წვდომის მენიუ

მოქალაქე ანა შალამბერიძის ადმინისტრაციულ საჩივარის განხილვაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 115 / 12

გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2010

მიღების თარიღი მარტი 09, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ადმინისტრაციული საჩივრით (02.03.2010 N9/15-10) მიმართა მოქალაქე ანა შალამბერიძემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 198-ე და 199-ე მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისა და კომისიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისთვის ქმედების განხორციელების დავალდებულების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნულია შემდეგი:

2010 წლის 12 იანვარს, მოქალაქე ანა შალამბერიძემ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მიმართა კომისიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაციის გაცემა:

1. კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების სია, თანამდებობრივი სარგოსა და პრემიების ოდენობის მითითებით 2008 წლის განმავლობაში (ცალ-ცალკე);

2. თანამშრომელთა სია, მათი თანამდებობების მითითებით და თითოეული თანამშრომლის თანამდებობრივ სარგოზე, პრემიებსა და ჯილდოებზე კომისიის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2008 წლის განმავლობაში (ცალ-ცალკე);

3. კომისიის თავმჯდომარისა და წევრების სამივლინებო ხარჯები 2008 წლის განმავლობაში (ცალ-ცალკე);

4. თითოეული თანამშრომლის სამივლინებო ხარჯები 2008 წლის განმავლობაში (ცალ-ცალკე);

5. თანამშრომელთა სატელეფონო საუბრებზე (მათ შორის მობილური ტელეფონი) კომისიის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2008 წლის განმავლობაში;

6. თანამშრომელთა მიერ სამსახურის ავტომანქანით (ავტომანქანებით) მომსახურებაზე კომისიის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2008 წლის განმავლობაში;

7. თანამშრომელთა მიერ ბენზინის შესყიდვაზე კომისიის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2008 წლის განმავლობაში;

8. თანამშრომელთა მობილური ტელეფონებისა და ავტომობილების შესყიდვაზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2008 წლის განმავლობაში.

ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნულია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ არსებობს ამავე მუხლში მოცემული საგამონაკლისო ვალდებულებები. 10 დღიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს განმცხადებელს. ადმინისტრაციულ საჩივარში ასევე აღნიშნულია, მოქალაქე ანა შალამბერიძის ადმინისტრაციულ საჩივაზე რეაგირება არ მოუხდენია კომისიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, ამავე დროს, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოთხოვნილი ინფორმაცია განმცხადებელს არ მიაწოდა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, რის გამოც დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა. ადმინისტრაციულ საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელმა პირმა არ გასცა ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადაში და ასევე დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნა, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

მოთხოვნა:

1.      კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე და 178-ე მუხლების საფუძველზე განიხილოს მოქალაქე  ანა შალამბერიძის ადმინისტრაციული საჩივარი;

2.      კომისიამ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს დაავალოს საჯარო ინფორმაციის გაცემა.  

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება  ვალდებულია დაადგინოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე. კომისიის თავმჯდომარის 2009 წლის 1 სექტემბრის N6/5 ბრძანების შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენს კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის თავმჯდომარე წარმოადგენს კოლეგიალური ორგანოს ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომლის უფლებამოსილებაც, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შემოიფარგლება კომისიის აპარატის ხელმძღვანელობითა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე, რომელიც არ შეიცავს ქცევის ზოგად წესს, ბრძანებების გამოცემით. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარე წარმოადგენს კომისიის, როგორც კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანოს შემადგენლობაში შემავალ თანამდებობის პირს და კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი წარმოადგენს კომისიის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს თანახმად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას. კომისია არ არის სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (დაწესებულება) ან საჯარო სამართლის კორპორაცია.

გამომდინარე იქიდან, რომ კომისია წარმოადგენს დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას და შესაბამისად, კომისიას, ისევე როგორც კომისიის თავმჯდომარეს, არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან თანამდებობის პირი. კომისია არ წარმოადგენს მოქალაქე ანა შალამბერიძის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ უფლებამოსილ ადმინისტრაცილ ორგანოს, გათვალისწინებულს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ კომისია ვერ განიხილავს მოქალაქე ანა შალამბერიძის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის მიღებასა ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქე ანა შალამბერიძეს 2010 წლის 5 მარტს შეტყობინებით ეცნობა, რომ 2010 წლის 9 მარტს  16:00 საათზე კომისია განიხილავდა საკითხს მოქალაქე ანა შალამბერიძის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2010 წლის 9 მარტის სხომაზე რომელსაც ესწრებოდა მოქალაქე ანა შალამბერიძე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მოქალაქე ანა შალამბერიძის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციისა, განმცხადებელს გაეგზავნა კომისიის 05.03.2010 N03/608-10 წერილით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უარი უნდა ეთქვას მოქალაქე ანა შალამბერიძეს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

კომისია დამატებით განმარტავს, რომ  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქე ანა შალამბერიძე უფლებამოსილია უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და VII თავის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. უარი ეთქვას  მოქალაქე ანა შალამბერიძეს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების მოქალაქე ანა შალამბერიძესთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა, დაზღვეული საფოსტო  გზავნილის სახით;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის მოქალაქე ანა შალამბერიძესთვის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) 1 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის წევრები                                                                 ს.ბრიტანჩუკი                    

                                                                                                            კ.კვიტაიშვილი

                                                                                                            ა.სიხარულიძე

                                                                                                            ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები