შპს ”სატელიტ სერვისის” სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2009
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, აგრეთვე მის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციაში სხვა სახის ცვლილებების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს ამ კანონით დადგენილ ვადაში და განსაზღვრული წესით ატარებს რეგისტრაციაში ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში; ხოლო ამავე მუხლის მ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების (ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები; იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;) შეცვლის შემთხვევაში, კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სატელიტ სერვის”-მა კომისიას მიმართა განცხადებით და წარმოუდგინა 2009 წლის 11 თებერვლის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომლის შესაბამისადაც, განხორციელდა ცვლილება შპს „სატელიტ სერვისი“-ს სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში, კერძოდ შეიცვალა კომპანიის დირექტორი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”სატელიტ სერვის”-მა კომისიაში გაიარა ავტორიზაცია 2005 წლის 06 სექტემბერს ინტერნეტით მომსახურებაზე. იგი არ ფლობს კომისიის მიერ გაცემულ რაიმე სახის ლიცენზიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 32-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში და შპს „სატელიტ სერვისი“-ს დირექტორად ნაცვლად ალექსანდრე ჭეიშვილისა განისაზღვროს დავით ჯაფარიძე;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების დღიდან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
