წვდომის მენიუ

რიგი ავტორიზებული პირებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 158 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 06, 2010

მიღების თარიღი მარტი 26, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის და  43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ საქმიანობის ავტორიზაციის საფუძველზე. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის ა) ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახდენს კომისია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ახდენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ავტორიზაციას და აწარმოებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის №546/19 გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა კომისიის 2005 წლის 17 ივნისის №408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში. ამასთანავე, აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით ავტორიზებულ პირებს დაევალათ სახეშეცვლილი ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმების მიხედვით ინფორმაციის 2010 წლის 15 თებერვლამდე კომისიაში წარმოდგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს  ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე)  0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 13 იანვარს,  კომისიამ ავტორიზებულ პირებს წერილობით (13.01.10; 01/134-10) მიმართა შეესრულებინათ კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის № 546/19 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, შეევსოთ დეკლარაციის ახალი ფორმები და წარმოედგინათ ინფორმაცია სახეშეცვლილი ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმების მიხედვით.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის №546/19 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტისა, რომლითაც ავტორიზებულ პირებს დაევალათ სახეშეცვლილი ავტორიზაციის დეკლარაციის შევსებული ფორმების კომისიაში წარმოდგენა 2010 წლის 15 თებერვლამდე და კომისიის 2010 წლის 13 იანვრის წერილობითი მოთხოვნისა ავტორიზებულ პირებს შეესრულებინათ კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება, 2010 წლის 18 მარტის მდგომარეობით შპს ,,ტელეკომპანია აია-3”-ს, შპს ,,ბუცეფალს”,  შპს ,,კა ტე ეს ლეგალ სერვისს”, ი/მ ,,მამუკა კალანდარიშვილს”, ი/მ ,,სიმონ ბოსტოღანაშვილს”, შპს ,,ჰაინეტს”, შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელს”,  შპს ,,Fly Net“-სა  და სს ,,დეითაკომ ჯორჯიას”  არ შეუვსიათ და კომისიაში არ წარმოუდგენიათ ავტორიზაციის დეკლარაციის ახალი ფორმები. აღნიშნულით, კომპანიების მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის №546/19 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად  წარმოადგენს ავტორიზებული პირებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. 

კომისია აღნიშნავს, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  თანახმად, 2010 წლის 18 მარტს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელეკომპანია აია -3”-სთვის, შპს ,,ბუცეფალისთვის”,  შპს ,,კა ტე ეს ლეგალ სერვისისთვის”, ი/მ ,,მამუკა კალანდარიშვილისთვის”, ი/მ ,,სიმონ ბოსტოღანაშვილისთვის”, შპს ,,ჰაინეტისთვის”, შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელისთვის”,  შპს ,,Fly Net“-სთვისა  და სს ,,დეითაკომ ჯორჯიასთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა  2010 წლის 26 მარტს, რის შესახებ შეტყობინებით ეცნობათ აღნიშნულ ავტორიზებულ პირებს და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მათ, ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნით 2010 წლის 22  და 24 მარტს  კომისიას განცხადებებით მიმართეს შპს ,,ჰაინეტმა” და ი/მ ,,სიმონ ბოსტონაღაშვილმა”, ხოლო  შპს ,,Fly Net“-მა და ი/მ ,,მამუკა კალანდარიშვილმა”  2010 წლის 22 მარტს კომისიაში წარმოადგინეს სახეშეცვლილი ავტორიზაციის დეკლარაციის შევსებული ფორმები. 

კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 26 მარტს, კომისიის  სხდომაზე გამოცხადდა პ.აროშიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ის არის შპს ,,დეითაკომ ჯორჯიას” წარმომადგენელი, თუმცა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. კომისიის უწყებრივ რეესტრში შპს ,,დეითაკომ ჯორჯიას” უფლებამოსილ წარმომადგენლად დაფიქსირებულია თ.ჰუბერტი. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,კა ტე ეს ლეგალ სერვისის” წარმომადგენელი, რომელსაც კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის განმარტებით შეტყობინება ჩაბარდა, ხოლო მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. კომისიის სხდომაზე, ასევე არ გამოცხადდნენ შპს ,,ტელეკომპანია აია -3”-ის, შპს ,,ბუცეფალის”,  შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელის” წარმომადგენლები. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის განმარტებით, აღნიშნულ ავტორიზებულ პირებისათვის  შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი შპს ,,საქართველოს ფოსტიდან” კომისიაში არ შემოსულა.

ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად კომისიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

1. კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის №546/19 გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა კომისიის 2005 წლის 17 ივნისის №408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში. ამავე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით ავტორიზებულ პირებს დაევალათ სახეშეცვლილი ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმების მიხედვით 2010 წლის 15 თებერვლამდე ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

2.  2010 წლის 13 იანვარს,  კომისიამ ავტორიზებულ პირებს წერილობით (13.01.10; 01/134-10) მიმართა შეესრულებინათ კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის № 546/19 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, შეევსოთ დეკლარაციის ახალი ფორმები და წარმოედგინათ ინფორმაცია სახეშეცვლილი ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმების მიხედვით.

3.  კომისიის 2010 წლის 13 იანვრის წერილი შპს ,,ტელეკომპანია აია -3”-ს ჩაბარდა 2010 წლის 21 იანვარს,  შპს ,,ბუცეფალს” - 2010 წლის 18 იანვარს,   შპს ,,კა ტე ეს ლეგალ სერვისს” - 2010 წლის 18 იანვარს, ი/მ ,,მამუკა კალანდარიშვილს” - 2010 წლის 18 იანვარს, ი/მ ,,სიმონ ბოსტოღანაშვილს”  -  2010 წლის 18 იანვარს,  შპს ,,ჰაინეტს” – 2010 წლის 18 იანვარს, შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელს” - 2010 წლის 18 იანვარს,  შპს ,,Fly Net“-ს - 2010 წლის 16 იანვარს, ხოლო სს ,,დეითაკომ ჯორჯიას” - 2010 წლის 18 იანვარს, რასაც ადასტურებს შპს ,,საქართველოს ფოსტის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტები ადრესატებისათვის კომისიის წერილის ჩაბარების თაობაზე.

4. 2010 წლის 22 მარტს, შპს ,,Fly Net“-მა და ი/მ ,,მამუკა კალანდარიშვილმა” კომისიაში წარმოადგინეს სახეშეცვლილი ავტორიზაციის დეკლარაციის შევსებული ფორმები, ხოლო შპს ,,ჰაინეტმა” 2010 წლის 22 მარტს და ი/მ ,,სიმონ ბოსტოღანაშვილმა” 2010 წლის 24 მარტს გააუქმეს ავტორიზაცია.

5.  2010 წლის 26 მარტის მდგომარეობით, შპს ,,ტელეკომპანია აია -3”-ს, შპს ,,ბუცეფალს”,  შპს ,,კა ტე ეს ლეგალ სერვისს”,  შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელსა”  და სს ,,დეითაკომ ჯორჯიას” კომისიაში არ წარმოუდგენიათ ავტორიზაციის დეკლარაციის შევსებული ახალი ფორმები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეკომპანია აია -3”-ს, შპს ,,ბუცეფალის”,  შპს ,,კა ტე ეს ლეგალ სერვისის”,  შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელისა”  და სს ,,დეითაკომ ჯორჯიას” მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის №546/19 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად  წარმოადგენს კომპანიებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. 

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ,,ტელეკომპანია აია -3”-სათვის, შპს ,,ბუცეფალი”-სათვის და შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელი”-სათვის მათი სანქცირების თაობაზე დაკავშირებული კომისიის სხდომის გამართვის შესახებ შეტყობინებების ჩაბარების ფაქტი არ დასტურდება, კომისიას მიაჩნია, რომ მათ მიმართ სანქცირებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა უნდა გადაიდოს 2010 წლის 1 აპრილისთვის და აღნიშნულ კომპანიებს კიდევ ერთხელ უნდა გაეგზავნოთ შეტყობინებები, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და შესაბამისად, კომისიის მიერ დაცულ იქნას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების მოთხოვნები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №361/18 გადაწყვეტილებით სს ,,დეითაკომ ჯორჯია”  გაფრთხილდა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო, ხოლო შპს ,,კა ტე ეს ლეგალ სერვისს”  რაიმე სახის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაკისრებული არ აქვს.

კომისია აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,კა ტე ეს ლეგალ სერვისის”  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე, მათ მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი გაფრთხილება, ხოლო, ვინაიდან სს ,,დეითაკომ ჯორჯიას”  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სანქციის სახით უკვე გამოყენებულია გაფრთხილება, ამჯერად გამოყენებულ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმის სახით.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (23.03.10 № 10/291-18) თანახმად, სს ,,დეითაკომ ჯორჯიას” არც ერთხელ არ წარმოუდგენია რეგულირების საფასური. შესაბამისად, ვერ ირკვევა შპს ,,დეითაკომ ჯორჯიას” ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე)  0,5 პროცენტი. შესაბამისად, მის მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 10000 ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ  ი/მ ,,სიმონ ბოსტოღანაშვილისა”  და შპს  ,,ჰაინეტის” მიმართ უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება მათი სანქცირების თაობაზე, ვინაიდან, ი/მ ,,სიმონ ბოსტონაღაშვილი” და შპს ,,ჰაინეტი”, მათი 2010 წლის 24 მარტისა და  2010 წლის 22 მარტის განცხადებების (22.03.10; 7/114-10) საფუძველზე ავტორიზაციის გაუქმების შემდეგ, არ წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს, შესაბამისად, არ ევალებათ კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის №546/19 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის თანახმად სახეშეცვლილი ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმების კომისიაში წარმოდგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,Fly Net“-სა და  ი/მ ,,მამუკა კალანდარიშვილს” უნდა ეპატიოს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის №546/19 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის დარღვევა და გათავისუფლდნენ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისაგან, ვინაიდან შპს ,,Fly Net“-მა და  ი/მ ,,მამუკა კალანდარიშვილმა”  2010 წლის 22 მარტს, კომისიის მიერ დარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვამდე, კომისიაში წარმოადგინეს სახეშეცვლილი ავტორიზაციის დეკლარაციის შევსებული ფორმები, რითაც აღნიშნული კომპანიების მიერ აღმოფხვრილია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევა, ამასთანავე, კომისიას აღნიშნული დეკლარაციების დაგვიანებით წარმოდგენით  ხელი არ შეშლია მასზე კანონით დაკისრებული სპეციალური უფლებამოსილების განხორციელებაში.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის ა) და ზ) ქვეპუნქტების, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-15 მუხლის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებისა და მე-5 პუნქტის,  მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე, 54-ე, 105-ე  და 167-ე მუხლების და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ჰაინეტი”-სათვის და ი/მ ,,სიმონ ბოსტოღანაშვილისათვის”  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

2. ეპატიოს შპს ,,Fly Net“-სა და ი/მ ,,მამუკა კალანდარიშვილს” სახეშეცვლილი ავტორიზაციის დეკლარაციის შევსებული ფორმების კომისიაში დაგვიანებით წარმოდგენა და გათავისუფლდნენ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისაგან;

3. გადაიდოს შპს ,,ტელეკომპანია აია -3”-სათვის, შპს ,,ბუცეფალი”-სათვისა და შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელი”-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა 2010 წლის 1 აპრილის  16:00 საათისთვის;

4. გაფრთხილდეს შპს ,,კა ტე ეს ლეგალ სერვისი”  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე  პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტისა და კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის №546/19 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის დარღვევის გამო;

5.  დაჯარიმდეს სს ,,დეითაკომ ჯორჯია” 10000 ლარის ოდენობით,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე  პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტისა და კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის №546/19 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის დარღვევის გამო;

6.  სს ,,დეითაკომ ჯორჯია”-მ უზრუნველყოს 10,000.00 (ათი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 დღის ვადაში;

7. სს ,,დეითაკომ ჯორჯია”-მ და შპს ,,კა ტე ეს ლეგალ სერვისმა”  უზრუნველყონ კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის №546/19 გადაწყვეტილებით სახეშეცვლილი ავტორიზაციის დეკლარაციის შევსებული ფორმის კომისიაში წარმოდგენა წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5  სამუშაო დღის ვადაში;

8. სს ,,დეითაკომ ჯორჯიას” და შპს ,,კა ტე ეს ლეგალ სერვისს” ეცნობოთ, რომ მათ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება მის მიმართ გამოიყენოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები;

9. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების  შპს ,,კა ტე ეს ლეგალ სერვისი”-სათვის, ი/მ ,,მამუკა კალანდარიშვილისათვის”,  შპს ,,Fly Net“-სათვის  და სს ,,დეითაკომ ჯორჯია”-სათვის  გაგზავნა 7 დღის ვადაში დაზღვეული საფოსტო გზავნილით;

10. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი)  შპს ,,კა ტე ეს ლეგალ სერვისისთვის”  და სს ,,დეითაკომ ჯორჯიასთვის”  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

11. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის  შპს ,,კა ტე ეს ლეგალ სერვისი”-სათვის”, ი/მ ,,მამუკა კალანდარიშვილისათვის”,  შპს ,,Fly Net“-სათვის  და სს ,,დეითაკომ ჯორჯია”-სათვის   ჩაბარების დღიდან;

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე - 6 პუნქტის შესარულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-7 და მე-9 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

15. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტების  გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                         სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                         კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                         ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                         აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები