კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის - ზვიად ძიძიგურის, ამავე პარტიის გენერალური მდივნის - კახა კუკავას, პოლიტიკური მოძრაობა „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარის - კობა დავითაშვილის, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის - ზურაბ ნოღაიდელის ერთობლივ ს
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2010
მიღების თარიღი აპრილი 06, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი საჩივრით (25.03.2010 N6/1062-10) მიმართეს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარემ - ზვიად ძიძიგურმა, ამავე პარტიის გენერალურმა მდივნმა - კახა კუკავამ, პოლიტიკური მოძრაობა „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარემ - კობა დავითაშვილმა, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ - ზურაბ ნოღაიდელმა შპს „ტელეიმედი“-ს დირექტორის გიორგი არველაძის, გენერალური დირექტორის მოადგილის ეკა წამალაშვილის, ჟურნალისტების ნათია კობერიძისა და ლაშა ხარაზიშვილის წინააღმდეგ გამოგონილი, არასწორი ფაქტებისა და შეურაცხმყოფელი შეფასებების ეთერით გავრცელების გამო.
ერთობლივ საჩივარში აღნიშნულია, რომ 2010 წლის 13 მარტის 20.00 საათზე პროგრამაში ”სპეციალური რეპორტაჟი” გადაცემული ინსცენირებული ახალი ამბების გამოშვება „ქრონიკის“ ეთერში გასვლის შედეგად დაირღა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტი, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-13, 31-ე, 32-ე მუხლები, 43-ე მუხლის პირველი პუნქტი, 51-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილები.
მ ო თ ხ ო ვ ნ ე ბ ი:
1. ჟურნალისტებმა ნათია კობერიძემ და ლაშა ხარაზიშვილმა საჯაროდ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით იმავე დროს, რა დროსაც გავიდა გადაცემა „მოდელირებული ქრონიკა“ (20:00 საათი) უარყონ „მოდელირებულ ქრონიკაში“ გავრცელებული ზვიად ძიძიგურის, კახა კუკავას, ზურაბ ნოღაიდელის, ნინო ბურჯანაძის, კობა დავითაშვილის, ლევან გაჩეჩილაძის და გოგა ხაინდრავას პატივისა და ღირსების შემლახავი არასწორი ფაქტები და შეფასებები;
2. ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ, გენერალური დირექტორის მოადგილემ ეკა წამალაშვილმა, ჯურნალისტებმა ნათია კობერიძემ და ლაშა ხარაზიშვილმა, პატივისა და ღირსების შელახვისთვის ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით, იმავე დროს, რა დროსაც გავიდა გადაცემა „მოდელირებული ქრონიკა“ (20:00 საათი) საჯაროდ მოუხადონ ბოდიში ზვიად ძიძიგურს, კახა კუკავას, ზურაბ ნოღაიდელს, ნინო ბურჯანაძეს, კობა დავითაშვილს, ლევან გაჩეჩილაძეს და გოგა ხაინდრავას;
კომისია აღნიშნავს, რომ ერთობლივი საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2010 წლის 6 აპრილის სხდომაზე. სხდომის გამართვის შესახებ შეტყობინებებით (31.03.2010 N03/802-10; N03/803-10; N03/804-10; 03/805-10) ეცნობათ დაინტერესებულ პირებს და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. საკითხის განხილვას ესწრებოდნენ კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლები: კახა კუკავა და გია ყრუაშვილი, ხალხის პარტიის წარმომადგენელი ალექსანდრე შალამბერიძე და მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ იურისტი ლადო ბოჟაძე.
განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისია ერთობლივი საჩივრის გამოქვეყნების, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და სამართლებრივი დეპარტამენტის (კ.ყურაშვილი) განმარტებების მოსმენის შემდეგ აღნიშნავს:
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უდანაშაულობის პრეზუმფცია წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების არსებით, განუყოფელ ნაწილს. უდანაშაულობის პრეზუმფცია აღიარებულია ადამიანსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის განმსაზღვრელ უმნიშვნელოვანეს პრინციპად, რომელიც არსებითად წარმოადგენს სახელმწიფოს თვითშეზღუდვას პიროვნებასთან მიმართებაში. იგი მოწოდებულია დაიცვას ადამიანი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ზემოქმედებისგან. შესაბამისად, კომისია ვერ იმსჯელებს განცხადებაში მითითებულ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით, ვინაიდან, კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი შეიძლება დარღვეულ იქნას მხოლოდ სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოებისა და არა კერძო პირების მიერ. პირის მიმართ, სხვა კერძო პირების მიერ გავრცელებული რაიმე სახის განცხადება, მისი დანაშულის ჩადენაში მხილების თაობაზე, თავისი შინაარსით წარმოადგენს ცილისწამებას, რომელიც „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ე) პუნქტის შესაბამისად, განმარტებულია როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება, ხოლო ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი სცილდება კომისიის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს. ცილისწამებასთან, პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული დავა, შეიძლება გახდეს მხოლოდ სასამართლო განსჯის საგანი.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პირს ეკისრება სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. კომისია დამატებით ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზეც, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხეა მედიის მესაკუთრე და არა თავად ჟურნალისტი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ერთობლივი საჩივრის ავტორები წარმოადგენენ ”სიტყვისა და გამოხატვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ საჯარო პირებს, ვინაიდან ისინი ამავე კანონის პირველი მუხლის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ პირებს, რომლებზეც მათი გარკვეული ქმედებების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება;
2. კომისია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ასევე მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს საკითხი შპს „ტელეიმედის“ დირექტორის გიორგი არველაძის, გენერალური დირექტორის მოადგილის ეკა წამალაშვილის, ჟურნალისტების ნათია კობერიძისა და ლაშა ხარაზიშვილის მიერ, ერთობლივი საჩივრის ავტორთა მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 მე-4 და მე-6 პუნქტების დაღრვევასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც, საკუთარი პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის დაცვა უნდა განხორციელდეს სასამართლოს მეშვეობით, გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილიდან, რომლის შესაბამისადაც პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორები მათი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების, ასევე სამოქალაქო კოდექსით დაცული საკუთარი პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილნი არიან მიმართონ უშუალოდ სასამართლოს.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულია მაუწყებლის ვალდებულება ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა (გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა), აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.
კომისია აღნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირთა ერთობლივ საჩივარში მოწინააღმდეგე მხარედ მითითებულია არა შპს „ტელეიმედი“, როგორც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი კერძო სამართლის იურიდიული პირი, არამედ შპს „ტელეიმედის“ დირექტორი გიორგი არველაძე, გენერალური დირექტორის მოადგილე ეკა წამალაშვილი, ჟურნალისტები ნათია კობერიძე და ლაშა ხარაზიშვილი. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი კი ითვალისწინებს დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში საჩივრის წარდგენის უფლებას (გარდა კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარვეევასთან დაკავშირებული საჩივრებისა) ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლი, ისევე როგორც მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მოთხოვნათა სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის მიერ დარღვევა ამავე კანონის მე-14 და 591-ე მუხლების შესაბამისად არ საჩივრდება არც კომისიაში და არც სასამართლოში.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიამ 2010 წლის 15 მარტს საკუთარი ინიციატივით უკვე განიხილა საკითხი შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე და მიიღო გადაწყვეტილება N128/22 რომლის შესაბამისადაც, კომისიამ დადასტურებულად ცნო შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-13 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების და შპს „ტელეიმედის“ კერძო მაუწყებლობის NB16 ლიცენზიის №2 დანართის ა) პუნქტით განსაზღვრული პირობის დარღვევის ფაქტი, რის გამოც, შპს „ტელეიმედს“ დააკისრა დეკლარაციის გადაცემა, მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და სალიცენზიო პირობების დარღვევის თაობაზე, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში, საკუთარ ეთერში 20:00 საათიანი ახალი ამბების გამოშვება „ქრონიკაში“.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას კომისია მოქმედებდა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თუმცა ამ შემთხვევაშიც მოკლებული იყო შესაძლებლობას, დარღვევაზე რეაგირებისთვის გამოეყენებინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქციები, ამავე კანონის 591-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე.
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში კომისიამ მიუთითა, რომ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ შესაბამისად, თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი უნდა შეესაბამებოდეს მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და ითვალისწინებდეს საჩივრის ეფექტიანად განხილვის გამჭვირვალე პროცედურას და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის საფუძველზე და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოფილი უნდა იქნას საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცესი. საჩივრების განხილვა უნდა განხორციელდეს დროულად, გონივრულ ვადაში. საჩივრის განხილვისას მაუწყებელმა (ან თვითრეგულირების სააპელაციო ორგანომ) უნდა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის დასწრება. საჩივართან და სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული. მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაეგზავნოს ყველა დაინტერესებულ მხარეს.
კომისია დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ერთობლივი საჩივრის ავტორთა მიერ კომისიაში არ ყოფილა წარმოდგენილი ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რაც გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს მომხმარებელთა საჩივრები, ლიცენზიის მფლობელის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევასთან დაკავშირებით; აღნიშნულის თაობაზე ერთობლივი საჩივრის ავტორები უფლებამოსილნი არიან მიმართონ უშუალოდ შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოს.
განსახილველ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა კონსერვატიული პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კუკავამ, რომელიც ნაწილობრივ დაეთანხმა კომისიის სხდომაზე ჩამოყალიბებულ საჩივრის განხილვაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლებს. მან ასევე აღნიშნა, რომ საჩივრის განხილვის მოთხოვნით მიმართეს შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოს 2010 წლის 23 მარტს, მაგრამ მათ საჩივარს დღემდე არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია მაუწყებლის მხრიდან. ბატონმა კახა კუკავამ ასევე აღნიშნა, რომ კომისიაში წარმოადგენს ზემოაღნიშნული საჩივრის ასლს და სხვა მტკიცებულებებს, რათა კომისიამ განიხილოს საკითხი შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების მექანიზმის არაეფექტურობასა და კომისიის 2010 წლის 15 მარტის N128/22 გადაწყვეტილების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.
კომისიამ, საქმეზე წარმოდგენილი მასალების, ახსნა-განმარტებებისა და მოსაზრებების ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად შეფასების საფუძველზე მიიჩნია, რომ უარი უნდა ეთქვათ კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეს - ზვიად ძიძიგურს, ამავე პარტიის გენერალური მდივნს - კახა კუკავას, პოლიტიკური მოძრაობა „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარეს - კობა დავითაშვილს, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს - ზურაბ ნოღაიდელს და სხვა დაინტერესებულ პირებს შპს „ტელეიმედის” დირექტორის გიორგი არველაძის, გენერალური დირექტორის მოადგილის ეკა წამალაშვილის, ჟურნალისტების ნათია კობერიძისა და ლაშა ხარაზიშვილის წინააღმდეგ გამოგონილი, არასწორი ფაქტებისა და შეურაცხმყოფელი შეფასებების გამო საჯარო ბოდიში მოხდის თაობაზე საჩივრის განხილვაზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის, 591-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12, მე-13, 95-ე 98-ე 102-ე მუხლების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-6, მე-14 და მე-17 მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, 3 ხმით (ერთმა თავი შეიკავა)
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. უარი ეთქვათ კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეს - ზვიად ძიძიგურს, ამავე პარტიის გენერალური მდივნს - კახა კუკავას, პოლიტიკური მოძრაობა „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარეს - კობა დავითაშვილს, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს - ზურაბ ნოღაიდელს, შპს „ტელეიმედი“-ს დირექტორის გიორგი არველაძის, გენერალური დირექტორის მოადგილის ეკა წამალაშვილის, ჟურნალისტების ნათია კობერიძისა და ლაშა ხარაზიშვილის წინააღმდეგ გამოგონილი, არასწორი ფაქტებისა და შეურაცხმყოფელი შეფასებების გამო საჯარო ბოდიშის მოხდის თაობაზე ერთობლივი საჩივრის განხილვაზე.
2. განემარტოთ კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეს - ზვიად ძიძიგურს, ამავე პარტიის გენერალურ მდივანს - კახა კუკავას, პოლიტიკური მოძრაობა „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარეს - კობა დავითაშვილს, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს - ზურაბ ნოღაიდელს, რომ მათ უფლება აქვთ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართონ სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
3. განემარტოთ კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეს - ზვიად ძიძიგურს, ამავე პარტიის გენერალური მდივნს - კახა კუკავას, პოლიტიკური მოძრაობა „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარეს - კობა დავითაშვილს, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს - ზურაბ ნოღაიდელს, რომ შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დარღვევის თაობაზე უნდა მიმართონ შპს „ტელეიმედის“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე ჩამოყალიბებულ თვითრეგულირების ორგანოს;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის - ზვიად ძიძიგურის, ამავე პარტიის გენერალური მდივნის - კახა კუკავას, პოლიტიკური მოძრაობა „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარის - კობა დავითაშვილის, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის - ზურაბ ნოღაიდელისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა, დაზღვეული საფოსტო გზავნილით;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის დაინტერესებული პირებისთვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) 1 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
ა.სიხარულიძე
