შპს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის №B9 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის №716/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 03, 2010
მიღების თარიღი აპრილი 23, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა (წერილი №207-10, 12.02.2010), მისი კუთვნილი №B9 ლიცენზიის (კერძო საერთო ტელემაუწყებლობა) მოდიფიცირების თხოვნით, კერძოდ №B9 მაუწყებლობის ლიცენზიით გათვალისწინებულ 31-ე და 35-ე არხებზე გამოყენებული გადამცემების სიმძლავრის მომატების თაობაზე ქ.ახალქალაქსა და ქ.ახალციხეში. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, რადიომონიტორინგის და რადიომზომელობითი პროგრამული უზრუნველყოფით განხორციელებული რადიოდაფარვის შედეგების მიხედვით შესაძლებელია ახალციხის რაიონში მაუწყებლობისათვის გამოყენებული 31-ე არხზე მომუშავე გადამცემის სიმძლავრის გაზრდა 2000 ვტ-მდე, ხოლო ახალქალაქის რაიონის ტერიტორიაზე მაუწყებლობისათვის გამოყენებული 35-ე არხის სიმძლავრის გაზრდა 2000 ვტ-მდე, გამოიწვევს ელექტრომაგნიტური თავსებადობის დარღვევას არსებული ანალოგური და დაგეგმილი ციფრული მაუწყებლობის სატელევიზიო გადამცემების მიმართ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სიმძლავრის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სატელევიზიო არხის შეცვლის პირობით (35-ე არხის შეცვლა შესაძლებელია 39-ე არხით). აღნიშნულის თაობაზე ეცნობა შპს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს, რომელმაც წერილობით (№540-10 26.03.2010) დაადასტურა თანხმობა 35-ე არხის 39-ე არხით შეცვლაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2008 წლის 22 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №279/22 ”ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე”, რომლის შესაბამისადაც სამაუწყებლო სფეროში ლიცენზირებადი საქმიანობის დაწყების მსურველთა ოდენობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენამდე, შეჩერდა სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემისა და მოდიფიცირების ადმინისტრაციული წარმოება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილება არ აჩერებს ლიცენზიათა მოდიფიცირების პროცესს, თუ მოდიფიცირება არ ეხება ლიცენზიის სახისა და სახეობის ცვლილებას. შპს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის მოთხოვნას წარმოადგენს გადამცემების ტექნიკური მახასიათებლების ცვლილება, კერძოდ, გადამცემების სიმძლავრის გაზრდა, ვინაიდან არსებული გადამცემების სიმძლავრე არ იძლევა მომხმარებლისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების საშუალებას და ლიცენზიით განსაზღვრული გავრცელების არეალის სრულად მოცვის შესაძლებლობას, რაც თავისმხრივ არ გულისხმობს ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის გაზრდას.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ”საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ტელე- ან რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის”.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2010 წლის 13 აპრილის №10/485-10 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის №B9 სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებებლი გარემოებები არ არსებობს, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შპს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის კუთვნილი №B9 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის №716/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-ის №B9 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის №716/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2010 წლის 25 მაისს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-ისთვის (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თავჯდომარე: ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი: ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი: ი.მოსეშვილი
კომისიის წევრი: ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი: კ.კვიტაიშვილი
