შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობასა და საკაბელო შახტებთან დაშვების შეზღუდვასთან დაკავშირებული დავის განხილვის დღის დანიშვნის
გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2009
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა”, სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ დავის განხილვის მოთხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მხრიდან ადგილი აქვს კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობასა და საკაბელო შახტებთან დაშვების შეზღუდვას. განმცხადებელი, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელი” აღნიშნავს, რომ სს ”გაერთიანებულ ტელეკომთან” გაფორმებულ საკაბელო შახტებთან დაშვების ხელშეკრულებას მოქმედების ვადა ამოეწურა და განმცხადებლის მხრიდან ოფერტის პირობებზე დათანხმების მიუხედავად, სს ”გაერთიანებული ტელეკომი” არ აფორმებს ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებას შპს „კავკასიის ციფრულ ქსელებთან“.
მოთხოვნა:
1. დაევალოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელებთან“ გააფორმოს საკაბელო შახტებთან დაშვების ხელშეკრულება;
2. მიეცეს გაფრთხილება სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის;
კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 25 თებერვალს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებით ეცნობათ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელებს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“. სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ ასევე ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი ახლნა-განმარტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2009 წლის 24 თებერვლამდე.
მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“-ს უფლებამოსილი წარმომადგენლები.
სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს “კავკასიის ციფრული ქსელთან” საკაბელო შახტებთან დაშვების ხელშეკრულების გაფორმების დამაბრკოლებელ ერთადერთ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს” სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინაშე ერიცხება დავალიანება, რომელიც გამომდინარეობს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ შპს “კავკასიის ციფრულ ქსელების”-თვის 2004-2005 წლებში სხვადასხვა სახის მომსახურებიდან და შესაბამისად, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ გამოქვეყნებული ოფერტის პირობებიდან გამომდინარე, ავტორიზებულ პირთან ახალი სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის დამყარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი აკმაყოფილებს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ გამოქვეყნებული ოფერტის პირობებს სრულად.
სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე წარმოადგინა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მხარეთა შორის მიმდინარე სამოქალაქო დავაზე, შპს “კავკასიის ციფრულ ქსელების” მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტება, სადაც შპს “კავკასიის ციფრულ ქსელები” აღიარებს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინაშე, ამ უკანასკნელის მიერ სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევიდან გამომდინარე დაგროვილ დავალიანებას, 114 142.62 ლარის ოდენობით.
შპს “კავკასიის ციფრულ ქსელების” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიას მართლაც ერიცხება დავალიანება სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინაშე, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს საკაბელო შახტებთან დაშვების ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ დაკისრებული აქვს კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 გადაწყვეტილებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი დავა კომისიის რეგულირების სფეროს განეკუთვნება და უნდა დაინიშნოს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობასა და საკაბელო შახტებთან დაშვების შეზღუდვასთან დაკავშირებული დავის განხილვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის აპარატურასთან ტექნიკური პერსონალის დაშვების შეზღუდვასთან დაკავშირებული დავის არსებითი განხილვა 2009 წლის 6 მარტს 16 საათზე;
2. დავის არსებითი განხილვის სხდომის თარიღისა და დღის შესახებ შპს „კავკასიის ციფრული ქსელები“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომი“ გაფრთხილდნენ კომისიის 2009 წლის 25 თებერვლის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებლები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
