წვდომის მენიუ

შპს „ტირიფისა“ და ინდ.მეწარმე „ოთარ ჩიხლაძის“ სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და შპს „ნამიოს“ სანქცირების შესახებ

ნომერი: 114 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2010

მიღების თარიღი მარტი 05, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ”კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.“

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. ამავე მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, აგრეთვე მის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციაში სხვა სახის ცვლილებების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს  ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან  7  სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულია ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის პერსონალური და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  რეესტრით გათვალისწინებული ის მონაცემები, რომელთა შეტანაც ხორციელდება კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს რეგულირების საფასურის გადახდა, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 26 თებერვლის N103/18 გადაწყვეტილებით გადაიდო შპს „ნამიოს“, შპს „ტირიფის“ და ინდ.მეწარმე „ოთარ ჩიხლაძის“ სანქცირებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა 2010 წლის 5 მარტის 16:00 საათისთვის, რათა უზრუნველყოფილიყო აღნიშნული პირების მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2010 წლის 5 მარტის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ტირიფის“ დირექტორი მერი ჩელებაძე.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მას წარმოებაში აქვს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (01.02.2010 N10/00-10, 08.02.2010 N10/135-10), რომელშიც აღნიშნულია რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ გაანალიზდა რა კომისიის მიერ, ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირებისათვის გაგზავნილი წერილის (N03/2777-09, 19.11.2009 წ.) პასუხად კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია, დადგინდა, რომ რიგი ავტორიზებული პირების (აღნიშნულ ავტორიზებულ პირებთან დაკავშირებით კომისიის მიერ 2010 წლის 26 თებერვალს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N103/18) მიერ, მათ შორის შპს „ნამიოს“, შპს „ტირიფის“ და ინდ. მეწარმე „ოთარ ჩიხლაძის“ მიერ 2010 წლის 8 თებერვლის მდგომარეობით, საერთოდ არ იქნა წარმოდგენილი კომისიის მიერ 19.11.2009 N03/2777-09 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია.  

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ზემოაღნიშნულ ავტორიზებულ პირებთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (19.02.2010 N10/235-10), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ტირიფის“ და ინდ.მეწარმე „ოთარ ჩიხლაძეს“ კომისიაში არცერთხელ არ წარმოუდგენიათ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს, რომ

1. ინდ.მეწარმე „ოთარ ჩიხლაძემ“, 2010 წლის 1 მარტს, კომისიას მიმართა განცხადებით N7/86-10, ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით და 2010 წლის 5 მარტს ინდ.მეწარმეს გააუქმდა ავტორიზაცია საკუთარი განცხადების საფუძველზე, გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტიდან; ამავე დროს, ინდ.მეწარმე „ოთარ ჩიხლაძის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია რეგულირების საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები, რითაც აღმოფხვრილია აღნიშნული კომპანიების მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის დარღვევა. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ინდ.მეწარმე „ოთარ ჩიხლაძის“ მიმართ უნდა შეწყდეს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, ვინაიდან, რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენასთან დაკავშირებული დარღვევა აღმოფხვრილ იქნა, ხოლო კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება  ეკისრება მხოლოდ ავტორიზებულ პირს.

2. შპს „ტირიფმა“ 2010 წლის 5 მარტს, კომისიას მიმართა განცხადებით N7/93-10, ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით და 2010 წლის 5 მარტს შპს „ტირიფს“ გაუუქმდა ავტორიზაცია საკუთარი განცხადების საფუძველზე, გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტიდან; ამავე დროს, შპს „ტირიფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია რეგულირების საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები, რითაც აღმოფხვრილია აღნიშნული კომპანიების მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის დარღვევა. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტირიფის“ მიმართ უნდა შეწყდეს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, ვინაიდან, რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენასთან დაკავშირებული დარღვევა აღმოფხვრილ იქნა, ხოლო კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება  ეკისრება მხოლოდ ავტორიზებულ პირს.

2. შპს „ნამიოს“ მიერ 2010 წლის 5 მარტის მდგომარეობით არ იქნა წარმოდგენილი კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია დამფუძნებლების შესახებ. ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ შპს „ნამიოს“  გაეგზავნა კომისიის 2010 წლის N103/18 გადაწყვეტილების ასლი და ამავე დროს, ტელეფონოგრამით ეცნობა საკითხის განხილვის დღის შესახებ, შპს „ნამიოს“ წარმომადგენელი არ გამოცხადებულა კომისიის 2010 წლის 5 მარტის სხდომაზე, რათა მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში.

კომისიამ იმსჯელა შპს „ნამიოს“ მიერ 2009 წლის 17 ნოემბერს კომისიაში წარმოდგენილ წერილთან (17.11.2009 N6/3240) დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია აჩერებს თავის ფუნქციონირებას როგორც ავტორიზებული პირი, თუმცა შპს „ნამიოს“ ავტორიზაციის გაუქმება არ მოუთხოვია. გამომდინარე იქიდან, რომ ავტორიზაციისა და ავტორიზებული საქმიანობის შეჩერება არ არის გათვალისწინებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით და კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს მხოლოდ ავტორიზაციის გაუქმების ან/და მოდიფიცირების პროცედურებს, ავტორიზებულ პირს, მიუხედავად იმისა შეჩერებული აქვს თუ არა საქმიანობა, მაინც ეკისრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები, მათ შორის აღნიშნულიო მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენისა და ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობის დაცვის ვალდებულება. შესაბამისად, შპს „ნამიოს“ მიერ, კომისიისთვის ინფორმაციის წარმოუდგენლობით დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები, რაც წარმოადგენს შპს „ნამიოს“ სანქცირების საფუძველს, გათვალისწინებულს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით.

 კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 9 ოქტომბრის N503/18 გადაწყვეტილებით შპს „ნამიოს“ მიმართ სანქციის სახით უკვე გამოყენებულია გაფრთხილება. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს – დააკისროს  ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე)  0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 30000 ლარისა. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (23.02.2010 N10/291-10) შესაბამისად, შპს „ნამიოს“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე)  0,5 პროცენტი არ აღემატება 10,000.00 ლარს.  შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ნამიოს“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა 10,000.00 ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართვერლოს კანონის  19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 33-ე და 34-ე მუხლების, მე-7 თავის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა)  და ბ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტირიფის“ და ინდ.მეწარმე „ოთარ ჩიხლაძის“ სანქცირებასთან დაკავშირებით;

2. დაჯარიმდეს შპს „ნამიო“ 10,000.00 ლარით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

3. უზრუნველყოს შპს „ნამიომ“ 10,000.00 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა 3 დღის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტირიფის“, შპს „ნამიოსა“ და ინდ.მეწარმე „ოთარ ჩიხლაძისთვის“ გაგზავნა 7 დღის ვადაში დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების დღიდან;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიი აპარატის ადმინისტრაციულ, საფინანსო და სამართლებრივ დეპარტამენტებს (ი.ხარებავა; ი.აბულაძე; კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                    ს.ბრიტანჩუკი

                                                                                    კ.კვიტაიშვილი

                                                                                   ა.სიხარულიძე

                                                                                    ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები