წვდომის მენიუ

შპს ,,ბუცეფალისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: 191 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 26, 2010

მიღების თარიღი აპრილი 16, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის და  43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ საქმიანობის ავტორიზაციის საფუძველზე. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის ა) ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახდენს კომისია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ახდენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ავტორიზაციას და აწარმოებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის №546/19 გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა კომისიის 2005 წლის 17 ივნისის №408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში. ამასთანავე, აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით ავტორიზებულ პირებს დაევალათ სახეშეცვლილი ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმების მიხედვით ინფორმაციის 2010 წლის 15 თებერვლამდე კომისიაში წარმოდგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს  ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე)  0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 13 იანვარს,  კომისიამ ავტორიზებულ პირებს წერილობით (13.01.10; 01/134-10) მიმართა შეესრულებინათ კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის № 546/19 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, შეევსოთ დეკლარაციის ახალი ფორმები და წარმოედგინათ ინფორმაცია სახეშეცვლილი ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმების მიხედვით.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის №546/19 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტისა, რომლითაც ავტორიზებულ პირებს დაევალათ სახეშეცვლილი ავტორიზაციის დეკლარაციის შევსებული ფორმების კომისიაში წარმოდგენა 2010 წლის 15 თებერვლამდე და კომისიის 2010 წლის 13 იანვრის წერილობითი მოთხოვნისა ავტორიზებულ პირებს შეესრულებინათ კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება, 2010 წლის 18 მარტის მდგომარეობით შპს ,,ბუცეფალს”  არ შეუვსია და კომისიაში არ წარმოუდგენია ავტორიზაციის დეკლარაციის ახალი ფორმა. აღნიშნულით, მის მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის №546/19 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  წარმოადგენს ავტორიზებული პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. 

კომისია აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  თანახმად, 2010 წლის 18 მარტს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება  შპს ,,ბუცეფალისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა  2010 წლის 26 მარტს, რის შესახებ შეტყობინებით ეცნობა აღნიშნულ ავტორიზებულ პირს და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 26 მარტის კომისიის სხდომაზე შპს ,,ბუცეფალის” წარმომადგენელი არ გამოცხადდა და არც კომისიის სხდომის გამართვის შესახებ შეტყობინების მისთვის ჩაბარების ფაქტი არ დადასტურდა. აქედან გამომდინარე,  კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ,,ბუცეფალის” სანქცირების საკითხის განხილვა უნდა გადადებულიყო 2010 წლის 1 აპრილისთვის, რათა ავტორიზებული პირისათვის მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამასთანავე, კომისიის მიერ დაცული იქნებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის გადადების შესახებ  შეტყობინება გაეგზავნა შპს ,,ბუცეფალს” და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 29 მარტს, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, კომისიამ, 2010 წლის 1 აპრილს ჩანიშნული კომისიის სხდომის თაობაზე ტელეფონოგრამა ვერ გაუგზავნა შპს ,,ბუცეფალს”, ვინაიდან ვერ დაუკავშირდა  მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ და ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში დაცულ სატელეფონო ნომრებზე (899605525; 899605625; 893113568; წარმომადგენლები მ.საზანდარიშვილი და ვ.სამნიაშვილი).

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან 2010 წლის 1 აპრილის კომისიის სხდომაზე შპს ,,ბუცეფალის” წარმომადგენელი არ გამოცხადდა და არც კომისიის სხდომის გამართვის შესახებ შეტყობინებების მისთვის ჩაბარების ფაქტი არ დასტურდებოდა, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ,,ბუცეფალის” სანქცირების საკითხის განხილვა კვლავ უნდა გადადებულიყო 2010 წლის 16 აპრილისთვის, რათა მას საშუალება მისცემოდა მონაწილეობა  მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამასთანავე, კომისიის მიერ დაცული იქნებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ  2010 წლის 9 აპრილს შპს ,,ბუცეფალს” დაზღვეული საფოსტო გზავნილით ჩაბარდა შეტყობინება, მისი წარმომადგენელი  არ გამოცხადდა კომისიის 2010 წლის 16 აპრილის სხდომაზე და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისათვის სხდომის გადადების თაობაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ უფლებამოსილია განიხილოს შპს ,,ბუცეფალის” სანქცირების საკითხი კომისიის 2010 წლის 16 აპრილის სხდომაზე.

ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოებისა და მტკიცებულების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, კომისიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

1. კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის №546/19 გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა კომისიის 2005 წლის 17 ივნისის №408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში. ამავე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით ავტორიზებულ პირებს დაევალათ სახეშეცვლილი ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმების მიხედვით 2010 წლის 15 თებერვლამდე ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

2.  2010 წლის 13 იანვარს,  კომისიამ ავტორიზებულ პირებს წერილობით (13.01.10; 01/134-10) მიმართა შეესრულებინათ კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის № 546/19 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, შეევსოთ დეკლარაციის ახალი ფორმები და წარმოედგინათ ინფორმაცია სახეშეცვლილი ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმების მიხედვით.

3.  კომისიის 2010 წლის 13 იანვრის წერილი შპს ,,ბუცეფალს”  ჩაბარდა 2010 წლის  18 იანვარს, რასაც ადასტურებს შპს ,,საქართველოს ფოსტის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტები ადრესატებისათვის კომისიის წერილის ჩაბარების თაობაზე.

4.  2010 წლის  16  აპრილის მდგომარეობით  შპს ,,ბუცეფალს”  კომისიაში არ წარმოუდგენია ავტორიზაციის დეკლარაციის შევსებული ახალი ფორმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ბუცეფალის” მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის №546/19 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად  წარმოადგენს კომპანიისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. 

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №361/18 გადაწყვეტილებით შპს ,,ბუცეფალი” გაფრთხილდა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო.

კომისია აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ბუცეფალის”  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სანქციის სახით უკვე გამოყენებულია გაფრთხილება, ამჯერად მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმის სახით.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (22.03.10 № 10/401-10) თანახმად, შპს ,,ბუცეფალის” ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი შედაგენს 16,5 ლარს. შესაბამისად, შპს ,,ბუცეფალის” მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 10000 ლარი.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის ა) და ზ) ქვეპუნქტების, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-15 მუხლის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებისა და მე-5 პუნქტის,  მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე, 54-ე და 167-ე მუხლების და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაჯარიმდეს  შპს ,,ბუცეფალი” 10000 ლარის ოდენობით,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე  პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტისა და კომისიის 2009 წლის 23 ოქტომბრის №546/19 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის დარღვევის გამო;

2. შპს ,,ბუცეფალმა” უზრუნველყოს 10,000.00 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 დღის ვადაში;

3. შპს ,,ბუცეფალმა” უზრუნველყოს თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ბუცეფალისათვის”  გაგზავნა 7 დღის ვადაში დაზღვეული საფოსტო გზავნილით;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია) შპს ,,ბუცეფალისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

6. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ბუცეფალისათვის” ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე - 2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების  გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                         კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                         ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                         აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები