წვდომის მენიუ

შპს ,,საქტელკომ პლუსთან” მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ შპს ,,ახალი ქსელებისა” და შპს ,,ახტელის” განცხადებების განხილვის თაობაზე

ნომერი: 140 / 16

გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2010

მიღების თარიღი მარტი 19, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ 2010 წლის 2 მარტს, შპს ,,ახალმა ქსელებმა” და შპს ,,ახტელმა”  კომისიას განცხადებით მიმართეს და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  მოითხოვეს შპს „საქტელკომ პლუსთან”  მოქმედი  ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების შეჩერებაზე კომისიის თანხმობა იმ საფუძვლით, რომ შპს ,,საქტელკომ პლუსს” მათ მიმართ ერიცხება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური დავალიანება.

შპს ,,ახალი ქსელების” და შპს „ახტელის“ განცხადებით, შპს ,,საქტელკომ პლუსის”  მხრიდან სისტემატიურად ირღვევა და არაჯეროვნად სრულდება მათთან გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების პირობები, რაც გამოიხატება იმაში, რომ მიუხედავად დაპირებებისა აღნიშნული კომპანია არ იხდის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე  წარმოშობილ დავალიანებას. აღნიშნული ქმნის საფუძვლიან ეჭვს იმის თაობაზე, რომ კომპანია ვერ შეძლებს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებას. შპს ,,ახალი ქსელებისა” და შპს „ახტელის“ განცხადებებით, ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, შპს ,,საქტელკომ პლუსს”   შპს „ახალი ქსელების“  მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება 2009  წლის  ოქტომბრიდან, რაც 2010 წლის 1 იანვრის  მდგომარეობით შეადგენს 17.315,15 (ჩვიდმეტი ათას სამას თხუთმეტი ლარი და 15 თეთრი) ლარს,   ხოლო  შპს „ახტელის“  მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება 2009 წლის 10 ოქტომბრიდან, რაც 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს  4400,45  (ოთხი ათას ოთხასი ლარი და  45 თეთრი) ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა დაინიშნა 2010 წლის 19 მარტს, რის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე და შეტყობინებით ეცნობა შპს ,,საქტელკომ პლუსს”. კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება. შეტყობინებასთან ერთად შპს ,,საქტელკომ პლუსს” შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით  გადაეგზავნა შპს ,,ახალი ქსელებისა” და შპს ,,ახტელის” განცხადებები თანდართულ თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 19 მარტს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,საქტელკომ პლუსის”, შპს ,,ახალი ქსელებისა” და შპს ,,ახტელის”  წარმომადგენლები.

კომისიის სხდომაზე, შპს ,,ახალი ქსელებისა” და შპს ,,ახტელის”  წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა განცხადებებს და მოითხოვა შპს ,,საქტელკომ პლუსთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა, შპს ,,საქტელკომ პლუსის” მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

კომისიის სხდომაზე, შპს ,,საქტელკომ პლუსის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს ,,საქტელკომ პლუსი” აღიარებს მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2009 წლის 10 ოქტომბრიდან 2010 წლის 1 იანვრის ჩათვლით მისთვის გაწეული მომსახურებისათვის  ფინანსურ ვალდებულებებს შპს ,,ახალი ქსელების” მიმართ 17.315,15 (ჩვიდმეტი ათას სამას თხუთმეტი ლარი და 15 თეთრი) ლარის ოდენობით,   ხოლო  შპს „ახტელის“  მიმართ    4400,45  (ოთხი ათას ოთხასი ლარი და 45 თეთრი) ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე  მხარეთა შეპასუხებისა და მოსაზრებების მოსმენის, მტკიცებულებების გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად  კომისიამ გამოარკვია შემდეგი გარემოებები:

1. სს ,,საქტელკომ პლუსსა” და შპს ,,ახალ ქსელებს”  შორის 2002 წლის 1 ივლისს, ხოლო   სს ,,საქტელკომ პლუსსა” და შპს ,,ახტელს” შორის 2004 წლის 1 ივნისს გაფორმდა ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები, რომლებიც დღესაც მოქმედებენ.

2. ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების 6.3. პუნქტის შესაბამისად, ანგარიშსწორება მხარეთა მიერ ხორციელდება შემოსავლების შესახებ საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე მისი მიღებიდან მომდევნო თვის 25 რიცხვამდე, ხოლო 6.4. პუნქტის შესაბამისად, ოქმი წარმოადგენს შეთანხმებას მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებით არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ და მასზე ხელმოწერის შემდეგ არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება მომავალში იდაოს მის სისწორეზე.

3. შპს ,,ახალი ქსელებსა” და შპს ,,საქტელკომ პლუსს” შორის, ხოლო შპს ,,ახტელსა” და შპს ,,საქტელკომ პლუსს” შორის   2009 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეში მოხდა მათ შორის მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შესაბამისად გაწეული მომსახურების  მონაცემთა (მომსახურების სახე, ინფორმაცია ტრაფიკის შესახებ, თანხა) შედარება, რის შესახებ შედგა აქტები (ოქმები), რომელსაც შპს ,,საქტელკომ პლუსის” მხრიდან ხელს აწერს გენერალური დირექტორი.  აღნიშნული აქტების თანახმად, 2009 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაწეული მომსახურებისათვის შპს ,,საქტელკომ პლუსის” დავალიანება შპს ,,ახალ ქსელებისადმი” შეადგენს 17.315,15 (ჩვიდმეტი ათას სამას თხუთმეტი ლარი და 15 თეთრი) ლარს,   ხოლო  შპს „ახტელის“  მიმართ    4400,45  (ოთხი ათას ოთხასი ლარი და 45 თეთრი) ლარს.

4. შპს ,,საქტელკომ პლუსი” აღიარებს მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2009 წლის 10 ოქტომბრიდან 2010 წლის 1 იანვრის ჩათვლით მისთვის გაწეული მომსახურებისათვის  ფინანსურ ვალდებულებებს შპს ,,ახალი ქსელების” მიმართ 17.315,15 (ჩვიდმეტი ათას სამას თხუთმეტი ლარი და 15 თეთრი) ლარის ოდენობით,   ხოლო  შპს „ახტელის“  მიმართ    4400,45  (ოთხი ათას ოთხასი ლარი და 45 თეთრი) ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღიარებულია და უდავოა მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სს ,,საქტელკომ პლუსის” მიერ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებები შპს ,,ახალი ქსელებისა” და შპს ,,ახტელის” მიმათ, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ახალი ქსელებისა” და შპს ,,ახტელის” მოთხოვნა სს ,,საქტელკომ პლუსთან” მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის   შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,საქტელკომ პლუსს”, შპს ,,ახალ ქსელებთან” და შპს ,,ახტელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად, კერძოდ, შპს ,,ახალი ქსელების”  მიმართ  17.315,15 (ჩვიდმეტი ათას სამას თხუთმეტი ლარი და 15 თეთრი) ლარისა  და შპს ,,ახტელის” მიმართ  4400,45  (ოთხი ათას ოთხასი ლარი და 45 თეთრი) ლარის დასაფარად  მიეცეს ვადა წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,საქტელკომ პლუსისთვის” ჩაბარებიდან  10 სამუშაო დღე;

2. შპს ,,საქტელკომ პლუს”-ის მიერ  წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტში აღნიშნული, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების  სრულად არ დაფარვის ან გაზრდის  შემთხვევაში,  შპს ,,ახალ ქსელებს” და შპს ,,ახტელს” მიეცეთ თანხმობა შპს ,,საქტელკომ პლუს”-თან მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების შეჩერებაზე აღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ახალი ქსელების”, შპს  ,,ახტელისა” და  შპს ,,საქტელკომ პლუს”-ისათვის გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ახალი ქსელების”, შპს  ,,ახტელისა” და  შპს ,,საქტელკომ პლუს”-ისათვის ჩაბარებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში.

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ირაკლი ჩიქოვანი

                კომისიის წევრები                                                              სოფო  ბრიტანჩუკი

                                                                                                                 კარლო კვიტაიშვილი

                                                                                                                 ირაკლი მოსეშვილი

                                                                                                                 აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები