წვდომის მენიუ

სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სანქცირების შესახებ

ნომერი: 124 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2010

მიღების თარიღი მარტი 12, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ”კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.“

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ დეპარტამენტს წარმოებაში აქვს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (04.03.2010 N10/335-10), სადაც აღნიშნულია, რომ „ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 15 იანვრის N40/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „გაერთიანებული ტელეკომისგან“ 2010 წლის 20 იანვარს,   N02/187-10  წერილით, კომისიის მიერ, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია და დოკუმენტაცია. აღნიშნული ინფორმაცია სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ უნდა ყოფილიყო 2010 წლის 15 თებერვლამდე.  მოთხოვნილი ინფორმაცია, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ წარმოდგენილ იქნა არასრულყოფილი სახით, კერძოდ კომპანიის მიერ არ იქნა წარმოდგენილი დანახარჯების განაწილების მოდელი წერილში აღნიშნულ თითოეული მომსახურების სახეზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2010 წლის 10 მარტს, კომისიაში დაიწყო სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით ეცნობა სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2010 წლის 12 მარტის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ლ.გიორგაძე, რომელმაც აღიარა დარღვევის ფაქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 15 იანვრის N40/23 გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის შესაბამისად,  ავტორიზებულს პირებს დაევალათ აღნიშნული გადაწყვეტილებით  განსაზღვრული ბაზრის შესაბამისი სეგმენტების შესასწავლად ინფორმაციის და გაანგარიშებების მოწოდება კომისიის მიერ წერილობით მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ფორმითა და ვადაში;

2. კომისიის მიერ ავტორიზებული პირებისთვის, მათ შორის სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ გაგზავნილ იქნა წერილი (N02/187-10 20.01.10 წ) და „ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 15 იანვრის N40/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოთხოვნილ იქნა დანახარჯების განაწილების მოდელი წერილში მითითებულ  მომსახურების თითოეულ სახეზე, ამავე დროს, წერილით განისაზღვრა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის ფორმა. ავტორიზებული პირების მიერ აღნიშნული ინფორმაცია და დოკუმენტაცია კომისიაში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო 2010 წლის 15 მარტამდე.

ავტორიზებულ პირებს დამატებით ეცნობათ, რომ მათ მიერ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის, დაგვიანებით წარმოდგენის, არასრულყოფილად ან არასწორი სახით წარმოდგენის შემთხვევაში, მათ მიმართ გამოყენებულ იქნებოდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.

3. სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ, მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნა არასრულყოფილი სახით. კერძოდ, კომპანიის მიერ არ იქნა წარმოდგენილი დანახარჯების განაწილების მოდელი წერილში აღნიშნულ თითოეული მომსახურების სახეზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიაკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ ან პირად საიდუმლოებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესახებ, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად; ამავე მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

სს „გაერთიანებული ტელეკომის“, როგორც ავტორიზებული პირის მიერ, კომისიისთვის არასრული ინფორმაციის წარმოუდგენლობით, დარღვეულია „ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19  მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები და კომისიის 2010 წლის 15 იანვრის N40/23 გადაწყვეტილების მე-14 პუნქტი, რაც წარმოადგენს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სანქცირების საფუძველს გათვალისწინებულს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N363/12 გადაწყვეტილებით სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ სანქციის სახით უკვე გამოყენებულია გაფრთხილება. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს – დააკისროს  ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე)  0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 30000 ლარისა. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (11.03.2010 N10/363-10) შესაბამისად, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე)  0,5 პროცენტი აღემატება 30,000.00 ლარს.  შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა 30,000.00 ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებისა და კომისიის  2010 წლის 15 იანვრის N40/23 გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის დარღვევის გამო.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ)  ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16  პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმა

გადაწყვიტა:

1. დაჯარიმდეს სს „გაერთიანებული ტელეკომი“ 30,000.00 ლარით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ)  ქვეპუნქტებისა და კომისიის 2010 წლის 15 იანვრის N40/23 გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ 30,000.00 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 დღის ვადაში;

3. უზრუნველყოს სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ კომისიის 2010 წლის 20 იანვრის N02/187-10 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილი სახით წარმოდგენა 3 სამუშო დღის ვადაში;

4. ეცნობოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, რომ მის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ გამოიყენოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ გაგზავნა 7 დღის ვადაში დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესარულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე)

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი);

კომისიის თავმჯდომარე                                          ი.ჩიქოვანი             

კომისიის წევრები                                                    ა.სიხარულიძე

                                                                                  კ.კვიტაიშვილი          

                                                                                    ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები