,,შპს ,,ინტელ ფონის” განცხადების განუხილველად დატოვებისა და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ” საკითხის განხილვის გადადებისა და ხარვეზის შესავსებად შპს ,,ინტელ ფონისთვის” ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2010
მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ,,ინტელ ფონის” სახელით დავით თუშიშვილმა განცხადებით (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №6/3619-09 30.11.09) მიმართა კომისიას შპს ,,ინტელ ფონისა” და სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს” შორის არსებული უთანხმოების თაობაზე და მოითხოვა კომისიას მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება (მოთხოვნის სტილი დაცულია).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე შეამოწმა აღნიშნული განცხადების ამავე კოდექსის 78-ე მუხლითა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა და გამოარკვია, რომ ის არ აკმაყოფილებდა აღნიშნული ნორმების მოთხოვნებს. კერძოდ, არ იყო წარმოდგენილი დავით თუშიშვილის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთანავე, კომისიის უწყებრივ რეესტრში 2009 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად არ იყო დარეგისტრირებული დავით თუშიშვილი. ამავე დროს, განცხადებაში არ იყო მითითებული კონკრეტული მოთხოვნა, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზედაც განმცხადებელი ამყარებდა მოთხოვნას, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. აღნიშნული დებულების საფუძველზე, კომისიამ განმცხადებელს მოთხოვნის დასაზუსტებლად და დამატებითი ინფორმაციის (დოკუმენტის) წარმოსადგენად განუსაზღვრა ვადა 2009 წლის 11 დეკემბრამდე, რის თაობაზეც მას ეცნობა კომისიის 2009 წლის 4 დეკემბერის № 03/2865-09 წერილით. განმცხადებელს, ასევე ეცნობა, რომ მის მიერ დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება და თუ დადგენილ ვადაში ის არ წარმოადგენდა შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია უფლებამოსილი იქნებოდა გამოეტანა გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 4 დეკემბერის № 03/2865-09 წერილით განმცხადებელს, ასევე განემარტა, რომ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავის შემთხვევაში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, რისთვისაც კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) განმცხადებლის გვარი, სახელი, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – სამეწარმეო რეესტრის ან დაფუძნების აქტის მონაცემები, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში);
ბ) წარმომადგენლის გვარი, სახელი და საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), თუ განცხადება შეაქვს წარმომადგენელს;
გ) იმ პირის დასახელება, რომლის წინააღმდეგაც შეტანილია განცხადება;
დ) განმცხადებლის მოთხოვნა;
ე) ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს განმცხადებელი თავის მოთხოვნას;
ვ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.
ამასთანავე, განცხადებას უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის მიუხედავად განმცხადებელმა კომისიაში არ წარმოადგინა წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, ასევე არ დააკონკრეტა მოთხოვნა და ფაქტობრივი გარემოებები, არ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად განცხადება განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული, ხოლო წარმოდგენილ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყვეტილიყო.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ინტელ ფონის” განცხადების განუხილველად დატოვებისა და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 25 დეკემბერს, რის თაობაზე შეტყობინებით ეცნობა შპს ,,ინტელ ფონს” და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 25 დეკემბერს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ინტელ ფონის” დირექტორი დავით თუშიშვილი და მისი წარმომადგენელი კ.ბობოხიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ის ეთანხმება კომისიას იმის თაობაზე, რომ შპს ,,ინტელ ფონის” კომისიაში წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ითხოვა ერთკვირიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. კომპანიის წარმომადგენელმა, ასევე განმარტა, რომ იურისტის არ ყოლის გამო კომპანიამ ვერ შეძლო კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შევსება.
კომისია აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ინტელ ფონს” არ ყავდა იურისტი და კომპანიამ ხარვეზის შევსებისა და კომისიაში საქმის წარმოების მიზნით დაიქირავა იურისტი, ამასთანავე შპს ,,ინტელ ფონს” არ დაუკარგავს განცხადების განხილვის ინტერესი, რასაც ადასტურებს კომპანიას დირექტორისა და მისი წარმომადგენლის კომისიის სხდომაზე გამოცხადება, მათ მიერ მიცემული ახსნა-განმარტება და შუამდგომლობა ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომისია, მისი ფუნქციებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მოთხოვნისა და ფაქტობრივი გარემოებების დასაკონკრეტებლად, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და დამატებითი ინფორმაციის (დოკუმენტის) წარმოსადგენად შპს ,,ინტელ ფონს” უნდა მიეცეს ახალი ვადა 2010 წლის 16 იანვრამდე. ამასთანავე განმცხადებელს სხდომაზევე განემარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ჩაითვლება და თუ დადგენილ ვადაში ის არ დააკონკრეტებს მოთხოვნასა და ფაქტობრივ გარემოებებს, არ წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს, კომისია უფლებამოსილი იქნება გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის, 105-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედაგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ინტელ ფონის” შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,ინტელ ფონს” განცხადების კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მიეცეს ვადა 2010 წლის 16 იანვრამდე;
3. განცხადების განუხილველად დატოვებისა და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა განახლდეს 2009 წლის 29 იანვარს, 16 საათზე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ინტელ ფონისათვის” და მისი წარმომადგენლისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა, დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
