შპს ”კოლხეთი მედიასთვის” ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2010
მიღების თარიღი მარტი 05, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.”
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2010 წლის 23 თებერვალს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000041, შედგენილი 2010 წლის 22 თებერვალს ქ.ხობში, რომელშიც აღნიშნულია, რომ შემოწმდა 11721 მჰც ÷ 11891 გჰც სიხშირულ დიაპაზონში შპს „კოლხეთი მედიას“-ს საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობის განხორციელება, მიკროტალღოვანი ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემის (მიტრისის) გამოყენებით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი ნ. კონდოლელი, უფროსი ინჟინერი გ.ქართველიშვილი და შპს „კოლხეთი მედიას“ დირექტორი ნ.ბერაია.
სამართალდარღვევათა ოქმში დაფიქსირებულია შპს „კოლხეთი მედიას“ დირექტორის ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია არ ეთანხმება სამართალდარღვევათა ოქმს.
კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „კოლხეთი მედიას“ სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის შესაბამისად, შპს „კოლხეთი მედიას“ სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2010 წლის 2 მარტს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს „კოლხეთი მედიას” (02.03.2010 N03/587-10), მას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შპს „კოლხეთი მედიას“ ასევე განემარტა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2010 წლის 5 მარტის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „კოლხეთი მედიას“ დირექტორი ნიკოლოზ ბერაია, რომელმაც აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ დარღვევას, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიისთვის არ იყო ცნობილი, რომ მათ უნდა მოემართათ კომისიისთვის, სიხშირეების აუქციონის წესით აღებასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000041 ოქმისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „კოლხეთი მედია“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს. კომპანიას ავტორიზაცია გავლილი აქვს ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე (რადიოსიხშირული ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტები და საშუალებები) და ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებაზე. კომისიის 2003 წლის 28 ნოემბრის N602/1 გადაწყვეტილებით, შპს „კოლხეთი მედიაზე“ გაცემული იყო ლიცენზია N1381, რომელიც ითვალისწინებდა საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობას მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის („მიტრისის“) გამოყენებით ხობის რაიონში.
2. შპს „კოლხეთი მედია“, კომისიის 2004 წლის 10 სექტემბრის N469/13 გადაწყვეტილებით მიენიჭა 11715 მჰც ÷ 11771 მჰც სიხშირეები ქ. ხობში მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიოსაინფორმაციო სისტემის („მიტრისი”) ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით, 2005 წლის 10 სექტემბრამდე. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ შპს „კოლხეთი მედიამ“ კომისიას მიმართა განცხადებით, მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიოსაინფორმაციო სისტემის („მიტრისი”) ფუნქციონირების მიზნით, შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით, ქ.ხობში 2 სიხშირის მინიჭების თაობაზე. ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა, რომ კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „კოლხეთი მედიასთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში უნდა მოეყვანა კანონმდებლობასთან. კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სიხშირეების ვადის გასვლის შემდეგ 2005 წლის 10 სექტემბრიდან, შპს „კოლხეთი მედიას“ კომისიისთვის არ მოუმართავს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების თაობაზე, ამავე დროს, დღეის მდგომარეობით შპს „კოლხეთი მედია“ იყენებს არა კომისიის 2004 წლის N469/13 გადაწყვეტილებით გათვალისიწნებულ რადიოსიხშირულ სპექტრს, 11715 მჰც ÷ 11771 მჰც, არამედ 11721 მჰც ÷ 11891 გჰც სიხშირულ ზოლს;
3. შპს „კოლხეთი მედია“, რადიოსიხშირულ სპექტრს 11721 მჰც ÷ 11891მჰც, იყენებს კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე.
კომისია აღნიშნავს, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე, აუქციონის წესით. შპს „კოლხეთი მედია“ 11721 მჰც ÷ 11891მჰც სიხშირულ სპექტრს იყენებს კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ, აღნიშნული კი წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. კერძოდ, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „კოლხეთი მედიას“ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით და ამავე დროს, შპს „კოლხეთი მედიას“ დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს ულიცენზიოდ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა.
საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტებისა და 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. დაეკისროს ჯარიმა შპს „კოლხეთი მედიას“ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის;
2. უზრუნველყოს შპს ”კოლხეთი მედიამ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300403251;
3. უზრუნველყოს შპს ”კოლხეთი მედიამ” ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. უზრუნველყოს შპს „კოლხეთი მედიამ“ 11721 მჰც ÷ 11891მჰც სიხშირულ სპექტრით სარგებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს „კოლხეთი მედიასთვის“ დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 10 დღის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კოლხეთი მედიასთვის“ ჩაბარების დღიდან;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესარულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები
ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი. მოსეშვილი
