წვდომის მენიუ

შპს ”ტვ 4000”-ის სანქცირების შესახებ

ნომერი: 177 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 15, 2010

მიღების თარიღი აპრილი 08, 2010

    ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში   საქმიანობა ხორციელდება  ამ საქმიანობის ავტორიზაციის   საფუძველზე. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის” 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ითვალისწინებს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.  ამავე კოდექსის 228-ე მუხლის და 239-ე მუხლის 35-ე ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის,  საქმის  განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება მინიჭებული აქვს კომისიას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2010 წლის 06 აპრილს  წარმოებაში გადაეცა კომისიაში 2010 წლის 01 აპრილს შემოსული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000043, შედგენილი 2010 წლის 30 მარტს ხელვაჩაურის რაიონში, რომელშიც აღნიშნულია, რომ  შპს ”ტვ 4000”- ის შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს  ”ტვ 4000”-ი ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს საკაბელო ქსელის გამოყენებით ავტორიზაციის გარეშე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს  ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გიორგი რატიშვილი და შპს  ”ტვ 4000”-ის დირექტორი კახაბერ ნაგერვაძე.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის შესაბამისად, 2010 წლის 06 აპრილს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს  ”ტვ 4000”-ის სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა კომისიის 2010 წლის 08 აპრილის სხდომაზე, 16:00 საათზე.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2010 წლის 06 აპრილს, შპს”ტვ 4000”-ის დირექტორს კახაბერ ნაგერვაძეს ეცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ტელეფონოგრამით (შეტყობინება მიიღო  კახაბერ ნაგერვაძემ, ნომერზე 893 726340). მასვე განემარტა, რომ  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.  ტელეფონის საშუალებით გადაცემული შეტყობინების ტექსტის აუდიო ჩანაწერი CD ფორმატით ერთვის საქმეს როგორც ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტი.

საკითხის განხილვა  გაიმართა  2010 წლის 08 აპრილს კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს  ”ტვ 4000”-ის წარმომადგენელი, დირექტორი  კახაბერ ნაგერვაძე, რომელმაც დაადასტურა დარღვევის ფაქტი და განაცხადა რომ უკანასკნელი 20 დღის განმავლობაში დაახლოებით 200 მომხმარებელს უწევს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას, თუმცა მათთან წერილობითი ხელშეკრულებები გაფორმებული არა აქვს.

 კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000043 ოქმის, დამრღვევის ახსნა-განმარტებისა და კომისიაში წარმოებული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი  რეესტრის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.შპს ”ტვ 4000” შემოწმების დღეს, 2010 წლის 30 მარტს და შემოწმებამდე 20 დღის განმავლობაში ახორციელებდა საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას ავტორიზაციის გარეშე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი №000043).

2.    შპს”ტვ 4000”-ის დირექტორის კახაბერ ნაგერვაძის ახსნა-განმარტების შესაბამისად, ”საკაბელო ტელევიზიით” საქმიანობას კომპანია ახორციელებს უკანასკნელი 20 დღის განმავლობაში და ამ მომსახურებას უწევს დაახლოებით 200-მდე მომხმარებელს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი №000043, დამრღვევის ახსნა-განმარტება, კომისიის სხდომის ოქმი).

3.  2010 წლის 30 მარტის მდგომარეობით, შპს ”ტვ 4000”-ს  არ მიუმართავს კომისიისათვის დეკლარაციით ავტორიზაციის გავლის თაობაზე და შესაბამისად, იგი არ ყოფილა რეგისტრირებული კომისიის უწყებრივ რეესტრში როგორც ავტორიზებული პირი.

4. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე- ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საკაბელო ქსელის გამოყენებით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ”ტვ 4000”-ის მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, კერძოდ, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, რაც იმაში გამოიხატა რომ შპს ”ტვ 4000”  ავტორიზაციის გარეშე  საკაბელო ქსელის გამოყენებით ახორციელებდა მაუწყებლობის ტრანზიტს, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.

კომისიამ აგრეთვე დაადგინა, რომ შპს ”ტვ 4000”-ის მიერ  ჩადენილი სამართალდარღვევის  გამოვლენის შემდეგ, 2010 წლის 01 აპრილს შპს ”ტვ 4000”-მა გაიარა ავტორიზაცია შემდეგ საქმიანობაზე: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელით და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა და ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება (ავტორიზაციის კოდი 448381162). ამდენად, დღეის მდგომარეობით, შპს ”ტვ 4000” უფლებამოსილია განახორციელოს ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობა, თუმცა ეს გარემოება არ ათავისუფლებს მას ადმინისტრაციუილი პასუხისმგებლობისაგან მანამდე  ჩადენილი სამართალდარღვევისათვის.

საქმის განხილვის დროს დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”ტვ 4000”-ის  მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა  5000 ლარის ოდენობით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის, 239-ე მუხლის 35-ე ნაწილის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტებისა და 38-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს ”ტვ 4000”-ს დაეკისროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისათვის;

2.უზრუნველყოს შპს ”ტვ 4000”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300183251;

3. უზრუნველყოს შპს ”ტვ 4000”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

 4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ”ტვ 4000”-სთვის   დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 10 დღის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ტვ 4000”-სთვის   ჩაბარების დღიდან;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).                                                                 

კომისიის წევრი                                                                                          სოფიო ბრიტანჩუკი   

კომისიის წევრი                                                                                          კარლო კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                                          აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                          ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები