წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 128 / 22

გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2010

მიღების თარიღი მარტი 15, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.ამავე კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. 

    კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 13 მარტის 20.00 საათზე პროგრამაში ”სპეციალური რეპორტაჟი” გადაიცა ინსცენირებული ახალი ამბების გამოშვება „ქრონიკა“, რომელიც იყო დადგმული და არ შეიცავდა რეალური ფაქტებისა და მოვლენების აღწერას. გადაცემის შინაარსისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ტელემაუწყებელმა აუდიტორიის გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა და ცალკეულ შემთხვევებში გამოიწვია საზოგადოებრივი მღელვარება. 

   გამომდინარე იქიდან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამავე დროს, მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, კომისიამ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა  და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით და 2010 წლის 15 მარტს 18:00 საათზე დანიშნა კომისიის სხდომა, შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით.

      კომისიის სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის თაობაზე ინფორმაცია, კერძოდ კომისიის 2010 წლის 15 მარტის N15 სხდომის დღის წესრიგი გამოქვეყნებულ იქნა კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge). ამავე დროს, შპს „ტელეიმედს“ 2010 წლის 15 მარტს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები (N03/674-10; N03/675-10) ამავე დროს, შპს „ტელეიმედი“ ტელეფონოგრამის მეშვეობით მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

       კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში წარმოდგენილ იქნა მომხმარებლებისა და დაინტერესებული პირების საჩივრები, შპს „ტელეიმედის“ მიერ 2010 წლის 13 მარტის 20.00 საათზე პროგრამაში ”სპეციალური რეპორტაჟი”  ინსცენირებული ახალი ამბების გამოშვება „ქრონიკის“ გადაცემასთან დაკავშირებით,  კერძოდ:

      1. საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის საჩივარი (15.03.2010 N6/857-10) სადაც აღნიშნულია, რომ შპს „ტელეიმედის“ მიერ დარღვეულ იქნა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-12 მუხლი, მე-13 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები, მე-14 მუხლის პირველი პუნქტი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტი.

მოთხოვნა: შპს „ტელეიმედს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გაუუქმდეს ლიცენზია;

            2. მოქალაქეთა საჩივარი (15.03.2010 N9/21-10) სადაც აღნიშნულია, რომ შპს „ტელეიმედის“ მიერ დარღვეულ იქნა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-13 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტები;

მოთხოვნა: კომისიის უახლოეს სხდომაზე მიღებულ იქნას კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება;

            3. დაინტერესებული პირების საჩივარი (15.03.2010 N6/886-10) სადაც აღნიშნულია, რომ შპს „ტელეიმედის“ მიერ  დარღვეულ იქნა „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-14 მუხლის მე-10 პუნქტი.

მოთხოვნები:

ა) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ე) ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ ნორმების დარღვევისთვის შპს „ტელეიმედის“ მიმართ გამოყენებულ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე ან/და 72-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციები;

ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ე) ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევისთვის შპს „რადიო იმედს“ დაეკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე ან/და 72-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები;

გ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკითხის განხილვა განხორციელდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცეს მასში მონაწილეობისა და საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება.

            კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2010 წლის 15 მარტის ღია სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ტელეიმედის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი გრიგოლ გიორგაძე, ასევე საჩივრების ავტორთა წარმომადგენლები, სხვა დაინტერესებული პირები, საზოგადოებისა და პრესის წარმომადგენლები.

            კომისიის სხდომაზე შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 2010 წლის 13 მარტის 20.00 საათზე პროგრამაში ”სპეციალური რეპორტაჟი” გასული მოდელირებული ახალი ამბების გადაცემა „ქრონიკა“ მიზნად არ ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა ან საზოგადოებაში პანიკისა და არეულობის გამოწვევას. გადაცემის დაწყების წინ, ეთერში განმარტებული იყო, რომ გადაცემა იყო მოდელირებული (ინსცენირებული) და არ შეიცავდა რეალურ ფაქტებსა და გარემოებებს. აღნიშნული განმარტება ასევე გაკეთდა გადაცემის დასრულებისთანავე.

