ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2010
მიღების თარიღი მარტი 05, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, ჩადენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 50,000.00 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, თუ ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას ან შეთანხმებას ასეთის არარსებობის შემთხვევაში;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები №000158 და N000159, შედგენილი 2010 წლის 25 თებერვალს, რომლებშიც აღნიშნულია, რომ 2010 წლის 25 თებერვალს, შიდა ქართლის მხარეში, ქ.გორისა და ქარელის რაიონის სოფელ რუისის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა მონიტორინგი, რათა დადგენილიყო TV და FM სიხშირული დიაპაზონებით არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტები. გაირკვა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მოყოლებული, შიდა ქართლის ტერიტორიაზე, ულიცენზიოდ ვრცელდება ტელესამაუწყებლო სიგნალი კერძოდ, ქ.გორსა და ქარელის რაიონის სოფელ რუისის მიმდებარე ტერიტორიაზე, 46-ე და 25-ე სატელევიზიო არხებზე ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-ს სატელევიზიო სიგნალი, კერძოდ პროგრამა „Кинохит“ და „Футбол“. აღნიშნულს ადასტურებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებზე თანდართული შესაბამისი მტკიცებულებები, კერძოდ, ვიდეო მასალა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2010 წლის 25 თებერვალს, რომლებიც კომისიას წარედგინა 2010 წლის 1 მარტს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2010 წლის 5 მარტის 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2010 წლის 1 მარტს, რის შესახებაც რუსულ ენაზე შედგენილი შეტყობინებით ეცნობა ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-ს (01.03.2010 N03/581-10). კომპანიას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება, რუსულ ენაზე. მხარეს ასევე განემარტა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2010 წლის 5 მარტს. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-ს წარმომადგენელი. კომისიაში 2010 წლის 4 მარტს წარმოდგენილ იქნა ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-ს შუამდგომლობა (04.03.2010 N8/43-10) საკითხის განხილვის გადადების მოთხოვნით. კერძოდ, შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ კომპანია ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების შესწავლისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, ითხოვს საკითხის განხილვის გადადებას 2010 წლის 15 მარტისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-ს შუამდგომლობა განხილულ იქნა კომისიის 2010 წლის 5 მარტის სხდომაზე და კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შუამდგომლობის დაკმაყოფილება და საკითხის განხილვის გადადება 2010 წლის 19 მარტის 16:00 საათზე, გამომდინარე იქიდან, რომ უზრუნველყოფილ იქნას ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-ს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და შესაბამისად დაცულ იქნას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების მოთხოვნები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-ს შუამდგომლობა და კომპანიის სანქცირებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადაიდოს 2010 წლის 19 მარტის 16:00 საათზე;
2. შეტყობინებით ეცნობოს ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-ს საკითხის განხილვის გადადების თაობაზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაგზავნა ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-სთვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი,).
კომისიის თავმჯდომარე: ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
