შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის აპარატურასთან ტექნიკური პერსონალის დაშვების შეზღუდვასთან დაკავშირებული დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2009
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა”, სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ დავის განხილვის მოთხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მხრიდან ადგილი აქვს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” ტერიტორიაზე განთავსენულ შპს “კავკასიის ციფრული ქსელების” კუთვნილ აპარატურასთან ტექნიკური პერსონალის დაშვების შეზღუდვას. აღნიშნულის თაობაზე განმცხადებელ მხარეს მიმართული აქვს სს ”გაერთიანებული ტელეკომისათვის”, რაზეც დღემდე პასუხი არ მიუღია, რის გამოც ფერხდება შპს “კავკასიის ციფრული ქსელების” კუთვნილ აპარატურის მომსახურება.
მოთხოვნა:
დაევალოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ დაუყოვნებლივ და შეუზღუდავად დაუშვას თავის საკანალიზაციო არხებში შპს “კავკასიის ციფრულ ქსელის” მომსახურე პერსონალი წარდგენილი სიის მიხედვით.
კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 25 თებერვალს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებით ეცნობათ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელებს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“. სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ ასევე ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი ახლნა-განმარტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2009 წლის 24 თებერვლამდე.
მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“-ს უფლებამოსილი წარმომადგენლები.
სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს “კავკასიის ციფრული ქსელის” ტექნიკური პერსონალის აპარატურასთან დაშვების შეზღუდვის ერთადერთ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის არ არსებობს მოქმედი ხელშეკრულება შესაბამისი მომსახურების მიღებაზე, ხოლო შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს” სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინაშე ერიცხება დავალიანება, რომელიც გამომდინარეობს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ შპს “კავკასიის ციფრულ ქსელის”-თვის 2004-2005 წლებში სხვადასხვა სახის მომსახურებიდან და შესაბამისად, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ გამოქვეყნებული ოფერტის პირობებიდან გამომდინარე, ავტორიზებული პირთან ახალი საკონტრაქტო სამართლებრივი ურთიერთობის დამყარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი აკმაყოფილებს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ გამოქვეყნებული ოფერტის პირობებს სრულად.
სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე წარმოადგინა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მხარეთა შორის მიმდინარე სამოქალაქო დავაზე, შპს “კავკასიის ციფრულ ქსელების” მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტება, სადაც შპს “კავკასიის ციფრულ ქსელები” აღიარებს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინაშე, ამ უკანასკნელის მიერ სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევიდან გამომდინარე დაგროვილ დავალიანებას, 114 142.62 ლარის ოდენობით.
შპს “კავკასიის ციფრულ ქსელების” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიას მართლაც ერიცხება დავალიანება სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინაშე, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს ავტორიზებული პირის აპარატურასთან დაშვების შეზღუდვის მიზეზი, რაც გათვალისწინებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი დავა კომისიის რეგულირების სფეროს განეკუთვნება და უნდა დაინიშნოს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის აპარატურასთან ტექნიკური პერსონალის დაშვების შეზღუდვასთან დაკავშირებული დავის განხილვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის აპარატურასთან ტექნიკური პერსონალის დაშვების შეზღუდვასთან დაკავშირებული დავის არსებითი განხილვა 2009 წლის 6 მარტს 16 საათზე;
2. დავის არსებითი განხილვის სხდომის თარიღისა და დღის შესახებ შპს „კავკასიის ციფრული ქსელები“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომი“ გაფრთხილდნენ კომისიის 2009 წლის 25 თებერვლის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებლები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
