშნულ მისამართზე მდებარეობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სწორედ აღნიშნულ მისამართზე იქნა გაგზავნილი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ სამეურვეო საბჭოს 2009 წლის 5 ოქტომბრის N150 გადაწყვეტილება, ხოლო ა.ტაბიძე წარმოადგენს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კანცელარიის თანამშრომელს, რომელსაც ჩაბარდა აღნიშნული გადაწყვეტილება. ეს გარემოება ასევე დადასტურებულ იქნა კომისიის სხდომაზე მოქალაქე თამარ გურჩიანის წარმომადგენლების ანა შალამბერიძის და თათული თოდუას მიერ.
კომისია აღნიშნავს, რომ მოქალაქე თამარ გურჩიანის მიერ კომისიაში ადმინისტრაციული საჩივარი წარმოდგენილ იქნა 2009 წლის 20 ნოემბერს (რეგისტრაციის N9/59-09). აღნიშნული შეიძლება წარმოადგენდეს, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საჩივრის კომისიაში წარდენის ვადის, ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გასაჩივრების 30 დღიანი ვადის გაშვებას, რაც როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის თაობაზე შემოსული ადმინისტრაციული საჩივრის (ასევე საჩივრის) განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
კომისიის სხდომაზე, მოქალაქე თამარ გურჩიანის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი მოქალაქე თამარ გურჩიანის მიერ ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილ იქნა კომისიაში 2009 წლის 16 ნოებმერს. შესაბამისად, დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნა, ადმინისტრაციული საჩივრის ერთი თვის ვადაში წარდგენასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადის გამოთვლისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69-ე მუხლებით დადგენილი წესი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ამავე დროს, მოქალაქე თამარ გურჩიანის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ არ ჩაბარებიათ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შეპასუხების ასლი და შესაბამისად, მათ მიერ კომისიის 2009 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკუთარი არგუმენტაცია და დამატებითი მტკიცებულებები სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შეპასუხებასთან დაკავშირებით. მოქალაქე თამარ გურჩიანის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 თავით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ზეპირი მოსმენის ჩატარება, რომელიც ტარდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 თავით დადგენილი წესით. ამავე დროს, წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომისიას მიაჩნდა, რომ არსებობდა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი, მას გადაწყვეტილება უნდა მიეღო 5 დღის ვადაში, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც არ განხორციელებულა კომისიის მიერ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და მოქალაქე თამარ გურჩიანის წარმომადგენლების პოზიციასთან დაკავშირებით, კომისიის მიერ 2009 წლის 18 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N685/16, სადაც კომისიამ განმარტა, რომ:
1. საქართელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 თავით მართლაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების ვალდებულება, ამავე კოდექსის მე-8 თავით დადგენილი წესით, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი, გათვალისწინებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საჩივარი ზეპირი მოსმენის გაუმართავად. კომისიას მიაჩნია, რომ გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის პირველი ნაწილის და 98-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულებებიდან, ზეპირი მოსმენის სხდომის დანიშვნამდე, კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებისა და მოქალაქე თამარ გურჩიანის კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, კომისიაში წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დასაშვებობის საკითხი უნდა განიხილოს მოდავე მხარეთა მონაწილეობით. ზეპირი მოსმენა გაიმართება იმ შემთხვევაში, თუ დასაშვებად იქნება ცნობილი კომისიაში წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, მოიხსნება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძვლები და კომისია შეუდგება ადმინისტრაციული საჩივრის არსებით განხილვას.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში. მოქალქე თამარ გურჩიანის ადმინისტრაციული საჩივარი კომისიის მიერ წარმოებაში მიღებულ იქნა 2009 წლის 20 ნოემბერს (რეგისტრაციის N 9/59-09) და მასთან დაკავშირებით, კომისიაში, მარტივი ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის დღიდან, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის შესაბამისადაც, ადმინისტრაციული წარმოება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე იწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. ამდენად, კომისიის მიერ არ გაშვებულა 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 5 დღიანი ვადა, რაც დადგენილია ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტისთვის და არა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისთვის.
კომისიის 2009 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე, მოქალაქე თამარ გურჩიანის წარმომადგენლებს გადაეცათ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ წარმოდგენილი შეპასუხება და კომისიის მიერ მათთვის შეთავაზებულ იქნა დამატებითი ვადა საკუთარი პოზიციის კომისიაში წარმოსადგენად, ასევე იმ მტკიცებულების წარმოსადგენად, რომელიც დაადასტურებდა მათ მიერ საფოსტო დაწესებულებისთვის ადმინისტრაციული საჩივრის 2009 წლის 16 ნოემბერს ჩაბარების ფაქტს. კომისიის აღნიშნული წინადადება გაზიარებულ იქნა მოქალაქე თამარ გურჩიანის წარმომადგენლების მიერ.
კომისია დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ. ამ შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე მეტი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 7 დღისა და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს; თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვით.
კომისიამ ასევე განმარტავს, რომ კომისიის მიერ ვერ იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან არაუმეტეს 7 დღისა, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოება როგორც აღვნიშნეთ კომისიაში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 თავით დადგენილი წესით, კოლეგიურად, დაიწყო განცხადების რეგისტრაციისთანავე და კომისიის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული შესაბამისი საქმის მასალების შესწავლის, ასევე მხარეთა პოზიციებისა და ახსნა განმარტებების მოსმენის გარეშე. გადაწყვეტილება მხარეთა მონაწილეობით რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში ვერ იქნებოდა მიღებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით, 85-ე მუხლის პირველი ნაწილით, 195-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 196-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადებისა და პროცედურების დარღვევის გარეშე, ამ შემთხვევაში კი დაირღვეოდა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების დადგენისა და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის საჭიროება, სწორედ მხარეთა არგუმენტაციისა და ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ გამოვლინდა.
კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან ადმინისტრაციული საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძვლების გამორიცხვა, წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას და ამ საკითხის გარკვევის გარეშე, კომისია მოკლებული იქნება შესაძლებლობას არსებითად განიხილოს ადმინისტრაციული საჩივარი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, კომისიმ მიიჩნია, რომ მოდავე მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია გაგრძელდეს აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა 1 თვით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 და 183-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექის მე-13, 53-ე, 76-ე, 98-ე, მე-100, 178-ე, 179-ე, 181-ე, 182-ე, 183-ე, 185-ე, 198-ე 199-ე მუხლების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 201-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და VII თავის შესაბამისად, კომისიამ, 2009 წლის 18 დეკემბრის N695/16 გადაწყვეტილების შესაბამისად, გააგრძელა მოქალაქე თამარ გურჩიანის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა, ერთი თვით 2010 წლის 18 იანვრამდე, ხოლო მოქალაქე თამარ გურჩიანის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადადო 2009 წლის 25 დეკემბრის 16:00 საათზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი დიმიტრი ბერძენიშვილი და მოქალაქე თამარ გურჩიანის წარმომადგენლები თათული თოდუა და ანა შალამბერიძე.
კომისია აღნიშნავს, რომ მოქალაქე თამარ გურჩიანის წარმომადგენლების თათული თოდუასა და ანა შალამბერიძის მიერ კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა მოსაზრებები, მოქალაქე თამარ გურჩიანის ადმინისტრაციული საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, სადაც აღნიშნულია, რომ მოქალაქე თამარ გურჩიანის ადმინისტრაციული საჩივარი ჩაბარდა შპს „საქართველოს ფოსტას“ 2009 წლის 16 ნოემბერს აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიმართ 2009 წლის 25 დეკემბერს გაგზავნილი შპს „საქართველოს ფოსტის“ წერილი N15-30-386/1 რომელშიც აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 2009 წლის 16 ნოემბერს გაგზავნილ იქნა მოქალაქე თამარ გურჩიანის ადმინისტრაციული საჩივარი შეკვეთილი წერილით N153, მისამართით: ქ.თბილისი 0177, ყაზბეგის გამზირი N42, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ვიანიდან კომისია აღნიშნული პერიოდისთვის გადასული იყო ახალ მისამართზე, ქ.თბილისი 0144 ბოჭორმის ქ.50/18, 77-ე საფოსტო განყოფილების მიერ, აღნიშნული წერილი გადაგზავნილ იქნა ახალ მისამართზე და ადრესატს ჩაბარდა 2009 წლის 20 ნოემბერს. აღნიშნული მტკიცებულება თან დაერთო საქმეს და ასლი გადაეცა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“.
