წვდომის მენიუ

შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეზღუდვასთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 95 / 16

გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2009

მიღების თარიღი თებერვალი 25, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა”, სს „გაერთიანებულ ტელეკომის“ სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვან  რესურსთან  დაშვების  შეზღუდვასთან დაკავშირებით დავის განხილვის მოთხოვნით.

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ სს „გაერთანებულ ტელეკომს“ შორის არსებობდა სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ხელშეკრულება, რომელსაც ვადა გაუვიდა 2008 წლის 31 დეკემბერს. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, მიუხედავად კომისიის N808/22 27.12.2005 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულებებისა, შპს „კავკასიის ციფრული ქსელების“ 15.12.2008 წლის N1473 მიმართვისა და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ შესაბამისი ოფერტის პირობებზე თანხმობის განცხადებისა, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ არ აფორმებს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან” სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ხელშეკრულებას.

მოთხოვნა:

1. დაევალოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“ სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ხელშეკრულების გაფორმება;

2. მიეცეს გაფრთხილება სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ კომისიის N808/22 27.12.2005 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის;

კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 25 თებერვალს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებით ეცნობათ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელებს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“. სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ ასევე ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2009 წლის 24 თებერვლამდე.

მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“-ს უფლებამოსილი წარმომადგენლები.

სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“ სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ხელშეკრულების გაფორმების დამაბრკოლებელ ერთადერთ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“  სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინაშე ერიცხება დავალიანება, რომელიც გამომდინარეობს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“-თვის 2004-2005 წლებში სხვადასხვა სახის მომსახურებებიდან და შესაბამისად, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ გამოქვეყნებული ოფერტის პირობებიდან გამომდინარე, ავტორიზებული პირის დაშვება რესურსთან შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი აკმაყოფილებს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ გამოქვეყნებული ოფერტის პირობებს სრულად.

სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე წარმოადგინა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მხარეთა შორის მიმდინარე სამოქალაქო დავაზე, შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ წარდგენილი ახსნა- განმატრება, სადაც შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ აღიარებს სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს წინაშე, ამ უკანასკნელის მიერ სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევიდან გამომდინარე დაგროვილ დავალიანებას, 114,142.62 ლარის ოდენობით.

შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიას მართლაც ერიცხება დავალიანება სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინაშე, თუმცა ეს არ შეიძლება გახდეს ხელშეკრუელბის გაფორმებაზე უარის თქმის  საფუძველი, ვინაიდან, კომისიის N808/22 27.12.2005 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ დაკისრებული აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან უპირობო დაშვების ვალდებულება, ხოლო აღიარებული დავალიანება წარმოშობილია მხარეებს შორის არსებული სხვა სამართლებრივი ურთიერთობებიდან.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. კომისიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი დავა კომისიის რეგულირების სფეროს განეკუთვნება და უნდა დაინიშნოს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული დავის არსებითი განხილვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

              გადაწყვიტა:

1.   დაინიშნოს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული დავის განხილვა  2009 წლის 6 მარტს 16 საათზე;

2.   დავის განხილვის სხდომის თარიღისა და ადგილის თაობაზე შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომი“ გაფრთხილდნენ კომისიის 2009 წლის 25 თებერვლის მოსამზდებელ სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრის                                                                        

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ზ.ნონიკაშვილი

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         კ.კვიტაიშვილი                                  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები