წვდომის მენიუ

„შპს „TV-XXI”-ს სანქცირების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 23 მარტის N148/18 გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 160 / 22

გამოქვეყნების თარიღი მარტი 29, 2010

მიღების თარიღი მარტი 26, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ 2010 წლის 23 მარტს კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N148/18 „შპს „TV-XXI”-ს სანქცირების შესახებ“.

კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით, შპს ”TV-XXI”-ს დაეკისრა ჯარიმა 5,000.00 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობისთვის, ხოლო ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  დარღვევის გამო ჯარიმა 10,000.00 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ „საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა  2010 წლის 23 მარტის კომისიის სხდომაზე. რომელსაც არ ესწრებოდა შპს ”TV-XXI”-ს წარმომადგენელი. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა დაადასტურა შპს ”TV-XXI”-სათვის შეტყობინების ჩაბარების ფაქტი.“

კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 22 მარტს შემოვიდა კომისიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე (post@gncc.ge) შპს „TV-XXI” უფლებამოსილი წარმომადგენლის გელა სირაძის შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი ვერ ახერხებდა კომისიის სხდომაზე დასწრებას, ვინაიდან 2010 წლის 23 მარტს 11:30 სთ-ზე ქ.ბათუმის საქალაქო სასამართლოსში დანიშნული იყო სასამართლო პროცესი, სადაც გელა სირაძე წარმოადგენდა მოსარჩელე მხარეს სს „ბანკ კონსტანტას“. შუამდგომლობას თანდართული აქვს შპს \"TV-XXI”-ს დირექტორის გ.შოუას მიერ კომპანიის იურისთის გელა სირაძის სახელზე 2010 წლის 16 იანვარს, 2 წლის ვადით გაცემული მონდობილობა, სს „ბანკი კონსტანცას“ მიერ 2010 წლის 17 მარტს გელა სირაძის სახელზე გაცემული მინდობილობა N00690 და ქ.ბათუმის საქალაქო სასამართლოს უწყება სამოქალაქო საქმეზე N2-169. აღნიშნული შუამდგომლობა არ განხილულა კომისიის მიერ 2010 წლის 23 მარტის სხდომაზე, კომისიის აპარატის მიერ მისი წარმოუდგენლობის გამო.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.“ ამავე კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის  თხოვნით. შუამდგომლობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანო 2 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების, ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულრიებელი წესების 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინსიტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად,  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

გამომდინარე იქიდან, რომ კომისიას 2010 წლის 23 მარტის სხდომაზე არ უმსჯელია შპს „TV-XXI”-ს მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომპანიას არ მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციული წარმოებისას საკითხის განხილვაში, კომისიას მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი კომისიის 2010 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება N148/18 „შპს „TV-XXI”-ს სანქცირების შესახებ“ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან და საკითხის განხილვა უნდა მოხდეს განმეორებით, შპს „ TV-XXI”-ს უფლებამოსილი წარმომადგენლი მონაწილეობით, რათა კომისიის მიერ დაცულ იქნას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე და 98-ე მუხლების მოთხოვნები.

ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადების საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დარღვევა და არა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ სამართლადარღვევის ოქმი ან/და შემოწმების აქტი, რაც გახდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი, შედგენილ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიანია შპს „TV-XXI”-ს სანქცირების თაობაზე საკითხის განხილვა განმეორებით გაიმართოს 2010 წლის 1 აპრილს 16:00 საათზე. საკითხის განხილვის თაობაზე განმეორებით უნდა ეცნობოს  შპს „TV-XXI”-ს და მოწვეულ უნდა იქნას ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მხარეს ასევე უნდა განემარტოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შპს ”TV-XXI”-ს უნდა ეცნობოს, რომ  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 95-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14 პუნქტების და 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1.   ბათილად იქნას ცნობილი კომისიის 2010 წლის 23 მარტის N148/18 გადაწყვეტილება „შპს „TV-XXI”-ს სანქცირების შესახებ“ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან;

2.    შპს „TV-XXI”-ს სანქცირების თაობაზე საკითხის განხილვა გაიმართოს კომისიის 2010 წლის 1 აპრილის სხდომაზე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივვ დეპარტამენტს შეტყობინებით აცნობოს  შპს „TV-XXI”-ს საკითხის განხილვის თარიღისა და ადგილის თაობაზე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;  

5.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილებითი ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი);

კომისიის თავმჯდომარე                                          ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                   

ს.ბრიტანჩუკი

ა.სიხარულიძე

კ.კვიტაიშვილი

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები