საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილების არარა ადმინისტრაციულ აქტად ცნობის შესახებ შპს ”საბატელის” განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2009
მიღების თარიღი თებერვალი 20, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”), აღნიშნავს, რომ 2008 წლის 09 დეკემბერს, შპს ”საბატელმა” განცხადებით მიმართა კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის №6/2841-68) და მოითხოვა კომისიის მიერ კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილების არარა ადმინისტრაციულ აქტად ცნობა, რომლითაც შპს ”აჭარის ელექტროკავშირს”, შპს ”საბატელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების დროებით შეჩერებაზე მიეცა თანხმობა.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 75-ე მუხლის ”ე” პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული იქნა შპს ”აჭარის ელექტროკავშირი”, როგორც დაინტერესებული მხარე და გადაეზავნა შპს ”საბატელის” მიერ წარმოდგენილი განცხადება, დანართებთან ერთად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საბატელი-ს” განცხადებაში წარმოდგენილი იყო ერთი მოთხოვნა, კერძოდ განმცხადებელი მოითხოვდა, რომ კომისიის მიერ არარა ადმინისტრაციულ აქტად ყოფილიყო ცნობილი კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საბატელის” გამოუცხადებლობის გამო, საკითხის განხილვა გადაიდო 2009 წლის 16 იანვრისათვის. სხდომის დღე განმცხადებელს და დაინტერესებულ პირს, ეცნობათ 2009 წლის 9 იანვრის №02/10-09 და №02/09-09 წერილებით. სხდომა კვლავ გადაიდო 2009 წლის 27 იანვრისათვის, რის შესახებ ეცნობათ შპს ”საბატელს” და დაინტერესებულ მხარეს 2009 წლის 21 იანვრის №03/41-09 და №03/42-09 წერილებით.
კომისიის სხდომა გადაიდო, რამოდენიმეჯერ (2009 წლის 6 და შემდგომ 20 თებერვლისათვის) განმცხადებლის გამოუცხადებლობის გამო. 2009 წლის 6 თებერვლის სხდომაზე, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება №29/11 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილების არარა ადმინისტრაციულ აქტად ცნობის შესახებ შპს ”საბატელს” განცხადების განხილვის გადადების შესახებ და საკითხის განხილვა ჩაინიშნა 2009 წლის 20 თებერვალს. ამავდროულად, განმცხადებელს, ისევე როგორც შპს ”აჭარის ელექტროკავშირს”, 2009 წლის 9 თებერვლის №03/149-09 წერილით ეცნობათ, რომ შპს ”საბატელის” განმეორებით არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოხდებოდა შპს ”საბატელის” განცხადების განხილვა, მისი დასწრების გარეშე.
შპს ”საბატელის” განცხადების განხილვა გაიმართა 2009 წლის 20 თებერვალს. სხდომაზე გამოცხადდა შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” უფლებამოსილი წარმომადგენელი. შპს ”საბატელის” წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა კვლავ.
კომისიამ, როგორც 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილების გამომცემმა ორგანომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, განიხილა შპს ”საბატელის” განცხადება არსებითად.
კომისიამ, 2009 წლის 20 თებერვლის სხდომაზევე, შეისწავლა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის შეფასებები და მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს ”საბატელის” მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
შპს ”საბატელის” განცხადებაში მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებულია შემდეგი გარემოებები:
ა) ადმინისტრაციული წარმოებისას, კომისიამ არ გამოიკვლია ის ხელშეკრულებები, საიდანაც მომდინარეობდა შპს ”საბატელის” მიერ აღიარებული დავალიანება, რაც განმცხადებლის მოსაზრებით წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევას, კერძოდ მათი მოსაზრებით მოხდა მტკიცებულებების არასათანადო და არასრული გამკვლევა;
ბ) შპს ”საბატელის” მიერ აღიარებული დავალიანება წარმოადგენდა დავალიანებას არა შპს ”აჭარის ელექტროკავშირის”, არამედ აჭარის კავშირგაბმულობის და ფოსტის სამინისტროს მიმართ და არ იყო წარმოშობილი ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ურთიერთობებიდან. შესაბამისად, შპს ”საბატელი” მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ განხილულ იქნა დავა, რომელიც ურთიერთჩართვასთან არ იყო დაკავშირებული, რაც კომისიის კომპეტენციას სცილდებოდა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” პუნქტის შესაბამისად, შპს ”საბატელს” ანიჭებს უფლებას მოითხოვოს კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილების, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის არარა ადმინისტრაციულ აქტად ცნობა.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად არარა აქტად ითვლება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თუ:
ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა;
ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ;
გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო;
დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
კომისიას მიაჩნია, რომ განმცხადებლის მიერ განცხადებაში წარმოდგენილი პირველი საფუძველი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა ადმინისტრაციულ აქტად ცნობის საფუძველს და არ არის წარმოდგენილი დასაბუთება და არც შესაბამისი მტკიცებულებები, თუ რატომ მიიჩნია შპს ”საბატელმა” კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით მიღებულად.
რაც შეეხება მეორე საფუძველს, კომისია დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1. შპს ”საბატელს” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” შორის 2005 წლის 01 აპრილიდან ძალაშია ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რომლიდან გამომდინარეც, მხარეებს შორის ხდებოდა მომსახურების მიწოდება და მომსახურების თანხების დარიცხვა;
2. 2006 წლის 13 ოქტომბერს, კომისიის N 437/16 გადაწყვეტილებით შეწყდა დავა შპს ”აჭარის ელექტროკავშირსა” და შპს ” საბატელს” შორის შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” დირექტორის განცხადების საფუძველზე, ვინაიდან შპს ”აჭარის ელექტროკავშირსა” და შპს ”საბატელს” შორის 2006 წლის 11 ოქტომბერს დადებული იქნა შეთანხმების ოქმი №46/11, რომლის თანახმადაც, შპს ”საბატელი” აღიარებდა შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიმართ დაგროვილ დავალიანებას, რაც 2006 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საურავთან ერთად შეადგენდა 102480,83 ლარს. ოქმს თან ერთვოდა ძველი დავალიანების გადახდის გრაფიკი, რაც შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იყო. შპს ”საბატელმა” აიღო ვალდებულება, 2006 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული ვადაგადაცილებული დავალიანება - 90249,89 ლარი, დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელებთან ერთად.
3. შპს ”საბატელის” დავალიანება წარმოშობილი იყო 2005 წლის 01 მარტის ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან და როგორც კომისიის 2006 წლის 13 ოქტომბრის N 437/16 გადაწყვეტილების (2006 წლის 13 ოქტომბრის სხდომის ოქმის №59), ასევე 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილების მიღებისას (2007 წლის 30 ნოემბრის ოქმი №75), შპს ”საბატელი” უდავოდ მიიჩნევდა ურთიერთჩართვის მომსახურებიდან წარმოშობილი დავალიანების არსებობის ფაქტს;
4. შპს ”საბატელის” მიერ განცხადებაში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული არგუმენტები, არ იქნა გაზიარებული არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ: კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილება, როგორც თბილისის საქალაქო, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დასაბუთებულად და კანონის შესაბამისად იქნა ჩათვლილი.
კომისია, მიუთითებს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის ”ვ” პუნქტზე, რომლის შესაბამისად, კომისიის ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, ”ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება ხორციელდება კომისიის მიერ. ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კომისია რიგი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, გასცემს თანხმობას ურთიერთჩართვის შეჩერებაზე.
კომისია მიიჩნევს, რომ ამ ორ ავტორიზებულ პირს შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვა და შპს ”საბატელისათვის” მისაღები ან/და მათი ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება, სწორედ კომისიის უფლებამოსილებას განეკუთვნება, ხოლო რამდენად სწორია ან არასწორი კომისიის გადაწყვეტილება, ან რამდენად სწორად ან არასწორად მოხდა გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვანი გარემობების გამოკვლევა, ამასთან დაკავშირებით, მხარე დავობს სასამართლო წესით, და შესაბამისად სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, იქნება სავალდებულო შესასრულებლად ყველა მხარისათვის. ამგვარად, კომისია ვერ გაიზიარებს განმცხადებელი მხარის მიერ კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილების, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული აქტის არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ცნობისათვის წარმოდგენილ არგუმენტაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 და მე-19 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, მე-60, მე-100 და 103-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს შპს ”საბატელის” განცხადება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილების არარა ადმინისტრაციულ აქტად ცნობის შესახებ, უსაფუძვლობის გამო;
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
3. გადაწყვეტილება, შესაძლებელია გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაშია მხარეებისთვის მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან.
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი: ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის მოვალეობის
შემსრულებლები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
