წვდომის მენიუ

რიგი ავტორიზებული პირებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: 169 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 08, 2010

მიღების თარიღი აპრილი 01, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის და  43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ საქმიანობის ავტორიზაციის საფუძველზე. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის ა) ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახდენს კომისია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ახდენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ავტორიზაციას და აწარმოებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის №546/19 გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა კომისიის 2005 წლის 17 ივნისის №408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში. ამასთანავე, აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით ავტორიზებულ პირებს დაევალათ სახეშეცვლილი ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმების მიხედვით ინფორმაციის 2010 წლის 15 თებერვლამდე კომისიაში წარმოდგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს  ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე)  0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 13 იანვარს,  კომისიამ ავტორიზებულ პირებს წერილობით (13.01.10; 01/134-10) მიმართა შეესრულებინათ კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის № 546/19 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, შეევსოთ დეკლარაციის ახალი ფორმები და წარმოედგინათ ინფორმაცია სახეშეცვლილი ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმების მიხედვით.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის №546/19 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტისა, რომლითაც ავტორიზებულ პირებს დაევალათ სახეშეცვლილი ავტორიზაციის დეკლარაციის შევსებული ფორმების კომისიაში წარმოდგენა 2010 წლის 15 თებერვლამდე და კომისიის 2010 წლის 13 იანვრის წერილობითი მოთხოვნისა ავტორიზებულ პირებს შეესრულებინათ კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება, 2010 წლის 18 მარტის მდგომარეობით შპს ,,ტელეკომპანია აია-3”-ს, შპს ,,ბუცეფალს” და შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელს”  არ შეუვსიათ და კომისიაში არ წარმოუდგენიათ ავტორიზაციის დეკლარაციის ახალი ფორმები. აღნიშნულით, კომპანიების მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის №546/19 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად  წარმოადგენს ავტორიზებული პირებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

კომისია აღნიშნავს, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  თანახმად, 2010 წლის 18 მარტს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელეკომპანია აია -3”-სათვის, შპს ,,ბუცეფალი”-სათვის და შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელი”-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა  2010 წლის 26 მარტს, რის შესახებ შეტყობინებით ეცნობათ აღნიშნულ ავტორიზებულ პირებს და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მათ, ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან 2010 წლის 26 მარტის კომისიის სხდომაზე შპს ,,ტელეკომპანია აია-3”-ს, შპს ,,ბუცეფალის” და შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელის” წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ და არც კომისიის სხდომის გამართვის შესახებ შეტყობინებების მათთვის ჩაბარების ფაქტი არ დასტურდებოდა,  კომისიამ მიიჩნია, რომ მათი სანქცირების საკითხის განხილვა უნდა გადადებულიყო 2010 წლის 1 აპრილისთვის, რითაც ავტორიზებულ პირებს მიეცემოდათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამასთანავე, კომისიის მიერ დაცული იქნებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის გადადების შესახებ  შეტყობინებები დაეგზავნათ შპს ,,ტელეკომპანია აია-3”-ს, შპს ,,ბუცეფალს” და შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელს” და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მათ, ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ შეტყობინებების გაგზავნის გარდა, 2010 წლის 29 მარტს, კომისიამ  ტელეფონოგრამით აცნობა  შპს ,,ტელეკომპანია აია-3”-ს წარმომადგენელს დ.კვარაცხელიასა და  შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელის” წარმომადგენელს რ.ზოსაიაშვილს 2010 წლის 1 აპრილს ჩანიშნული კომისიის სხდომის თაობაზე. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, კომისიამ ტელეფონოგრამმა ვერ გაუგზავნა შპს ,,ბუცეფალს”, ვინაიდან ვერ დაუკავშირდა  მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ და ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში დაცულ სატელეფონო ნომრებზე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 1 აპრილის კომისიის სხდომაზე შპს ,,ტელეკომპანია აია-3”-ს, შპს ,,ბუცეფალის” და შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელის” წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ  და არც შუამდგომლობით მიუმართავთ  კომისიისათვის სხდომის გადადების თაობაზე. ვინაიდან, შპს  ,,ტელეკომპანია აია 3”-ს და  შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელს” 2010 წლის 29 მარტს ტელეფონოგრამით ეცნობათ კომისიის სხდომის ჩატარების თაობაზე, სადაც განიხილებოდა საკითხი მათი სანქცირების თაობაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილია 2010 წლის 1 აპრილის სხდომაზე განიხილოს მათი სანქცირების საკითხი. კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან არ დასტურდება  შპს ,,ბუცეფალისათვის” კომისიის სხდომის გამართვის თაობაზე შეტყობინების ჩაბარების ფაქტი, მის სანქცირებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა უნდა გადაიდოს 2010 წლის 16 აპრილისათვის, რათა მას მიეცეს საშუალება მონაწილეობა მიიღოს ადმინისტრაციულ წარმოებაში, ამასთანავე კომისიის მიერ დაცულ იქნეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად კომისიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

1. კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის №546/19 გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა კომისიის 2005 წლის 17 ივნისის №408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში. ამავე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით ავტორიზებულ პირებს დაევალათ სახეშეცვლილი ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმების მიხედვით 2010 წლის 15 თებერვლამდე ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

2.  2010 წლის 13 იანვარს,  კომისიამ ავტორიზებულ პირებს წერილობით (13.01.10; 01/134-10) მიმართა შეესრულებინათ კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის № 546/19 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, შეევსოთ დეკლარაციის ახალი ფორმები და წარმოედგინათ ინფორმაცია სახეშეცვლილი ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმების მიხედვით.

3.  კომისიის 2010 წლის 13 იანვრის წერილი შპს ,,ტელეკომპანია აია -3”-ს ჩაბარდა 2010 წლის 21 იანვარს,  ხოლო შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელს” - 2010 წლის 18 იანვარს, რასაც ადასტურებს შპს ,,საქართველოს ფოსტის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტები ადრესატებისათვის კომისიის წერილის ჩაბარების თაობაზე.

4.  2010 წლის  1 აპრილის მდგომარეობით  შპს ,,ტელეკომპანია აია -3”-ს და შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელს” კომისიაში არ წარმოუდგენიათ ავტორიზაციის დეკლარაციის შევსებული ახალი ფორმები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეკომპანია აია 3”-ს და შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელის” მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის №546/19 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად  წარმოადგენს კომპანიებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. 

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ  2010 წლის 31 მარტს  შპს ,,ტელეკომპანია აია -3”-მა , ხოლო 2010 წლის 1 აპრილს შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელმა” ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნით განცხადებებით მიმართეს კომისიას, აღნიშნული არ წარმოადგენს მათი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს, ვინაიდან,  2010 წლის 1 აპრილის მდგომარეობით აღნიშნული კომპანიების ავტორიზაცია არ არის გაუქმებული.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №361/18 გადაწყვეტილებით შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელი” გაფრთხილდა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო, ხოლო კომისიის 2010 წლის 26 თებერვლის №103/18 გადაწყვეტილებით შპს ,,ტელეკომპანია აია 3” გაფრთხილდა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

კომისია აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ტელეკომპანია აია -3”-ს და შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელის”  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სანქციის სახით უკვე გამოყენებულია გაფრთხილება, ამჯერად მათ მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმის სახით.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (22.03.10 № 10/401-10) თანახმად:   

ა) შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელს” კომისიაში არც ერთხელ არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდება ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი. შესაბამისად, შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელის” მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 10000 ლარი.

ბ) შპს ,,ტელეკომპანია აია 3”-ს, 2001 წლის მაისის თვიდან კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდება ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი. შესაბამისად, შპს ,,ტელეკომპანია აია 3”-ს მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 10000 ლარი.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის ა) და ზ) ქვეპუნქტების, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-15 მუხლის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებისა და მე-5 პუნქტის,  მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე, 54-ე და 167-ე მუხლების და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადაიდოს შპს  ,,ბუცეფალისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა 2010 წლის 16 აპრილის 16:00 საათისათვის;

2.  დაჯარიმდეს  შპს ,,ტელეკომპანია აია 3” 10000 ლარის ოდენობით,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე  პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტისა და კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის №546/19 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის დარღვევის გამო;

3. დაჯარიმდეს  შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელი” 10000 ლარის ოდენობით,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე  პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტისა და კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის №546/19 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის დარღვევის გამო;

4. შპს ,,ტელეკომპანია აია 3”-მა და შპს ,,ერ &კომპანი ინტერნეიშენელმა”  უზრუნველყონ 10,000.00 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 დღის ვადაში;

5. შპს ,,ტელეკომპანია აია-3”- მა და შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელმა” უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ტელეკომპანია აია 3”-სათვის და  შპს ,,ერ &კომპანი ინტერნეიშენელისათვის”  გაგზავნა 7 დღის ვადაში დაზღვეული საფოსტო გზავნილით;

7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი) შპს ,,ტელეკომპანია აია 3”-სათვის და შპს ,,ერ & კომპანი ინტერნეიშენელისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

8. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ტელეკომპანია აია 3”-სათვის და შპს ,,ერ &კომპანი ინტერნეიშენელისათვის” ჩაბარების დღიდან;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე - 4 პუნქტის შესარულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-4, მე-5  და მე-6 პუნქტების  გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                         კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                         ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                         აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები