სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ქმედების განხორციელების დავალდებულების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 13, 2010
მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2009 წლის 18 დეკემბერს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000031, შედგენილი 2009 წლის 18 დეკემბერს ქ.თბილისში, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2009 წლის 8 დეკემბრის წერილით N8-14/1584 სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ადასტურებს, რომ იგი სარგებლობს ნუმერაციის რესურსით 947XXX, რომელიც ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N N50 ლიცენზიის საფუძველზე ეკუთვნის შპს „საქაერონავიგაციას“ 2012 წლის 29 ნოემბრამდე. შესაბამისად, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ აღნიშნული ნუმერაციის რესურსს იყენებს ლიცენზიის გარეშე.
სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მ.გოთოშია და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ლ.გიორგაძე
სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულია სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ წარმომადგენელი არ ეთანხმება სამართალდარღვევის ოქმს.
სამართალდარღვევის ოქმს თანდართული აქვს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წერილი N8-14/1584, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: „თქვენი 2009 წლის 27.11.2009 წლის N05/2823-09 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ როგორც თქვენთვის ცნობილია, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ 2008 წლიდან სარგებლობს 947XXX ნუმერაციის რესურსით.“
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2009 წლის 18 დეკემბერს, რომელიც კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა იმავე დღეს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2009 წლის 25 დეკემბრის 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2009 წლის 21 დეკემბერს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” (21.12.2009 N03/2972-09). სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება, აგრეთვე ის, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 25 დეკემბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელი.
კომისიის სხდომაზე სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა და აღნიშნა, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ნუმერაციის რესურსით 947XXX სარგებლობს 2008 წლიდან და აღნიშნული ცნობილი უნდა ყოფილიყო კომისიისთვის, ვინაიდან სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ კომისიაში ყოველთვიურად ხდება ტრაფიკის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა (CDR-ები), სადაც დაფიქსირებულია სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ ნუმერაციის რესურსით 947XXX სარგებლობის ფაქტი. შესაბამისად, გასულია ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისთვის დადგენილი 2 თვიანი ხანდაზმულობის ვადა და სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
კომისა აღნიშნავს, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ზემოაღნიშნული შუამდგომლობიდან გამომდინარე, საკითხის განხილვა გადაიდო 2009 წლის 30 დეკემბრისთვის და კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ წარმოდგენილი CDR-ების გადამოწმება, კერძოდ ფიქსირდება თუ არა ნუმერაციის რესურსი 947XXX სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ წარმოდგენილ CDR-ებში.
საკითხის განხილვა გაიმართა 2009 წლის 30 დეკემბერს, რომელსაც ესწრებოდა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელი.
კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ 2008 წლიდან წარმოდგენილ CDR-ებში დაფიქსირებულია სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ ნუმერაციის რესურსი 947XXX სარგებლობის ფაქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000030 ოქმისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. სს „გაერთიანებული ტელეკომი“ 2008 წლიდან სარგებლობს ნუმერაციის რესურსით 947XXX, რაც დასტურდება როგორც სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული განცხადებით, ასევე სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი CDR-ებით და სს “გაერთიანებული ტელეკომის“ N8-14/1584 წერილით.
2. ნუმერაციის რესურსი 947XXX ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N N50 ლიცენზიის საფუძველზე ეკუთვნის შპს „საქაერონავიგაციას“.
3. შპს „საქაერონავიგაციას“ კომისიისთვის არ მოუმართავს ნუმერაციის რესურით სარგებლობის N N50 ლიცენზიის სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ გადაპირების თაობაზე.
4. საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების სხვა პირის სასარგებლოდ დათმობის არანაირი დოკუმენტი.
5. საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან. გამომდინარე იქიდან, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა წარმოადგენს დენადი ხასიათის სამართალდარღვევას და მისი გამოვლენა უნდა მომხდარიყო კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2008 წლიდან სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი CDR-ების ანალიზის დროს, გასულია ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „გაერთიანებულ ტელეკომის“ მიმართ უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების, კერძოდ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ ასევე განემარტა, რომ მან დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამართალდარღვევის განგრძობა და ნუმერაციის რესურსით 947XXX არამართლზომიერი სარგებლობა. ამასთან, კომისიის აზრით, მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ უნდა მიეცეს 10 სამუშაო დღე, რათა უზრუნველყოს მომხარებელთა ინფორმირება სატელეფონო ნომრების შეცვლასთან დაკავშირებით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის, 228-მუხლის, 232-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს სს ”გაერთიანებულ ტელეკომისთვის” ადმინისტრაციული სახდელის დადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო;
2. უზრუნველყოს სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ სამართალდარღვევის განგრძობისა და ნუმერაციის რესურსით 947XXX არამართლზომიერი სარგებლობის შეწყვეტა.
3. უზრუნველყოს სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ 10 სამუშაო დღის ვადაში მომხმარებლების ინფორმირება სატელეფონო ნომრების შეცვლასთან დაკავშირებით და 947XXX ნუმერაციის რესურსის გამოთავისუფლება.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
5. გადაწყვეტილება (მე-3 პუნქტის გარდა) შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 10 დღის ვადაში;
6. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესარულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ.გოთოშია);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი. მოსეშვილი