განმცხადებლები ასევე აღნიშნავენ, რომ კომისიისთვის ადმინისტრაციული საჩივრით მიმართვა განპირობებული იყო “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამდებობის პირის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში 30 დღის განმავლობაში ან სასამართლოში 6 თვის ვადაში. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში 30 დღის განმავლობაში. განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ლიცენზიის მფლობელის და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს, მხოლოდ კომისია გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლრბამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. განმცხადებლების აზრით მოცემული ნორმები ადასტურებენ, რომ კომისია უფლებამოსილია განიხილოს ის ადმინისტრაციული საჩივრები, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებებს შეეხება.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადის გამოთვლისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69-ე მუხლებით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2009 წლს 5 ოქტომბრის N150 გადაწყვეტილების გასაჩივრების ბოლო დღეს წარმოადგენდა 2009 წლის 15 ნოემბერი, რომელიც დაემთხვა დასვენების დღეს - კვირას. მოქალაქე თამარ გურჩიანის მიერ საფოსტო დაწესებულებისთვის ადმინისტრაციული საჩივარი ჩაბარებულ იქნა 2009 წლის 16 ნოემბერს - ორშაბათს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მოქალაქე თამარ გურჩიანის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი უნდა ჩაითვალოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლით დადგენილ ვადაში წარმოდგენილად. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ზ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი; ამავე დროს, დაცულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებების კომისიაში გასაჩივრების 30 დღიანი ვადა.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ორგანოებია: სამეურვეო საბჭო და გენერალური დირექტორი.
კომისია აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ) პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლობა განმარტებულია, როგორც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას (შემდგომში – საზოგადოებრივი მაუწყებელი), მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომლის მიზანია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება საზოგადოებისათვის; ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ კომისია არ წარმოადგენს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს და შესაბამისად, არ არის უფლებამოსილი განიხილოს ადმინისტრაციული საჩივარი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში 30 დღის განმავლობაში. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების კომისიაში გასაჩივრების წესი ასევე გათვალისწინებულია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2009 წლის 5 ოქტომბრის N150 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე დაინტერესებულ მხარეს მართალია უფლება აქვს გაასაჩივროს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება კომისიაში, მაგრამ აღნიშნული გასაჩივრება არ გულისხმობს კომისიაში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენას, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ვინაიდან სწორედ აღნიშნული კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განმარტავს ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, ითვალისწინებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები ცალკე არის მოწესრიგებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 თავით და 179-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული წარმოება ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად დაიწყება მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. გარდა ზემოაღნიშნულისა, კომისიამ უნდა გაითვალისწინოს აგრეთვე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კომისიის ფუნქციები და სპეციალური უფლებამოსილება, რაც „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის გ) ქვეპუნქტითა და მე-5 მუხლის შესაბამისად, სწორედ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლებრივი დახმარების ვალდებულებას. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ.
მოქალაქე თამარ გურჩიანის მიერ კომისიაში წარდგენილია ადმინისტრაციული საჩივარი, რასაც ადასტურებს თავად განცხადების ფორმა და შინაარსი. ამავე დროს, აღნიშნულის დაზუსტება არაერთხელ მოხდა კომისიის როგორც 2009 წლის 18 დეკემბრის, ასევე 2009 წლის 25 დეკემბრის კომისიის სხდომაზე მოქალაქე თამარ გურჩიანის წარმომადგენლების ანა შალამბერიძისა და თათული დოლიძის მიერ.
კომისიის 2009 წლის 25 დეკემბრის კომისიის სხდომაზე, მოქალაქე თამარ გურჩიანის წარმომადგენლებს განემარტათ, რომ კომისია არ წარმოადგენს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ზემდგომ ადმინისტრაციული ორგანოს და შესაბამისად, იგი არ არის უფლებამოსილი განიხილოს ადმინისტრაციული საჩივარი, მაგრამ ამავე დროს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2009 წლის 5 ოქტომბრის N150 გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე თამარ გურჩიანის წარმომადგენლების მიერ დაზუსტდება მოთხოვნა და ისინი მოითხოვენ არა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვას გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავიდან, არამედ საკითხის განხილვას გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტიდან.
მოქალაქე თამარ გურჩიანის წარმომადგენლების მიერ არ იქნა დაზუსტებული მოთხოვნა, კერძოდ, მათ განაცხადეს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც დაკავშირებულია სსიპ „საზოგადოებრივი საბჭოს“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებასთან, რაც კომისიის მიერ არ იქნა გაზიარებული ზემოაღნიშნული გარემოებების გამო.
კომისია დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება ბათილად, თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უარი უნდა ეთქვას მოქალაქე თამარ გურჩიანს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის გათვალისწინებით , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 76-ე, 85-ე, 96-ე, 98-ე, მე-100, 178-ე, 179-ე, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილისდა VII თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. უარი ეთქვას მოქალაქე თამარ გურჩიანს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, მოქალაქე თამარ გურჩიანისა და მისი წარმომადგენლებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა, დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
