საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბრის N525/23 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკითხზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 05, 2010
მიღების თარიღი იანვარი 08, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბრის №525/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-2 დანართით განსაზღვრულ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტებზე კვლევისა და ანალიზის მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 21 ოქტომბრის N525/23 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკითხზე ზეპირი მოსმენა დანიშნული იყო კომისიაში, 2009 წლის 4 დეკემბერს 16 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ უნდა ყოფილიყო ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. 2009 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე საკითხის ზეპირი მოსმენა კომისიის გადაწყვეტილებით გადაიდო 2009 წლის 15 დეკემბრისთვის, ხოლო შემდგომ 2009 წლის 25 დეკემბრისათვის. სხდომა საბოლოოდ დაინიშნა 2010 წლის 8 იანვარს, რის თაობაზეც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნდა ცნობა საჯარო გაცნობისათვის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე, ხოლო დაინტერესებული პირები გაფრთხილდნენ ტელეფონოგრამით.
კომისიის 2010 წლის 8 იანვრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გ. ბუთბაიამ აღნიშნა, რომ დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი მონაცემების პირველადი ანალიზი. მოთხოვნილი მონაცემების პირველადი შესწავლის შედაგად კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ უნდა განხორციელებულიყო დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების დაკონკრეტება. წარმოდგენილი ინფორმაციის სიდიდის გამო აღნიშნული სამუშაო ვერ დასრულდა 2010 წლის 8 იანვრის ზეპირი მოსმენის სხდომისათვის. შესაბამისად, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების ვადების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით იშუამდგომლა კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე და სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, დაზუსტებული მონაცემების შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისია ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაუშვებელია, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული კომისიის მიერ. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე ვერ გახდა ხელმისაწვდომი ინფორმაცია ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების თაობაზე, რომლის თაობაზეც კომისია განახორციელებდა კვლევასა და ანალიზს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ 2010 წლის 21 იანვარს გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, კომისიამ დააკმაყოფილა კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის შუამდგომლობა განსახილველ საკითხზე ადმინისტრაციული წარმეობის შეწყვეტის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 98-ე მუხლის პირველი ნაწილის, 99-ე მუხლისა და მე-100 მუხლის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-2 დანართით განსაზღვრულ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტებზე კვლევისა და ანალიზის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბრის N525/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შეწყდეს.
2. დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბრის N525/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ავტორიზებული პირების მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შესწავლა და დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე, ახალი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
