წვდომის მენიუ

შპს ”ვიტელ ჯორჯიას“ სანქცირების თაობაზე

ნომერი: 102 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2010

მიღების თარიღი თებერვალი 26, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზირებულ პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ამავე კანონის 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ წარმოებაში აქვს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის სამსახურეობრივი ბარათი №10/128-10 და შემოწმების აქტი №15 საიდანაც ირკვევა, რომ  2010 წლის 2 თებერვალს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კომისიის აპარატის სატელეფონო ნომრებიდან შემოწმებული იქნა შპს ”ვიტელ ჯორჯიასთვის” კომიისის 2008 წლის 12 დეკემბერის №739/1 გადაწყვეტილებით გაცემული №N138 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსის 8-0-4-1 ფუნქციონირება. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს ”ვიტელ ჯორჯიას” მიერ არ იქნა შესრულებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №138 ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო ვალდებულება, კერძოდ კომპანიას არ აქვს დაწყებული პრაქტიკული საქმიანობა ნუმერაციის რესურსით 8-0-4-1.

            კომისია აღნიშნავს. რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურეობრივი ბარათის და 2010 წლის 2 თებერვლის №15 შემოწმების აქტის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის  მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2010 წლის 22 თებერვალს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ვიტელ ჯორჯიას” სანქცირების თაობაზე, კომისიის 2008 წლის 12 დეკემბერის №739/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო პირობის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის დარღვევის გამო. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, შეტყობინებით ეცნობა შპს „ვიტელ ჯორჯიას“ 2010 წლის 22 თებერვალს. კომპანიას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლებების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2010 წლის 26 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ვიტელ ჯორჯიას“ უფლებამოსილი წარმომადგენლები ანანო ცინცაბაძე და გიორგი ჩიტაიშვილი.

კომისიის სხდომაზე შპს „ვიტელ ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა აღიარეს დარღვევის ფაქტი, კერძოდ, რომ კომპანიის მიერ არ არის შესრულებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის NN138 ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების სალიცენზიო ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.შპს ”ვიტელ ჯორჯია” კომისიის 2008 წლის 12 დეკემბრის №739/1 გადაწყვეტილების საფუძველზე, ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N138 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს ნუმერაციის რესურსით 8-0-4-1 სარგებლობას საქართველოს ტერიტორიაზე 2018 წლის 12 დეკემბრამდე.

2.კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტით შპს ”ვიტელ ჯორჯიას” სალიცენზიო ვალდებულებად განესაზღვრა პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებლება, ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის განმავლობაში.

3. კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებიდან (შემოწმების აქტი №15) ირკვევა, რომ შპს ”ვიტელ ჯორჯიას“ მიერ არ იქნა შესრულებული კომისიის 2008 წლის 18 დეკემბრის №739/1 გადაწყვეტილებით და ნუმერაციის რესურისით სარგებლობის NN138 ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების სალიცენზიო ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ამავე კანონის 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ვიტელ ჯორჯიას” მიერ დარღვეულია ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, 52-ე მუხლის მე-8 პუნქტი და კომისიის 2008 წლის 18 დეკემბრის №739/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი. აღნიშნული კი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს სანქცირების საფუძველს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”ვიტელ ჯორჯიას” მიმართ კომისიის 2009 წლის 14 აგვისტოს №394/18 გადაწყვეტილებით გამოყენებულია გაფრთხილება ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის და 12-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან  შპს ”ვიტელ ჯორჯიას” მიერ ერთი წლის განმავლობაში კვლავ ჩადენილია ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევა, კომპანიის მიმართ ამჯერად სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას  ჯარიმა, გამომდინარე  ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან, რომლის შესაბამისადაც, ავტორიზებული პირის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი, მაგრამ  არანაკლებ 10000 და  არა უმეტეს 30000 ლარისა. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათის (N10/297-10. 24.02.2010) შესაბამისად, შპს ”ვიტელ ჯორჯიას” ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავალის 0,5 პროცენტი, შეადგენს 7,405.52 (შვიდი ათას ოთხას ხუთი ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი) ლარს, შესაბამისად შპს ”ვიტელ ჯორჯიას” მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქმას ჯარიმა 10,000.00 ლარის ოდენობით.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ”საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1.დაჯარიმდეს შპს ”ვიტელ ჯორჯია” 10,000.00 (ათი ათასი) ლარით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და კომისიის 2008 წლის 18 დეკემბრის №739/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის  დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს შპს ”ვიტელ ჯორჯიამ”  ჯარიმის, 10,000.00 (ათი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშო დღის ვადაში;

3. უზრუნველყოს შპს „ვიტელ ჯორჯიამ“ კომისიის 2008 წლის 18 დეკემბრის №739/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო ვალდებულების შესრულება 2 კვირის ვადაში;

4. ეცნობოს შპს ”ვიტელ ჯორჯიას”, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დარღვევის ნებაყოფლობით აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება შპს ”ვიტელ ჯორჯიას”-ს მიმართ გამოიყენოს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები ან 54-ე მუხლის შესაბამისად, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ვიტელ ჯორჯიას” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის NN138 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „”ვიტელ ჯორჯიას“ დაუყოვნებლივ გაგზავნისა და სანქციის გამოყენების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრებში შეტანის უზრუნველყოფა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ვიტელ ჯორჯიასთვის“  ჩაბარების დღიდან;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესარულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ.გოთოშია)

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

     კომისიის თავმჯდომარე                                          ი.ჩიქოვანი

     კომისიის წევრები                                                     ს.ბრიტანჩუკი

                                                                                         კ.კვიტაიშვილი

                                                                                         ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები