წვდომის მენიუ

შპს „ინფოტელსა” და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებულ დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 97 / 16

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2009

მიღების თარიღი თებერვალი 25, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ინფოტელმა” სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით დავის განხილვის მოთხოვნით.

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ინფოტელს“ სს „გაერთანებულ ტელეკომთან“ გაფორმებული აქვს ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები. სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“, შპს „ინფოტელს“ მიმართა მოთხოვნით, რათა გაეფორმებინათ ახალი ხელშეკრულებები მხოლოდ მათ მიერ შემოთავაზებული პირობებით. ერთ- ერთი პირობაა დავების განხილვა სასამართლოს ნაცვლად შპს „საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ მიერ, რასაც შპს „ინფოტელი“ არ ეთანხმება და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ სთავაზობს სხვა კერძო არბიტრაჟს. მიუხედავად ამისა, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ულტიმატუმის სახით აცხადებს, რომ ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს მხოლოდ მათ მიერ შემოთავაზებული პირობებით (ოფერტით), წინააღმდეგ შემთხვევაში გათიშავს შპს „ინფოტელს“, რაც, როგორც განცხადებაშია აღნიშნული განახორციელა კიდეც 2008 წლის 24 დეკემბერს და  რის გამოც, განმცხადებლის შეტყობინებით, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება შპს „ინფოტელს“. წარმოდგენილ განცხადებაში, შპს „ინფოტელი“ ითხოვს, რომ კომისიამ დაავალოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ ურთიერთჩართვის აღდგენა. 

საკითხის განსახილველი მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 13 თებერვალს, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ინფოტელისა“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლები.

შპს „ინფოტელი“-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, ფაქტობრივად შეწყვეტილია ურთიერთჩართვა შპს „ინფოტელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის, რითაც შპს „ინფოტელს“ ადგება დიდი მატერიალური ზარალი და ამავე დროს, კომპანია ითხოვს სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებას იმავე პირობებით, რაც კომპანიას შეთავაზებული აქვს სხვა ავტორიზებული პირებისთვის, კერძოდ კი შპს „კავკასუს ონლაინთან“ გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებით, სადაც სადაო საკითხის გადაწყვეტისათვის არ არის გათვალისწინებული კერძო არბიტრაჟის მექანიზმის გამოყენება, რაც განმცხადებლისთვის უკეთესი პირობაა, ვიდრე სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მოწვევის ოფერტით დადგენილი პირობა.

სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ურთიერთჩართვის შეწყვეტას არ ჰქონია ადგილი და შპს „ინფოტელს“ შეწყვეტილი აქვს მხოლოდ სატელეფონო კანალიზაციაში დაშვების ხელშეკრულება, რაც შეეხება შპს „ინფოტელი“-ს მოთხოვნას, იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების გაფორმება უნდა მოხდეს იმავე პირობებით, რაც  გათვალისწინებულია სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და სხვა ავტორიზებულ პირებს, კერძოდ შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შპს „ინფოტელი“-ს მიერ შემოთავაზებული იქნება საბანკო გარანტია, რაც გათვალისწინებულია სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის გაფორმებულ და დღეს მოქმედ ხელშეკრულებაში, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ მზად არის გააფორმოს ახალი ურთიერთჩართვის ხელშეკრულება შპს „ინფოტელთან“ იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებულია სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით კომისიის მიერ 2009 წლის 13 თებერვალს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N53/16 რომლის მე-3 პუნქტის შესაბამისადაც, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, 2009 წლის 20 თებერვლამდე, მონიტორინგის ჩატარება და შემოწმების აქტის წარმოდგენა, იმასთან დაკავშირებით, ნამდვილად აქვს თუ არა ადგილი ურთიერთჩართვის შეწყვეტას შპს „ინფოტელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის, ხოლო ურთიერთჩართვის შეწყვეტის ფაქტის მონიტორინგით დადასტურების შემთხვევაში, კომისიის წინაშე დასაბუთებული დასკვნის წარმოდგენა ურთიერთჩართვის შეწყვეტის ტექნიკური და იურიდიული საფუძვლების მითითებით.

დავის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 20 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ინფოტელი“-სა და სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს უფლებამოსილი წარმომადგენლები.

კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი, თანდართული შემოწმების აქტით. შემოწმების აქტში აღნიშნულია შემდეგი: ,,შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ 2008 წლის 24 დეკემბრის 12.34.36. საათიდან შეწყვეტილი იყო ურთიერთჩართვა სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და შპს „ინფოტელს“ შორის. ეს გარემოება ერთნაირად არის ასახული ორივე კომპანიის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში. ურთიერთჩართვის შეწყვეტა გამოიწვია შპს „ინფოტელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის ჩადებული ოპტიკური კაბელის დაზიანებამ. კაბელის პარამეტრები გაზომილ იქნა ხელსაწყოს საშუალებით და მისი სიგრძე დაფიქსირდა 0,421მ.“

შემოწმების აქტში ასევე დაფიქსირებულია სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, კერძოდ აღნიშნულია, რომ ,,ზემოაღნიშნული კაბელის დაზიანება არ მომხდარა, არამედ შპს „ინფოტელს“ შეუწყდა კანალიზაციაში კაბელის გატარების მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“

სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია მზად არის გამოხატოს კეთილი ნება, საკუთარი ხარჯებით აღადგინოს კაბელი, რომლის ჩახსნაც განხორციელდა იმ მიზეზით, რომ შპს „ინფოტელს“ შეუწყდა კანალიზაციაში კაბელის გატარების ხელშეკრულება, რამაც გამოიწვია ფაქტიური ურთიერთჩართვის შეჩერება, იმ პირობით, თუ შპს „ინფოტელის“ მიერ მოხდება სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ სატელეფონო კანალიზაციაში დაშვების, ურთიერთჩართვისა და აპარატურული კარადების განთავსების ფართის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება, სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს მიერ გამოქვეყნებული ოფერტების შესაბამისად და ამავე დროს, შპს „ინფოტელი“ უარს აცხადებს კომისიაში შემოტანილ განცხადებაზე სს  „გაერთიანებულ ტელეკომთან“ დავის განხილვის მოთხოვნით.

შპს „ინფოტელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს მიერ, სატელეფონო კანალიზაციაში დაშვების ხელშეკრულება შეწყვეტილია ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, რის გამოც მოითხოვა დრო სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს შეთავაზების შესასწავლად და შესაბამისად, დავის განხილვის გადადება, რასაც დაეთანხმა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელიც.

კომისიამ გაითვალისწინა რა შპს „ინფოტელის“ მოთხოვნა დავის განხილვის გადადების შესახებ და ასევე ის გარემოება, რომ მხარეთა შეთანხმების შედეგად შესაძლებელია სადაო საკითხთან დაკავშირებული დავა მორიგებით დამთავრდეს, ან განმცხადებელმა უარი თქვას კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაზე,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩათვალა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული ძირითადი სხდომის გადადება 2009 წლის 25 თებერვლის 16:00 საათისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 25 თებერვლის კომისიის სხდომაზე შპს „ინფოტელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს მიერ აღდგენილ იქნა შპს „ინფოტელთან“ კაბელის გატარების მომსახურება და ურთიერთჩართვა და შესაბამისად, შპს „ინფოტელი“ უარს აცხადებს სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, კომისიაში შემოტანილ განცხადებაზე (28.12.2008  N6/2966-08) და ითხოვს საქმისწარმოების შეწყვეტას. სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს წარმომადგენელი დაეთანხმა შპს „ინფოტელი“-ს წარმომადგენლის განცხადებას და ამავე დროს აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შპს „ინფოტელი“-ს მიერ 2 კვირის ვადაში არ გაფორმდება სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ სატელეფონო კანალიზაციაში დაშვების, ურთიერთჩართვისა და აპარატურული კარადების განთავსების ფართის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებები, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ იტოვებს უფლებას შეუწყვიტოს მომსახურება შპს „ინფოტელს“.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,  ,,განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

              გადაწყვიტა:

1.  დაკმაყოფილდეს შპს „ინფოტელი“-ს შუამდგომლობა, სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, კომისიაში შემოტანილ განცხადებაზე (28.12.2008  N6/2966-08) უარის თქმის გამო, დავაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე;

2.  შეწყდეს შპს „ინფოტელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული დავის საქმისწარმოება;

3.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან.

5.        კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                             ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრის                                                                        

მოვალეობის შემსრულებელი                                             ზ.ნონიკაშვილი

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                             კ.კვიტაიშვილი                                  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები