საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 15 იანვრის 40/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 26, 2010
მიღების თარიღი მარტი 12, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 15 იანვრის 40/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კვლევისა და ანალიზის ჩატარების შესახებ საბითუმო ბაზრის ქვემოთჩამოთვლილ სეგმენტებზე და განისაზღვრა ზეპირი მოსმენის ჩატარების შემდეგი თარიღები:
1. მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი; საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2010 წლის 12 მარტს 16:00 საათზე;
2. ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი; საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2010 წლის 12 მარტს 16:00 საათზე;
3. სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი; საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2010 წლის 19 მარტს 16:00 საათზე;
4. საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი; საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2010 წლის 19 მარტს 16:00 საათზე;
5. მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი; საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2010 წლის 26 მარტს 16:00 საათზე;
6. მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი; საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2010 წლის 26 მარტს 16:00 საათზე;
კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ავტორიზებული პირებისგან გამოთხოვილი იქნა შესაბამისი ინფორმაცია, დოკუმენტაცია და დანახარჯების განაწილების მოდელები მომსახურების სახეების მიხედვით.
ინფორმაცია სრული სახით არ იქნა წარმოდგენილი სს”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ, რომელსაც კომისიის 2010 წლის 12 მარტის № 124/18 გადაწყვეტილებით დაეკისრა სანქცია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებისა და კომისიის 2010 წლის 15 იანვრის N40/23 გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის დარღვევის გამო.
ვინაიდან სს ”გაერთიანებული ტელეკომი” საქმიანობს კომისიის 2010 წლის 15 იანვრის №40/23 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ყველა სეგმენტზე, სს ”გაერთიანებული ტელეკომისგან” ინფორმაციის სრული სახით მიღებამდე შეუძლებელია კვლევისა და ანალიზის ჩატარება ამ სეგმენტებზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა და მათთვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება.
გარდა აღნიშნულისა, 2010 წლის 12 მარტს კომისიამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:
1. №120/19, სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” სიხშირეებისა და ნუმერაციის მინიჭების გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 22 თებერვლის N95/13, 14 მარტის N126/13, 4 ივლისის N388/13, 25 ივლისის N424/13, 24 ოქტომბრის N613/13 და 2009 წლის 29 მაისის N262/7, 31 ივლისის N373/13 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;
2. № 121/19, ”სს ”საქართველოს ელექტროკავშირისთვის” ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 4 თებერვლის №77/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
3. №122/15, შპს ”სილქნეტისთვის” ნუმერაციის მინიჭების შესახებ;
4. №123/19, შპს ”სილქნეტისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ;
5. №125/22, სს ”გაერთიანებულ ტელეკომსა” და შპს ”სილქნეტს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N20, №N51, №N89, №N90, №N91, №N92, №N93, №N95, №N105, №N122, №N136, №N139 ლიცენზიების, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის №F28 და №F11 ლიცენზიების გადაპირების და კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9, 2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2009 წლის 31 ივლისის №359/9, 2007 წლის 31 აგვისტოს №498/9, 2008 წლის 17 ოქტომბრის №605/9, 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22, 2007 წლის 17 აპრილის №191/9, 2007 წლის 3 აგვისტოს №432/9, 2008 წლის 15 აგვისტოს №475/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
6. №126/22, შპს ”ვანექსსა” და შპს ”სილქნეტს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N37 ლიცენზიის გადაპირებისა და 2008 წლის 17 ოქტომბრის №605/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
7. №127/22, შპს ”აჭარის ელექტროკავშირსა” და შპს ”სილქნეტს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N2 და №N140 ლიცენზიის გადაპირების და კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №498/9, 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22, 2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2007 წლის 3 აგვისტოს №432/9, 2009 წლის 31 ივლისის №359/9, 2008 წლის 4 აპრილის №189/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისიაში აგრეთვე წარმოდგენილია სს ”გაერთიანებული ტელეკომის”, შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” და შპს ”ვანექსის” წერილები (№6/842-10, 6/841-10, 6/843-10), ავტორიზებულ პირებთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან ყველა ის საშუალება როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური აქტივები და ამოწურვადი რესურსები, რითაც სს ”გაერთიანებული ტელეკომი”, შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” და შპს ”ვანექსი” ახორციელებდნენ ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, გადაეცა მათთან აფილირებულ პირს - შპს ”სილქნეტს”; ბოლო მომხმარებლების და ურთიერთჩართული ავტორიზებული პირების ინტერესების გათვალისწინებით, მათთვის მომსახურების უწყვეტად გაწევას იგივე ტარიფებით და პირობებით უზრუნველყოფს შპს ”სილქნეტი”.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”სილქნეტმა” (რეგისტრაციის №204566978; 02.04.2009წ.), გაიარა ავტორიზაცია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და/ან მომსახურების შემდეგ სახეებზე:
ა) ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: 1.სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი; 2. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი; 3. სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებები; 4. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებები.
ბ) ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: 1. არხული საკომუტაციო საშუალებები; 2. პაკეტური საკომუტაციო საშუალებები;
გ) მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:1. სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებები; 2. ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებები; 3. სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებები; 4. ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებები;
დ) მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა: 1.რადიოსიხშირული მაგისტრალური არხები და შესაბამისი ელემენტები;
ე) საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა: 1. საკანალიზაციო არხები;
ვ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: 1.ელექტრონული საკომუნიკაციო ანძები; 2.საბილინგო მონაცემთა ბაზები; 3. სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზები; 4. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებები (CIP/H323); 5. ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობა (IP TV, IP ტელეფონია)
ზ) ფიჭური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: 1. CDMA;
თ) თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: 1. თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებები;
ი) ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: 1.ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; 2. საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; 3. საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
კ) ინტერნეტ მომსახურება: 1. კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up); 2. სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); 3. ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; 4. CDMA;
ლ) მონაცემთა გადაცემა;
მ)ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება: 1. ტრანზიტული ტელემაუწყებლობის მომსახურება;
ნ) მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება: 1. ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; 2. საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
ო) მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა: 1. ტექსტური შეტყობინების მომსახურება;
პ) ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”სილქნეტის” მიერ უნდა მოხდეს კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის და მომსახურების სახეებზე დანახარჯების განაწილების მოდელების წარმოდგენა, ჩამოთვლილი სამივე კომპანიის მონაცემების გათვალისწინებით.
კომისიის სხდომის მიმდინარეობისას შპს ”სილქნეტის” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინფორმაციის წარმოდგენისთვის საჭირო იქნება არანაკლებ ერთი თვის ვადა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სილქნეტის” მიერ ინფორმაციის და დოკუმენტაციის სრული სახით წარმოდგენის შემდეგ აუცილებელია მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, რაც თავის მხრივ დამატებით ვადას საჭიროებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, აგრეთვე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის გათვალისწინებული ვადების დაცვის მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დინების შეჩერება გარკვეული დროით და კომისიის 2010 წლის 15 იანვრის 40/23 გადაწყვეტილებით დაწყებულ საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებათა ზეპირი მოსმენების ახალი თარიღების განსაზღვრა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის, მე-100 მუხლის მე-4 ნაწილისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 15 იანვრის 40/23 გადაწყვეტილების 1-ლი, მე-3, მე-5, მე-7, მე-9 და მე-11 პუნქტების შესაბამისად დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების ფარგლებში დანიშნული ზეპირი მოსმენების თარიღად განისაზღვროს: 2010 წლის 14 მაისი 12:00 საათი, მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილებები მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენების ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
2. დინება შეჩერებულად ჩაითვალოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 15 იანვრის 40/23 გადაწყვეტილების 1-ლი, მე-3, მე-5, მე-7, მე-9 და მე-11 პუნქტების შესაბამისად დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები 2010 წლის 26 აპრილამდე;
3. უზრუნველყოს შპს ”სილქნეტმა” კომისიის მიერ 2010 წლის 15 იანვარის №40/23 გადაწყვეტილების საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა 2010 წლის 15 აპრილამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
6. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღებისთანავე;
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტს.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
