ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 26, 2010
მიღების თარიღი მარტი 19, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, ჩადენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 50,000.00 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, თუ ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას ან შეთანხმებას ასეთის არარსებობის შემთხვევაში;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები №000158 და N000159, შედგენილი 2010 წლის 25 თებერვალს, რომლებშიც აღნიშნულია, რომ 2010 წლის 25 თებერვალს, შიდა ქართლის მხარეში, ქ.გორისა და ქარელის რაიონის სოფელ რუისის მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარდა მონიტორინგი, რათა დადგენილიყო TV და FM სიხშირული დიაპაზონებით არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტები. გაირკვა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მოყოლებული, შიდა ქართლის მხარეში, ულიცენზიოდ ვრცელდება ტელესამაუწყებლო სიგნალი კერძოდ, ქ.გორსა და ქარელის რაიონის სოფელ რუისის მიმდებარე ტერიტორიებზე, 46-ე და 25-ე სატელევიზიო არხებზე ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-ს სატელევიზიო სიგნალი, კერძოდ პროგრამა „Кинохит“-ი და „Футбол“-ი. აღნიშნულს ადასტურებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებზე თანდართული შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის, ვიდეო მასალა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-ისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2010 წლის 25 თებერვალს, რომლებიც კომისიას წარედგინა 2010 წლის 1 მარტს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2010 წლის 5 მარტის 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2010 წლის 1 მარტს, რის შესახებაც რუსულ ენაზე შედგენილი შეტყობინებით ეცნობა ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-ს (01.03.2010 N03/581-10). კომპანიას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. მხარეს ასევე განემარტა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2010 წლის 5 მარტს. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-ს წარმომადგენელი. კომისიაში 2010 წლის 4 მარტს კომისიაში წარმოდგენილ იქნა ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-ს შუამდგომლობა (04.03.2010 N8/43-10) საკითხის განხილვის გადადების მოთხოვნით. კერძოდ, შუამდგომლობაში კომპანია ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების შესწავლისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, ითხოვდა საკითხის განხილვის გადადებას 2010 წლის 15 მარტის შემდგომი პერიოდისთვის. კომისიამ განიხილა ღია სააქციო საზოგადოება „”НТВ+”-ს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიზანშეწონილად მიიჩნია შუამდგომლობის დაკმაყოფილება და საკითხის განხილვის გადადება 2010 წლის 19 მარტის 16:00 საათზე, გამომდინარე იქიდან, რომ უზრუნველყოფილიყო ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-ს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის განხილვა კომისიის 2010 წლის 5 მარტის N110/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაიდო 2010 წლის 19 მარტის 16:00 საათისთვის, რის თაობაზეც რუსულ ენაზე შედგენილი შეტყობინებით ეცნობა ღია სააქციო საზოგადოება „HTB+”-ს. კომპანიას ასევე გაეგზავნა კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2010 წლის 19 მარტის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ღია სააქციო საზოგადოება „HTB+”-ს წარმომადგენელი, შპს „შამმ-2002“-ს დირექტორი ბატონი მურმან შელია, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებაც დადასტურებულია ღია სააქციო საზოგადოება „HTB+”-ს მიერ 2010 წლის 1 მარტს გაცემული მინდობილობით N056-2010 და ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
ღია სააქციო საზოგადოება „HTB+”-ს წარმომადგენელმა კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა ღია სააქციო საზოგადოება “HTB+”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ შემდეგი გარემოებების გამო: წარმომადგენლის განცხადებით, ღია სააქციო საზოგადოება “HTB+” ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის მომსახურების გაწევას თანამგზავრული სისტემების გამოყენებით, რუსეთის ფედერაციის მასობრივი კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის დაცვის ზედამხედველობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფედერალური სამსახურის მიერ, 2006 წლის 16 აგვისტოს გაცემული სატელევიზიო მაუწყებლობის განხორციელების N10520 ლიცენზიის საფუძველზე. სატელევიზიო პროგრამებით მაუწყებლობა, ტელეკომპანიის მიერ ხორციელდება W4 და Eutelsat W7 თანამგზავრებიდან, რომლებიც განლაგებულია აღმოსავლეთ გრძედის 36 გრადუსის პოზიციაში. მაუწყებლობა ხორციელდება ტელეპროგრამების კოდირებული თანამგზავრული სიგნალის აბონენტთა მიმღებ ანტენებზე გადაცემის გზით. ტელეპროგრამებით საეთერო (რადიოსიხშირეებით) მაუწყებლობა, ასევე ტელეპროგრამების გადაცემა საკაბელო ქცელში უშუალოდ ტელეკომპანიის მიერ არ ხორციელდება.
ღია სააქციო საზოგადოება “HTB+” მომსახურების გაწევას ახორციელებს სააბონენტო ხელშეკრულების საფუძველზე. მომსახურების მიღებისთვის, კერძოდ თანამგზავრული სიგნალის მიღებისა და გაშიფვრისთვის აუცილებელია, რომ აბონენტს ჰქონდეს სპეციალური ბარათი, რომელიც გააქტიურებული იქნება ტელეკომპანიის მიერ. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების აუცილებელ პირობას ასევე წარმოადგენს აბონენტის ყოფნა რუსეთის ფედერაციის ან/და უკრაინის ტერიტორიაზე, ვინაიდან, ღია სააქციო საზოგადოება „HTB+”-ს მიერ მაუწყებლობა ხორციელდება მხოლოდ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიაზე, საკაბელო ქსელში ღია სააქციო საზოგადოება “HTB+”-ს პროგრამების გავრცელების უფლება კომპანიისგან გადაცემული აქვს მხოლოდ შპს „შამმ-2002“, საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ პირს, ისიც მხოლოდ გარკვეულ პროგრამებზე.
ღია სააქციო საზოგადოება “HTB+”-ს მიაჩნია, რომ კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევა, კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე 46-ე და 25-ე სატელევიზიო არხებზე „Кинохит“ და „Футбол“ ტრანსლირება კიდევ ერთხელ ადასტურებს მესამე პირების მიერ ტელეკომპანიის პროგრამების სიგნალის უკანონო ტრანსლირებას. წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იგი, ღია სააქციო საზოგადოება „HTB+”-ს ინტერესების დაცვის მიზნით, მარწმუნებელი კომპანიის სახელით მიმართავს ყველა უფლებამოსილ ორგანოს ზემოაღნიშნულის აღსაკვეთად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000158 და N000159 ოქმებისა და თანდართული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+” საქართველოში, კერძოდ, ქ. ცხინვალსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე, ქ.გორსა და ქარელის რაიონის სოფელი რუისის მიმდებარე ტერიტორიებზე, ულიცენზიოდ ახორციელებს მაუწყებლობას, რაც წარმოადგენს, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევას, ”მაუწყებლობს შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე.
კომისია ვერ გაიზიარებს ღია სააქციო საზოგადოება „HTB+”-ს წარმომადგენლის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის სუბიექტი არ არის ღია სააქციო საზოგადოება „HTB+”, შემდეგი გარემოებების გამო:
ა) ღია სააქციო საზოგადოება „HTB+”-ს წარმომადგენელს არც კომისიისთვის და არც საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებისთვის არ მიუმართავს განცხადებით საქართველოს ტერიტორიაზე სააქციო საზოგადოება „HTB+”-ს პროგრამების უკანონო გავრცელებასთან დაკავშირებით, რაც აღიარებულ იქნა წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე. ამავე დროს, მხარეს არ წარმოუდგენია კომისიაში რაიმე სახის მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღია სააქციო საზოგადოება „HTB+”-ს პროგრამების გავრცელება ხორციელდება მესამე პირების მიერ, ხოლო ის ფაქტი, რომ ღია სააქციო საზოგადოება „HTB+” მომსახურების გაწევას ლეგალურად ახორციელებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ტერიტორიაზე, ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებად.
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ქ. ცხინვალსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე, ქ.გორსა და ქარელის რაიონის სოფელი რუისის მიმდებარე ტერიტორიებზე, ღია სააქციო საზოგადოება „HTB+”-ს პროგრამებით „Кинохит“-ი და „Футбол“-ი მაუწყებლობა ხორციელდება 46-ე და 25-ე სატელევიზიო არხებზე სიხშირული სპექტრის გამოყენებით, რაც დადასტურებულ იქნა მონიტორინგის შედეგად და არა სპეციალური ბარათების მეშვეობით, რომელთა გაყიდვაც, როგორც წარმომადგენელმა აღნიშნა ხორციელდება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე. შესაბამისად, კომპანია მაუწყებლობის განხორციელების მიზნით იყენებს რადიოსიხშირულ სპექტრს და არა სპეციალური ბარათებს.
გ) ღია სააქციო საზოგადოება „HTB+”-ს წარმომადგენელს სადაოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ ქ. ცხინვალსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე, ქ.გორსა და ქარელის რაიონის სოფელ რუისის მიმდებარე ტერიტორიებზე ვრცელდება ღია სააქციო საზოგადოება „HTB+”-ს პროგრამები სიხშირეების გამოყენებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-ის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 50,000.00 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და ამავე დროს, კომპანიას დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე ულიცენზიოდ მაუწყებლობის განხორციელება.
საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ აქვს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის, 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილის, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-18 პუნქტებისა და 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-ს დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი 50,000.00 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობისათვის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე;
2. უზრუნველყოს ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773251;
3. უზრუნველყოს ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-მა ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-ს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ულიცენზიოდ მაუწყებლობა საქართველოს ტერიტორიაზე;
5. ეცნობოს ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-ს, რომ მის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის, ან განგრძობის შემთხვევაში, მას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3222-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-სა და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) 10 დღის ვადაში;
8. გადაწყვეტილება ძალაში შედის ღია სააქციო საზოგადოება ”НТВ+”-ს უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის ჩაბარებისთანავე;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კორდინაციის დეპარტამენტს (ს.შვგულიძე).
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი,).
კომისიის თავმჯდომარე: ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები:
ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
