შპს ”სატელიტსერვისის” სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 26, 2010
მიღების თარიღი მარტი 23, 2010
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2010 წლის 19 მარტს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000042, შედგენილი 2010 წლის 17 მარტს ქ. ქუთაისში, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ”სატელიტსერვისი”-ს შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს ”სატელიტსერვისი” ახორციელებს სპეციალიზებულ მაუწყებლობას კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გარეშე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სპეციალისტი ი. მახარაძე და შპს ”სატელიტსერვისის” დირექტორი დ. ჯაფარიძე.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”სატელიტსერვისი”-ს სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის შესაბამისად, შპს ”სატელიტსერვისი”-ს სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2010 წლის 19 მარტს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს ”სატელიტსერვისს” (19.03.2010 №04/715-10); მას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შპს ”სატელიტსერვისს” ასევე განემარტა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2010 წლის 23 მარტს კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ”სატელიტსერვისი”-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000042 ოქმისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ”სატელიტსერვისი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 15.02.10, ავტორიზებული საქმიანობის სახე - მაუწყებლობის ტრანზიტი), რომელიც ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ავტორიზაციის საფუძველზე ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს ანუ სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას კაბელით;
2. შპს ”სატელიტსერვისს” საკაბელო ქსელში ჩართული აქვს საკუთარი სამაუწყებლო არხი, რომლითაც ხორციელდება სპეციალიზებული მაუწყებლობა, კერძოდ, მხატვრული ფილმებისა და მუსიკალური კლიპების გადაცემა.
3. შპს ”სატელიტსერვისი” არ ფლობს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე- ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
შპს ”სატელიტსერვისის” უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (ა. ჭეიშვილი) აღიარა დარღვევის ფაქტი და იშუამდგომლა მსუბუქი სანქციის გამოყენების შესახებ.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ8) პუნქტის შესაბამისად, სპეციალიზებული მაუწყებლობა არის 1 თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა. ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის, ხოლო 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების, საკაბელო ქსელის ან სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით სიხშირული სპექტრის გამოყენებით. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიებს გასცემს მხოლოდ კომისია.
შპს ”სატელიტსერვისი”-ს მიერ ხორციელდება კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობა საკაბელო ქსელის გამოყენებით, რაზედაც კომპანია არ ფლობს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას. შესაბამისად, შპს ”სატელიტსერვისი”-ს მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, კერძოდ, შპს ”სატელიტსერვისი” ახორციელებს საქმიანობას მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გარეშე, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”სატელიტსერვისი” მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით და ამავე დროს, შპს ”სატელიტსერვისს” დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს ულიცენზიოდ საქმიანობა მაუწყებლობის სფეროში.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტებისა და 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. დაეკისროს ჯარიმა შპს ”სატელიტსერვისს” 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობისთვის;
2.უზრუნველყოს შპს ”სატელიტსერვის”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300183251;
3. უზრუნველყოს შპს ”სატელიტსერვის”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. უზრუნველყოს შპს ”სატელიტსერვისს”-მა მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ”სატელიტსერვისი”-სთვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 10 დღის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”სატელიტსერვისი”-სთვის ჩაბარების დღიდან;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
