შპს ”TV-XXI”-ს სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 26, 2010
მიღების თარიღი მარტი 23, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.”
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. ამავე კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2010 წლის 19 მარტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (გ. რატიშვილი, ი. მახარაძე) შედგენილი შემოწმების აქტი №37 (15.03.2010), რომელშიც აღნიშნულია შპს ”TV-XXI”-ს საკაბელო ქსელით არამართლზომიერად გადაცემული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000040, შედგენილი 2010 წლის 16 მარტს ქ. ბათუმში, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ”TV-XXI” ახორციელებს სპეციალიზებულ მაუწყებლობას კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გარეშე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ. რატიშვილი და შპს ”TV-XXI”-ს დირექტორი გ. შოუა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”TV-XXI”-ს სანქცირებასთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის, ხოლო მეორე მხრივ, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის დარღვევის გამო.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის შესაბამისად, შპს ”TV-XXI”-ს სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2010 წლის 19 მარტს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს ”TV-XXI”-ს (№04/716-10 19.03.2010); მას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შპს ”TV-XXI”-ს ასევე განემარტა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2010 წლის 23 მარტის კომისიის სხდომაზე. რომელსაც არ ესწრებოდა შპს ”TV-XXI”-ს წარმომადგენელი. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა დაადასტურა შპს ”TV-XXI”-სათვის შეტყობინების ჩაბარების ფაქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000040 ოქმის, №37 შემოწმების აქტისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების, ასევე კომისიის სხდომაზე დაინტერესებული პირის მიერ გამოთქმული ახსნა-განმარტებების შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ”TV-XXI” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 01.02.10, ავტორიზებული საქმიანობის სახე - მაუწყებლობის ტრანზიტი), რომელიც ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45)პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს უცვლელი სახით სამაუწყებლო არხების გადაცემას;
2. შპს ”TV-XXI” ზემოაღნიშნული უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;
3. შპს ”TV-XXI” საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდგომ სამაუწყებლო არხებს: “ტელეკომპანია საქართველო”, ”Show Tv”, “Music Box Ru”, “Hallmark”, “Wild”, “Travel”, “ViVa”, “Нтв плюс онлайн”, “Nba Tv”, “Футбол”, “Теннис”, “ Новое кино”, “Киноклуб”, “ Кинохит”, “Премьера”, “CTC”, “ТНТ”, “ТВ3”, “Теленяня”, “Индия ТВ”, “5ТВ Питер”, “Россия 2”;
4. შპს ”TV-XXI”-ს კომისიაში წარმოდგენილი არა აქვს ხელშეკრულებები საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების “ტელეკომპანია საქართველო”, ”Show Tv”, “Music Box Ru”, “Hallmark”, “Wild”, “Travel”, “ViVa”, “Нтв плюс онлайн”, “Nba Tv”, “Футбол”, “Теннис”, “ Новое кино”, “Киноклуб”, “ Кинохит”, “Премьера”, “CTC”, “ТНТ”, “ТВ3”, “Теленяня”, “Индия ТВ”, “ 5ТВ Питер”, “Россия 2” უცველელი სახით გადაცემის უფლების მოპოვების შესახებ.
5. შპს ”TV-XXI”-ს საკაბელო ქსელში ჩართული აქვს საკუთარი სამაუწყებლო არხი, რომლითაც ხორციელდება სპეციალიზებული მაუწყებლობა, კერძოდ, მხატვრული ფილმებისა და მუსიკალური კლიპების გადაცემა.
6. შპს ”TV-XXI” არ ფლობს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას.
კომისია, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ:
1. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე- ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
2. ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ისმო-ს ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-4, მე-6, მე-8 და მე-14 მუხლების, ,,ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად, საქართველო ვალდებულია დაიცვას საავტორო უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი) პუნქტის თანახმად, კაბელით გადაცემა წარმოადგენს საზოგადოების მიერ მიღების მიზნით ხმის ან/და გამოსახულების გადაცემას სადენით, ოპტიკური ბოჭკოს ან სხვა ანალოგიური საშუალებით, ხოლო მე-4 მუხლის ი1) პუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) პუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად ნიშნავს უფლებას ნება დართოს ან აკრძალოს საჯარო გადაცემა. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 46-ე მუხლის თანახმად, მაუწყებლობის ორგანიზაციები ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციები ამ თავით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორსა და შემსრულებელთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შემსრულებელსა და მაუწყებლობის ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების დადება შესრულების ეთერში ან კაბელით გადაცემის თაობაზე, იწვევს შემსრულებლის მიერ შესრულების ჩაწერის, მისი შემდგომი გადაცემისა და ჩანაწერის რეპროდუცირების უფლების გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მათი გამოყენება დაკავშირებულია მათი შემადგენელი რაიმე ნაწილის ციტირებასთან, სწავლების ან მეცნიერული გამოკვლევის მიზნით ილუსტრირებასთან, მიმდინარე მოვლენის მიმოხილვის მიზნით მათი ნაწყვეტების გამოყენებასთან, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შპს ”TV-XXI” ახორციელებდა არხების სრული მოცულობით ტრანსლირებას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის. 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევად ითვლება მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის უკანონო გამოყენება.
შპს ”TV-XXI” მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება, საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: “ტელეკომპანია საქართველო”, ”Show Tv”, “Music Box Ru”, “Hallmark”, “Wild”, “Travel”, “ViVa”, “Нтв плюс онлайн”, “Nba Tv”, “Футбол”, “Теннис”, “ Новое кино”, “Киноклуб”, “ Кинохит”, “Премьера”, “CTC”, “ТНТ”, “ТВ3”, “Теленяня”, “Индия ТВ”, “ 5ТВ Питер”, “Россия 2” ტრანზიტის შესახებ. ამდენად, შპს ”TV-XXI”-ს მიერ “ტელეკომპანია საქართველო”, ”Show Tv”, “Music Box Ru”, “Hallmark”, “Wild”, “Travel”, “ViVa”, “Нтв плюс онлайн”, “Nba Tv”, “Футбол”, “Теннис”, “ Новое кино”, “Киноклуб”, “ Кинохит”, “Премьера”, “CTC”, “ТНТ”, “ТВ3”, “Теленяня”, “Индия ТВ”, “ 5ТВ Питер”, “Россия 2”, საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის კანონდარღვევით.
კომისია აღნიშნავს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა წარმოადგენს ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”TV-XXI”-ს მიმართ კომისიის 2009 წლის 1 დეკემბრის №674/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, სანქციის სახით გამოყენებულია გაფრთხილება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული კომპანიის მიმართ ამჯერად გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისადაც ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (22.03.10 №10/405-10) შესაბამისად, შპს ”TV-XXI”-ს ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი არ აღემატება 10,000.00 (ათი ათასი) ლარს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”TV-XXI”-ს, ჯარიმის სახით უნდა დაეკისროს 10,000.00 (ათი ათასი) ლარის გადახდა.
3. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ8) პუნქტის შესაბამისად, სპეციალიზებული მაუწყებლობა არის 1 თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა. ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის, ხოლო 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების, საკაბელო ქსელის ან სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით სიხშირული სპექტრის გამოყენებით. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიებს გასცემს მხოლოდ კომისია.
შპს ”TV-XXI”-ს მიერ ხორციელდება სპეციალიზებული მაუწყებლობა საკაბელო ქსელის გამოყენებით, რაზედაც კომპანია არ ფლობს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას. შესაბამისად, შპს ”TV-XXI”-ს მიერ დარღვეულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილი, კერძოდ, შპს ”TV-XXI” ახორციელებს საქმიანობას მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გარეშე, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”TV-XXI”-ს მიმართ ულიცენზიოდ მაუწყებლობის განხორციელებისათვის ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით და ამავე დროს, შპს ”TV-XXI”-ს დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს ულიცენზიოდ საქმიანობა მაუწყებლობის სფეროში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის,”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 51-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-18 პუნქტების და 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაეკისროს ჯარიმა შპს ”TV-XXI”-ს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობისთვის;
2. დაეკისროს ჯარიმა შპს ”TV-XXI”-ს 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
3.უზრუნველყოს შპს ”TV-XXI”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტებით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელების გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს
ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300693251;
4. უზრუნველყოს შპს ”TV-XXI”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელების გადახდის დამადასტურებლი საბუთების კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
5. უზრუნველყოს შპს ”TV-XXI”-მა მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმინობის დაუყოვნებლივ
შეწყვეტა;
6.უზრუნველყოს შპს ”TV-XXI”-მა საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების “ტელეკომპანია საქართველო”, ”Show Tv”, “Music Box Ru”, “Hallmark”, “Wild”, “Travel”, “ViVa”, “Нтв плюс онлайн”, “Nba Tv”, “Футбол”, “Теннис”, “ Новое кино”, “Киноклуб”, “ Кинохит”, “Премьера”, “CTC”, “ТНТ”, “ТВ3”, “Теленяня”, “Индия ТВ”, “ 5ТВ Питер”, “Россия 2”, არამართლზომიერი ტრანზიტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ”TV-XXI”-სთვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
8. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი და მე-3 პუნქტი - 5000 ლარი ჯარიმის გადახდის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 10 დღის ვადაში;
9. გადაწყვეტილება (გარდა პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის - 5000 ლარი ჯარიმის გადახდის ნაწილში) შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
10. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”TV-XXI”-სთვის ჩაბარების დღიდან;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
