შპს ”ბეტა ტვ”-ს სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 15, 2010
მიღების თარიღი აპრილი 01, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე, ხოლო “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 22 ივნისის №04/277-09 წერილით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ”ბეტა ტვ”-ს დაევალა სატელევიზიო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომისიაში წარმოდგენა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2010 წლის 25 მარტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (გ. რატიშვილი, ი. მახარაძე) შედგენილი შემოწმების აქტი №42 (17.03.2010), რომელშიც აღნიშნულია შპს ”ბეტა ტვ”-ს საკაბელო ქსელით არამართლზომიერად გადაცემული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ბეტა ტვ”-ს სანქცირებასთან დაკავშირებით.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის შესაბამისად, შპს ”ბეტა ტვ”-ს სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2010 წლის 29 მარტს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს ”ბეტა ტვ”-ს (№03/773-10 29.03.2010); მას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2010 წლის 1 აპრილის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ”ბეტა ტვ”-ს წარმომადგენელი გაიოზ ღიბრაძე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი №42 შემოწმების აქტისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების, ასევე კომისიის სხდომაზე დაინტერესებული პირის მიერ გამოთქმული ახსნა-განმარტებების შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ”ბეტა ტვ” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 11.02.10, ავტორიზებული საქმიანობის სახე - მაუწყებლობის ტრანზიტი), რომელიც ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45)პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს უცვლელი სახით სამაუწყებლო არხების გადაცემას;
2. შპს ”ბეტა ტვ”-ს ზემოაღნიშნული უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;
3. შპს ”ბეტა ტვ” საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდგომ სამაუწყებლო არხებს: ”რუსთავი 2”, ”საზოგადოებრივი მაუწყებელი”, ”აჭარა”, ”ტელეიმედი”, ”საქართველო”, “Discovery”, ”Euronews“, “Eurosport”, “MTV”, “Fashion”, “RU-TV”, “Россия 1”, “НТВ”, “Культура”, ”Кинохит”, ”Премьера”, “Футбол”, “CTC”, “ТНТ”, “Киноклуб”, “НТВ + Спорт”;
4. შპს ”ბეტა ტვ”-ს კომისიაში წარმოდგენილი არა აქვს ხელშეკრულებები საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: ”რუსთავი 2”, ”საზოგადოებრივი მაუწყებელი”, ”აჭარა”, ”ტელეიმედი”, ”საქართველო”, “Discovery”, ”Euronews“, “Eurosport”, “MTV”, “Fashion”, “RU-TV”, “Россия 1”, “НТВ”, “Культура”, ”Кинохит”, ”Премьера”, “Футбол”, “CTC”, “ТНТ”, “Киноклуб”, “НТВ + Спорт” უცველელი სახით გადაცემის უფლების მოპოვების შესახებ;
კომისია, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ:
1. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე- ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
2. ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ისმო-ს ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-4, მე-6, მე-8 და მე-14 მუხლების, ,,ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად, საქართველო ვალდებულია დაიცვას საავტორო უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი) პუნქტის თანახმად, კაბელით გადაცემა წარმოადგენს საზოგადოების მიერ მიღების მიზნით ხმის ან/და გამოსახულების გადაცემას სადენით, ოპტიკური ბოჭკოს ან სხვა ანალოგიური საშუალებით, ხოლო მე-4 მუხლის ი1) პუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) პუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად ნიშნავს უფლებას ნება დართოს ან აკრძალოს საჯარო გადაცემა. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 46-ე მუხლის თანახმად, მაუწყებლობის ორგანიზაციები ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციები ამ თავით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორსა და შემსრულებელთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შემსრულებელსა და მაუწყებლობის ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების დადება შესრულების ეთერში ან კაბელით გადაცემის თაობაზე, იწვევს შემსრულებლის მიერ შესრულების ჩაწერის, მისი შემდგომი გადაცემისა და ჩანაწერის რეპროდუცირების უფლების გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მათი გამოყენება დაკავშირებულია მათი შემადგენელი რაიმე ნაწილის ციტირებასთან, სწავლების ან მეცნიერული გამოკვლევის მიზნით ილუსტრირებასთან, მიმდინარე მოვლენის მიმოხილვის მიზნით მათი ნაწყვეტების გამოყენებასთან, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შპს ”ბეტა ტვ” ახორციელებდა არხების სრული მოცულობით ტრანსლირებას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის. 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევად ითვლება მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის უკანონო გამოყენება.
შპს ”ბეტა ტვ”-ს მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულებები, საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: ”რუსთავი 2”, ”საზოგადოებრივი მაუწყებელი”, ”აჭარა”, ”ტელეიმედი”, ”საქართველო”, “Discovery”, ”Euronews“, “Eurosport”, “MTV”, “Fashion”, “RU-TV”, “Россия 1”, “НТВ”, “Культура”, ”Кинохит”, ”Премьера”, “Футбол”, “CTC”, “ТНТ”, “Киноклуб”, “НТВ + Спорт” ტრანზიტის შესახებ. ამდენად შპს ”ბეტა ტვ”-ს მიერ სამაუწყებლო არხების: ”რუსთავი 2”, ”საზოგადოებრივი მაუწყებელი”, ”აჭარა”, ”ტელეიმედი”, ”საქართველო”, “Discovery”, ”Euronews“, “Eurosport”, “MTV”, “Fashion”, “RU-TV”, “Россия 1”, “НТВ”, “Культура”, ”Кинохит”, ”Премьера”, “Футбол”, “CTC”, “ТНТ”, “Киноклуб”, “НТВ + Спорт” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის კანონდარღვევით.
შპს ”ბეტა ტვ”-ს წარმომადგენელმა აღიარა დარღვევის ფაქტი.
კომისია აღნიშნავს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა წარმოადგენს ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”ბეტა ტვ”-ს მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული კომპანიის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული სანქცია კომისიის მიერ;
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 51-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს ”ბეტა ტვ”-ს ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 51-ე მუხლის და 58-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს ”ბეტა ტვ”-მ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: ”რუსთავი 2”, ”საზოგადოებრივი მაუწყებელი”, ”აჭარა”, ”ტელეიმედი”, ”საქართველო”, “Discovery”, ”Euronews“, “Eurosport”, “MTV”, “Fashion”, “RU-TV”, “Россия 1”, “НТВ”, “Культура”, ”Кинохит”, ”Премьера”, “Футбол”, “CTC”, “ТНТ”, “Киноклуб”, “НТВ + Спорт” არამართლზომიერი ტრანზიტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ბეტა ტვ”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) შპს ”ბეტა ტვ”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ბეტა ტვ”-სთვის ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