            კომისიამ შეისწავლა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიაში წარმოდგენილი მასალები, მათ შორის დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი საჩივრები და აღნიშნავს შემდეგს:

            1. შპს „ტელეიმედის“ მიერ 2010 წლის 13 მარტის 20.00 საათზე პროგრამაში ”სპეციალური რეპორტაჟი” გასული ახალი ამბების გადაცემა „ქრონიკა“ შეიცავდა არარეალურ ფაქტებსა და მოვლენებს, რომელთაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა არსებულ რეალობასთან. მაუწყებლის მიერ საუკეთესო დროს, ახალი ამბების პროგრამაში გაშუქებული ფაქტები არ იყო გადმოცემული ჯეროვანი სიზუსტით და შესაბამისად, შპს „ტელეიმედის“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც, საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელები, აგრეთვე  საზოგადოებრივი და სათემო მაუწყებლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება.

            2. შპს „ტელეიმედის“ მიერ 2010 წლის 13 მარტს, 20:00 საათზე პროგრამაში ”სპეციალური რეპორტაჟი” გასული ახალი ამბების გადაცემა „ქრონიკაში“ გასულმა არასწორმა ინფორმაციამ გამოიწვია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და შესაბამისად, იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რისი გადაცემაც მოხდა მაუწყებლის მიერ, ცალკეულ შემთხვევებში, საზოგადოებრივი მღელვარება. შპს „ტელეიმედის“ მიერ განხორციელებული აღნიშნული ქმედება კი წარმოადგენს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას, რომლის შესაბამისადაც, მაუწყებელი ვალდებულია მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში დადგმებისა და ინსცენირების  გამოყენებისგან, ან ნათლად უნდა განმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება. დოკუმენტური ან რეალური ფაქტების ყოველი სამაუწყებლო  რეკონსტრუქცია უნდა იყოს ნათლად მითითებული. შპს „ტელეიმედის“ მიერ, მოდელირებული ახალი ამბების პროგრამა „ქრონიკის“ ეთერში გადაცემა განხორციელდა „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ ზემოაღნიშნული ნორმის უხეში დარღვევით. კერძოდ, მაუწყებლის მიერ, გადაცემის მსვლელობისას ნათლად არ იქნა მითითებული, რომ ახალი ამბების პროგრამა „ქრონიკა“ არ შეიცავდა რეალურ ინფორმაციას და მასში მოყვანილი ფაქტები წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ დადგმასა და ინსცენირებას. მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის დაწყების წინ, შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ეთერში გაკეთებული იყო განცხადება, რომ საზოგადოება იხილავდა „მოდელირებულ“ „ქრონიკას“, აღნიშნული არ წარმოადგენდა საკმარის და ადეკვატურ ღონისძიებას, რაც მაუწყებელს უნდა განეხორციელებინა მსგავს შემთხვევაში და რისი გაკეთების შემთხვევაშიც, საზოგადოება შესაბამისად იქნებოდა ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ გადაცემა „ქრონიკაში“ მოყვანილი ფაქტები იყო ინსცენირებული და საერთო არაფერი ჰქონდა რეალურ ფაქტებთან და მოვლენებთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოდელირებული „ქრონიკა“ გავიდა ტელეარხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსების დროს - 20:00 საათზე, რის გამოც ინსცენირება კიდევ უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა მაყურებლისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აზრით, შპს „ტელეიმედის“ მიერ დარღვეულ იქნა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა.

შპს „ტელეიმედი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის NB16 ლიცენზიას, რომლის დანართი N2 ითვალსიწნებს შპს „ტელეიმედის“ ვალდებულებას მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ13 პუნქტის შესაბამისად, ქცევის კოდექსი არის ამ კანონის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს ლიცენზიის მფლობელთა მიერ მომსახურების გაწევის წესებს და შესაბამისად, წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტელეიმედის“ მიერ დარღვეულ იქნა 54-ე მუხლის პირველი პუნქტი, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-13 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეიმედის“ მიერ ასევე დარღვეულ იქნა კერძო მაუწყებლობის NB16 ლიცენზიის დანართი N2-ს ა) პუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო ვალდებულება.

კომისიის სხდომაზე კომისიის წევრის ბატონ ირაკლი მოსეშვილის მიერ აღინიშნა, რომ შპს „ტელეიმედის“ მიერ გარდა ზემოაღნიშნულისა, ასევე დარღვეულ იქნა “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტი, 57-ე მუხლის, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 48-ე მუხლი.   

კომისიის მიერ არ იქნა გაზიარებული კომისიის წევრის ბატონ ირაკლი მოსეშვილის მიერ დაყენებული წინადადება შპს „ტელეიმედის“ მიერ “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის, 57-ე მუხლის, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 48-ე მუხლის დარღვევის თაობაზე, ვინაიდან კომისიის სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მუხლების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

            კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“  მე-14 მუხლი ითვალისწინებს სახელმძღვანელო რეკომენდაციებს მაუწყებლის მიერ ზუსტი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამსიად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორია სანდო და ზუსტი ინფორმაციით და არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. გამომდინარე იქიდან, რომ ქცევის კოდექსის აღნიშნული მუხლი სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ შედის კოდექსით გათვალისწინებულ შესასრულებლად სავალდებულო ნაწილში, კომისია, გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად ვერ მიუთითებს ზემოაღნიშნული მუხლის დარღვევას.

            კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულია მაუწყებლის ვალდებულება  ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს მომხმარებელთა საჩივრები, მათ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევასთან დაკავშირებით.

            კომისია დამატებით მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/421,422 გადაწყვეტილებაზე, რომლის შესაბამისადაც არ დაკამყოფილდა N421 და N422 კონსტიტუციური სარჩელები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „...გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ კონსტიტუციურობის თაობაზე, მოთხოვნათა იმ ნაწილში, რომელიც ეხება 52-ე მუხლის პირველ პუნქტს, 54-ე მუხლის პირველ პუნქტს და 56-ე მუხლის მე-5 პუნქტს. ასევე არ დაკმაყოფილდა N421 და N422 კონსტიტუციური სარჩელები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-591 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების სიტყვების „...ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ კონსტიტუციურობის თაობაზე, მოთხოვნათა იმ ნაწილში, რომელიც ეხება 52-ე მუხლის პირველ პუნქტს, 54-ე მუხლის პირველ პუნქტს და 56-ე მუხლის მე-5 პუნქტს.

            კომისია დამატებით განმარტავს, რომ ვერ გაიზიარებს მომჩივანთა ნაწილის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ტელეიმედის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება და ჯარიმა ერთდროულად, ასევე რომ შპს „ტელეიმედს“ უნდა შეუჩერდეს ან/და გაუუქმდეს კერძო მაუწყებლობის ლიცენზია, გამომდინარე იქიდან, რომ  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ზუსტად განსაზღვრავს სამაუწყებლო ლიცენზიის შეჩერებისა და გაუქმების საფუძვლებს. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია განიხილავს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საკითხს, თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ან სალიცენზიო პირობებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. ამავე კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძვლებია: ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა; ბ) ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია); გ) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში; დ) ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ლიცენზიის მფლობელი ამ ვადაში არ აღმოფხვრის კომისიის მიერ მითითებულ დარღვევას; ე) ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დაუწყებლობა კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში.

შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერებამდე ან გაუქმებამდე, კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები, კერძოდ აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაფრთხილება, შემდგომ, დარღვევის აღმოუფხვრელობის ან/და ერთი წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა, მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

            შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწნებს სანქციის სახით გაფრთხილებისა და ჯარიმის ერთდროულად გამოყენებას, ისევე როგორც ლიცენზიის მოქმედების ვადის შეჩერებასა და გაუქმებას კანონით დადგენილი წინაპირობების გარეშე.

            კომისია ასევე ვერ გაიზიარებს კომისიის წევრის ბატონი ირაკლი მოსეშვილის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას შპს „ტელეიმედის“ მიმართ სანქციის სახით ჯარიმის გამოყენების თაობაზე გამომდინარე იქიდან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სანქციის სახით ჯარიმა შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელმა, კომისიის მიერ მისთვის გაფრთხილების სახით სანქციის გამოყენებისას არ აღმოფხვრა დარღვევა კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში, ან დარღვევისათვის გაფრთხილების გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში  ჩაიდინა ახალი დარღვევა.

 უფრო მეტიც, კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591-ე მუხლიდან გამომდინარე საერთოდ მოკლებულია შესაძლებლობას გამოიყენოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები, მაუწყებლის მიერ კანონის 54-ე მუხლისა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში.

            კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან დადასტურებულ იქნა შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-13 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების და შპს „ტელეიმედის“ კერძო მაუწყებლობის NB16 ლიცენზიის №2 დანართის  ა) პუნქტით განსაზღვრული პირობის დარღვევის ფაქტი, კომისია, როგორც მაუწყებლობის სფეროში მარეგულირებელი ორგანო, რომლის ერთ-ერთ ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ შპს „ტელეიმედს“ დაავალოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში, საკუთარ ეთერში 20:00 საათიანი ახალი ამბების გამოშვება „ქრონიკაში“ გადასცეს დეკლარაცია, მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და სალიცენზიო პირობების დარღვევის თაობაზე.

            კომისია მიიჩნევს, რომ შპს „ტელეიმედისთვის“ დეკლარაციის გამოქვეყნების დაკისრება, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსისა“ და კერძო მაუწყებლობის NB16 ლიცენზიის დანართი N2-ს ა) პუნქტით განსაზღვრული პირობის დარღვევის თაობაზე, წარმოადგენს ერთადერთ კანონიერ ღონისძიებას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას შპს „ტელეიმედის“ მიმართ მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსისა“ და სალიცენზიო ვალდებულების დარღვევის გამო.

            კომისია ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ზემოქმედების აღნიშნული ღონისძიება გამოყენებულ უნდა იქნას ეფექტურად. დეკლარაციის შინაარსში უნდა აისახოს შპს „ტელეიმედის“ ვალდებულება განახორციელოს ეფექტური რეაგირება მოქალაქეთა საჩივრებზე და თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი წესით უზრუნველყოს საჩივრების განხილვა.

            კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულია მაუწყებლის ვალდებულება  ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ შესაბამისად, თვითრეგულირების  ეფექტიანი მექანიზმი უნდა შეესაბამებოდეს მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და ითვალისწინებდეს საჩივრის ეფექტიანად განხილვის გამჭვირვალე პროცედურას და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას  მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის საფუძველზე და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოფილი უნდა იქნას საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცესი. საჩივრების განხილვა უნდა განხორციელდეს დროულად, გონივრულ  ვადაში. საჩივრის განხილვისას მაუწყებელმა (სააპელაციო ორგანომ) უნდა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის დასწრება. საჩივართან და სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული. მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაეგზავნოს ყველა დაინტერესებულ მხარეს.

გამომდინარე იქიდან, რომ კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ახორციელებს ზედამხედველობას მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”ტელეიმედს” უნდა დაეკისროს ვალდებულება 2010 წლის 13 მარტის 20.00 საათზე პროგრამაში ”სპეციალური რეპორტაჟი” გასული ინსცენირებული ახალი ამბების გამოშვება „ქრონიკასთან“ დაკავშირებით, შპს ”ტელეიმედის” თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მოქალაქეთა ინდივიდუალური საჩივრების წარმოებაში მიღებისა და განხილვის შედეგების თაობაზე აცნობოს კომისიას და წარმოუდგინოს შესაბამისი ანგარიში ეტაპობრივად, მიღებული გადაწყვეტილებების დამოწმებული ასლებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ13 პუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის, 591-ე მუხლის პირველი ნაწილის, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“  მე-13 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, 4 ხმით (ერთმა თავი შეიკავა),

გადაწყვიტა:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-13 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების და შპს „ტელეიმედის“ კერძო მაუწყებლობის NB16 ლიცენზიის №2 დანართის  ა) პუნქტით განსაზღვრული პირობის დარღვევის გამო, შპს „ტელეიმედს“ დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში, საკუთარ ეთერში 20:00 საათიანი ახალი ამბების გამოშვება „ქრონიკაში“ გადასცეს დეკლარაცია, მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და სალიცენზიო პირობების დარღვევის თაობაზე;

2. დამტკიცდეს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული დეკლარაციის ტექსტი შემდეგი რედაქციით:

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 15 მარტის N128/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, გადმოგცემთ დეკლარაციას შპს „ტელეიმედის“ მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 21 აპრილის №202/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობისა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დარღვევის თაობაზე.

2010 წლის 13 მარტის 20.00 საათზე პროგრამაში ”სპეციალური რეპორტაჟი” გადაიცა ინსცენირებული ახალი ამბების გამოშვება „ქრონიკა“, სადაც ნათლად არ ყოფილა განმარტებული, რომ გადაცემა იყო დადგმული და არ იყო რეალური ფაქტებისა და მოვლენების აღწერა; გადაცემის შინაარსისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ტელემაუწყებელმა აუდიტორიის გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა და ცალკეულ შემთხვევებში გამოიწვია საზოგადოებრივი მღელვარება.

აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის, შპს ”ტელეიმედის” №B16 ლიცენზიის პირობისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების დარღვევას.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა.

შპს ”ტელეიმედი” №B16 ლიცენზიის პირობების შესაბამისად ვალდებულია თავის საქმიანობაში დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მოთხოვნები.

”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს ”ტელეიმედი” ვალდებული იყო არ დაეშვა საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, შპს ”ტელეიმედს” თავი უნდა შეეკავებინა ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში ინსცენირების გამოყენებისგან ან გარკვეული ნიშანდებით ნათლად უნდა განემარტა, რომ ეს არის დადგმა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის და ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-13 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების  დარღვევის გამო,  შპს ”ტელეიმედს” დაევალა დეკლარაციის გამოქვეყნება.

შპს „ტელეიმედი“ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის, შპს ”ტელეიმედის” №B16 ლიცენზიის პირობებისა და ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” დარღვევისა და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი პროგრამის გადაცემის გამო, ბოდიშს უხდის მაყურებელს და  ამავდროულად გამოთქვამს მზადყოფნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში განიხილოს მოქალაქეთა ყოველი ინდივიდუალური საჩივარი.”;

3. შპს ”ტელეიმედი” ვალდებულია 2010 წლის 13 მარტის 20.00 საათზე პროგრამაში ”სპეციალური რეპორტაჟი” გასული ინსცენირებული ახალი ამბების გამოშვება „ქრონიკასთან“ დაკავშირებით, შპს ”ტელეიმედის” თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მოქალაქეთა ინდივიდუალური საჩივრების წარმოებაში მიღებისა და განხილვის შედეგების თაობაზე აცნობოს კომისიას და წარმოუდგინოს შესაბამისი ანგარიში ეტაპობრივად, მიღებული გადაწყვეტილებების დამოწმებული ასლებით; 

4. განემარტოს შპს ”ტელეიმედს”, რომ მის მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული ეფექტური თვითრეგულირების მექანიზმის დაუყოვნებლივ აუმოქმედებლობის შემთხვევში, კომისია, მის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს;

5. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი) შეიმუშავოს წინადადებები, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელთა მიერ ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მოთხოვნათა შესრულებასა  და თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტური მუშაობაზე  მონიტორინგის განხორციელებისათვის;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელეიმედისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

8. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გადაწყვეტილებითი ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის  სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

            კომისიის თავმჯდომარე                                          ი.ჩიქოვანი

            კომისიის წევრები                                                     ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                ა.სიხარულიძე

                                                                                                კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები