წვდომის მენიუ

შპს ” ერთგულება+”-სათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 201 / 15

გამოქვეყნების თარიღი მაისი 03, 2010

მიღების თარიღი აპრილი 23, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ერთგულება+”-მა  (15.04.2010) ციფრების სამნიშნა კომბინაციის - 005 ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით.

როგორც შპს „ერთგულება+“-ის განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია გეგმავს საინფორმაციო მომსახურების განხორციელებას ქ.თბილისში და შესაბამისად, ხარისხიანი საინფორმაციო მომსახურების გაწევის მიზნით, ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ” ერთგულება+”-ის  მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით, ციფრების სამნიშნა კომბინაციით - 005(ნული-ნული-ხუთი)  სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ” ერთგულება+”-ს ნუმერაციის რესურსი 0-0-5 (ნული-ნული-ხუთი) ქ.თბილისში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ” ერთგულება+”-ს ნუმერაციის რესურსი - 0-0-5 (ნული-ნული-ხუთი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით 2011 წლის - 23 აპრილამდე, ქ.თბილისში;

2. შპს ” ერთგულება+” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”ერთგულება+”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ” ერთგულება+” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ” ერთგულება+”-სთვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).                  

კომისიის თავმჯდომარე                 

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

ს.  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი    

კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი   

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი    

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები