წვდომის მენიუ

კომპანია ”ТB-7”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ

ნომერი: 111 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2010

მიღების თარიღი მარტი 05, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, ჩადენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 50,000.00 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, თუ ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას ან შეთანხმებას ასეთის არარსებობის შემთხვევაში;

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000157, შედგენილი შიდა ქართლის მხარეში 2010 წლის 25 თებერვალს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2010 წლის 25 თებერვალს ქ.გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა  მონიტორინგი, რათა დადგენილიყო TV და FM სიხშირული დიაპაზონებით არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტები. გაირკვა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მოყოლებული, შიდა ქართლის ტერიტორიაზე, ულიცენზიოდ ვრცელდება ტელესამაუწყებლო სიგნალი კერძოდ, ქ.გორსა და ქარელის რაიონის სოფელ რუისის მიმდებარე ტერიტორიაზე, 49-ე სატელევიზიო არხზე კომპანია ”TB-7”-ს სატელევიზიო სიგნალი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე თანდართულია შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის, ვიდეო მასალა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება კომპანია ”TB-7”-სთვის  ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2010 წლის 25 თებერვალს, რომელიც კომისიას წარედგინა 2010 წლის 1 მარტს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2010 წლის 5 მარტის 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება  დაიწყო 2010 წლის 1 მარტს, რის შესახებაც რუსულ ენაზე შედგენილი  შეტყობინებით ეცნობა  კომპანია ”TB-7”-ს  (01.03.2010 N03/582-10). კომპანიას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება, რუსულ ენაზე. მხარეს ასევე განემარტა, რომ  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2010 წლის 5 მარტს. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა კომპანია ”TB-7”  წარმომადგენელი, კომისიაში ასევე არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000157 ოქმისა და  თანდართული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია ”TB-7” საქართველოში, ქ. ცხინვალსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე, ქ.გორსა და ქარელის რაიონის სოფელ რუისის მიმდებარე ტერიტორიებზე, ულიცენზიოდ ახორციელებს მაუწყებლობას,  რაც წარმოადგენს, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, ”მაუწყებლობს შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნტისა და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 50,000.00 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომპანია ”ТВ-7”-ის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 50,000.00 (ორმოცდაათი ათასი)  ლარის ოდენობით და ამავე დროს, კომპანიას დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე ულიცენზიოდ მაუწყებლობის განხორციელება.

საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ აქვს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, გათვალისწინებულს  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და35-ე მუხლებით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის, 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილის, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-18 პუნქტებისა და 38-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. კომპანია ”TB-7”  დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი 50,000.00 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობისათვის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე;

2. უზრუნველყოს კომპანია ”TB-7”-ს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

3. უზრუნველყოს კომპანია ”TB-7”-მა ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4. დაევალოს კომპანია ”TB-7”-ს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ულიცენზიოდ მაუწყებლობა საქართველოს ტერიტორიაზე;

5. ეცნობოს კომპანია ”TB-7”-ს, რომ მის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის ან განგრძობის შემთხვევაში, მას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3222-ე მუხლის საფუძველზე,  შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა კომპანია ”TB-7”-სათვის  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) 10 დღის ვადაში;

8. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კორდინაციის დეპარტამენტს (ს.შვგულიძე).

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი,).

კომისიის თავმჯდომარე:                                                     ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                                ს.ბრიტანჩუკი

                                                                                               კ.კვიტაიშვილი                      

                                                                                                ა.სიხარულიძე

                                                                                                 ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები