შპს ”ვანექსსა” და შპს ”სილქნეტს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N37 ლიცენზიის გადაპირების და 2008 წლის 17 ოქტომბრის №605/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2010
მიღების თარიღი მარტი 12, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ვანექსმა” (09.03.2010 №6/805-10) და წარმოუდგინა შპს ”სილქნეტთან” 2010 წლის 9 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N37 ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”სილქნეტისთვის” გადაცემას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ვანექსი” კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №237/2 გადაწყვეტილებით ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N37 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსები:
240XXX-244XXX, 430XXX-435XXX;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2011 წლის 9 ნოემბრამდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას. კომისია ხელშეკრულების წარმოდგენიდან 7 დღის ვადაში ამოწმებს ხელშეკრულების ამ კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობას, რის შემდეგაც 3 დღის ვადაში შეაქვს სათანადო ცვლილებები უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და გასცემს სალიცენზიო მოწმობას ან მოქმედებს ამ კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად”, ხოლო 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონში კომისიის მიერ დანაწილებული კონკრეტული ზოლის 50 პროცენტის ან მეტის მფლობელი”. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის გათვლებით შპს ”ვანექსსა” და შპს ”სილქნეტს” შორის პირდაპირი გადაპირებაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში, ქ.თბილისში შპს ”სილქნეტი” გახდება ნუმერაციის რესურსის 54,09%-ის მფლობელი.
კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესები”-ს მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის გამჭვირვალე, თანასწორუფლებიანი და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების უზრუნველყოფის მიზნით სისტემური რისკ-ფაქტორების შეფასება განხორციელებულ უნდა იქნას მსურველი პირების მხრიდან ამ რესურსებზე პოტენციური მოთხოვნის, ამოწურვადი რესურსების ხელმისაწვდომობის და ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფის, ამ რესურსების გამოყენებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეზე მომხმარებლების მხრიდან ჩამოყალიბებული მოთხოვნის ზრდის ფაქტორების გაანალიზებით”. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითრებისა და კონკურენციის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ”სილქნეტის” მიერ ქ.თბილისში ნუმერაციის რესურსის 54,09%-ის ფლობა (ანუ დამატებითი 11000 სააბონენტო ნომერი) ვერ გახდება კონკურენციის შემზღუდველი ფაქტორი, არ შექმნის ბაზარზე შესვლის რაიმე სისტემურ დაბრკოლებას და არ ეწინააღმდეგება ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლგიური წესები”-ს მე-20 მუხლის მე-4 პუნქტში ასახულ მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს “ვანექსსა” და შპს ”სილქნეტს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N37 ლიცენზიის გადაპირება და შპს ”სილქნეტისათვის” ახალი სალიცენზიო მოწმობის გაცემა.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ კომისიაში 2010 წლის 12 მარტს შემოვიდა შპს ”ვანექსის” წერილი №6/843-10, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ”ვანექსი” წყვეტს ავტორიზებულ პირებთან არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის ურთიერთჩართვას. აღნიშნული განპირობებულია შპს ”ვანექსის” მიერ შპს ”სილქნეტისათვის” მატერიალური და არამატერიალური აქტივებისა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების გადაცემით, რომლითაც კომპანია ახორციელებდა საქმიანობას საკომუნიკაციო ბაზარზე. კომისიაში წარმოდგენილი გადაპირების ხელშეკრულების დამტკიცების შემთხვევაში შპს ”ვანექსს” აღარ ეყოლება ბოლო მომხმარებელი.” შესაბამისად მასზე ვერ გავრცელდება ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მესამე პუნქტი, რომლის შესაბამისად, ”ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება.” წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო მომხმარებლებისა და შპს ”ვანექსთან” ურთიერთჩართული ავტორიზებული პირების ინტერესების გათვალისწინებით მათთვის მომსახურების მიწოდებას წყვეტის გარეშე განახორციელებს შპს ”სილქნეტი” მოქმედი ხელშეკრულების პირობებითა და ტარიფებით.
გასათვალისწინებელია, რომ შპს ”ვანექსი” წარმოადგენს შპს ”სილქნეტის” აფილირებულ პირს, კერძოდ, შპს ”ვანექსი” წარმოადგენს შპს ”სილქნეტის” დამფუძნებელსა და საწესდებო კაპიტალის 3.89%-იანი წილის მფლობელს, რაც დასტურდება შპს „ვანექსის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული ამონაწერით შპს „ვანექსის“ პარტნიორთა კრების ოქმიდან, რომლის შესაბამისად შპს „ვანექსის“ აქტივები (მათ შორის ყველა ის ტექნიკური საშუალება, რითაც კომპანია ახორციელებდა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე მომხმარებლებისთვის საკომუნიკაციო მოსახურების მიწოდებას) შეტანილ იქნა შპს „გაერთიანებული კვანძების“ საწესდებო კაპიტალში, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 2 მარტის NB10029444/3 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „სილქნეტი“.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის შესახებ” კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის №605/9 გადაწყვეტილებით, შპს ”ვანექსი” ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად და დაეკისრა რიგი სპეციფიკური ვალდებულებებისა. შპს ”სილქნეტის” მხრიდან საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების, ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის მეორე პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ა), გ) და დ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიაზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, რომლის შესაბამისად, კომისია ვალდებულია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობაში არ დაუშვას მონოპოლიური მდგომარეობა და ხელი შეუწყოს ბაზრის ლიბერალიზაციას, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, რაც გამოიხატება საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებაში, შენარჩუნებასა და განვითარებაში და ერთი ან რამოდენიმე აფილირებული ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებაში, აუცილებელია, კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის №605/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა, შპს ”ვანექსის”, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის შპს ”სილქნეტით” ჩანაცვლების მიზნით. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის მიერ მიღებული იქნა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მიზანშეწონილია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის №605/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის მეორე პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ა), გ) და დ) ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის მეორე პუნქტის, 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 51-ე მუხლის პირველი პუნქტის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კეჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N37 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”სილქნეტი” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსები:
240XXX-244XXX, 430XXX-435XXX;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2011 წლის 9 ნოემბრამდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
3. შპს ”სილქნეტს” დაევალოს ბოლო მომხმარებელს მომსახურების გაწევა შეფერხების გარეშე შპს ”ვანექსის” მიერ ბოლო მომხმარებლისთვის შეთავაზებული სახელშეკრულებო პირობებით ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის მანძილზე, ან შესთავაზოს უკეთესი პირობები;
4. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის №605/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
5. ზეპირი მოსმენა დაინიშნოს 2010 წლის 16 აპრილს 16.00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
7. გადაწყვეტილების მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
8. გადაწყვეტილება (გარდა მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველ და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ.გოთოშია), ხოლო კონტროლი მე-4 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე - სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ.ბუთბაია).
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი