წვდომის მენიუ

შპს ”ალიანსი ტივი”-ისა და შპს ”მაია-ტვ”-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 205 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2010

მიღების თარიღი აპრილი 23, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. 

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2010 წლის 01 აპრილს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (გ. რატიშვილი, ი. მახარაძე და ვ. შუღლიაშვილი) 2010 წლის 24, 26 და 29 მარტს შპს ”შონი XXII”-ს, შპს ”დიდგორი 2”-ის, შპს ”სისტემა+”ის, შპს ”ალიანსი ტივი”-ისა და შპს ”მაია-ტვ”-ის მიმართ შედგენილი შემოწმების აქტები №43, №44, №45, №46 და  №47, რომელთა თანახმად მითითებული პირები გარკვეულ სამაუწყებლო არხებს გადასცემდნენ არამართლზომიერად, ამ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის (რეტრანსლირების) უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებების  კომისიაში წარმოდგენის გარეშე.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2010 წლის 13 და 23 აპრილის სამსახურებრივი ბარათების თანახმად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გიორგი რატიშვილის  მიერ დაზუსტდა იმ სატელევიზიო არხების ჩამონათვალი, რომლებზეც შემოწმებულ პირებს  არა აქვთ  კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები და რომელთაც ისინი გადასცემენ არამართლზომიერად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში 2010 წლის 14 აპრილს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ალიანსი ტივი”-ს , შპს ”სისტემა+”-ის,  შპს ”შონი XXII”-ეს, შპს ”დიდგორი 2”-ისა და შპს ”მაია -ტვ”-ს სანქცირებასთან დაკავშირებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის გამო.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2010 წლის 14 აპრილს, შპს ”ალიანსი ტივი”-ს , შპს ”სისტემა+”-ს,  შპს ”შონი XXII”-ეს, შპს ”დიდგორი 2”-სა და შპს ”მაია -ტვ”-ს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ. შეტყობინებით, მათ განემარტათ, რომ  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტი  ადასტურებს შპს ”ალიანსი ტივი”-ს, შპს ”სისტემა+”-ს,  შპს ”შონი XXII”-ეს, შპს ”დიდგორი 2”-ისა და შპს ”მაია-ტვ”-სათვის შეტყობინებების ჩაბარების ფაქტს.

საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა  2010 წლის 23 აპრილის კომისიის სხდომაზე, რომელსაც  ესწრებოდნენ შპს ”ალიანსი ტივი”-ს , შპს ”სისტემა+”-ს,  შპს ”შონი XXII”-ეს, შპს ”დიდგორი 2”-ისა და შპს ”მაია-ტვ”-ს წარმომადგენლები. კომისიის 2010 წლის 23 აპრილის სხდომაზე  შპს ”სისტემა+”-ს,  შპს ”შონი XXII”-სა და შპს ”დიდგორი 2”-ის წარმომადგენლმა, ადვოკატმა  ირაკლი ნოზაძემ   იშუამდგომლა მითითებული ავტორიზებული პირების მიმართ საკითხის განხილვის გადადების თაობაზე იმ მოტივით, რომ იგი ვერ  მიიღებს მონაწილეობას კომისიის 2010 წლის 23  აპრილის სხდომაზე საკითხის განხილვაში რადგან  ვალდებულია გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა საქმის განხილვასთან დაკავშირებით. კომისიამ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა და შპს ”სისტემა+”-ს,  შპს ”შონი XXII”-სა და შპს ”დიდგორი 2”-ის  საკითხის განხილვა გადადო  2010 წლის 30 აპრილს, 16:00 საათისათვის, რის თაობაზეც ი.ნოზაძე კომისიის სხდომაზე გაფრთხილდა, რაც აისახა კომისიის სხდომის ოქმში.

კომისიამ აგრეთვე გამოარკვია, რომ კომისიის  2010 წლის 23 აპრილის სხდომაზე  შპს ”ალიანსი ტივი”-ს ინტერესებს წარმოადგენდა დირექტორი დ. ჯანდაგაშვილი, ხოლო შპს ”მაია-ტვ”-ს ინტერესებს წარმოადგენდა დირექტორი მ.დუმბაძე, რომლებსაც შუამდგომლობით საკითხის განხილვის გადადების თაობაზე კომისიისათვის არ მიუმართავთ. კომისიამ  მიიჩნია, რომ შპს ”ალიანსი ტივი”-სა და შპს ”მაია-ტვ-ს საკითხის განხილვის დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი 2010 წლის 24 მარტის № 43 და 2010 წლის 29 მარტის №47  შემოწმების ოქმების, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გიორგი რატიშვილის  2010 წლის 13 აპრილის და 23 აპრილის სამსახურებრივი ბარათების, ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების, დარღვევის ჩადენის ფაქტის თაობაზე დამრღვევთა მიერ აღიარებითი ახსნა-განმარტებების შესწავლის შედეგად, გამოარკვია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი  გარემოებები:

1.შპს ”ალიანსი ტივი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 01.04.2008, ავტორიზებული საქმიანობის სახე - ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება), რომელიც ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს უცვლელი სახით სამაუწყებლო არხების გადაცემას.

2.შპს ”მაია-ტვ”-ი არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 09.02.10, ავტორიზებული საქმიანობის სახე - ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება), რომელიც ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს უცვლელი სახით სამაუწყებლო არხების გადაცემას;

3. შპს ”ალიანსი ტივი”-სა და შპს ”მაია-ტვ”-ს  უცვლელი სახით სამაუწყებლო არხების გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეთ ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;

4. შპს ”ალიანსი ტივი”-ის წარმომადგენელმა,  დ. ჯანდაგირაშვილმა  კომისიის სხდომაზე აღიარა ის ფაქტი, რომ შპს ”ალიანსი ტივი”-ი საკაბელო ქსელით გადასცემდა შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ”Fox Crime”, ”Discovery”,”Euronews”, “Fox Life”, “National Geographic”,“RU Music”,  ”Премьера”, СТС”, ”Футбол”, საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელებთან  ხელშეკრულებების დადების გარეშე.

5. შპს ”მაია-ტვ”-ის წარმომადგენელმა მ. დუმბაძემ კომისიის სხდომაზე აღიარა ის ფაქტი, რომ შპს ”მაია-ტვ”-ი საკაბელო ქსელით გადასცემდა შემდეგ სამაუწყებლო არხებს: Rеn Тv”, “Россия 2”,  “DTV”, “THT”, “Теле-няня”, “History”, “TV Шансон”, ”СТС”,  “National Geographic”, “Hollmark”, “TV 1000”, “Охота и Рыбалка”, “Совершенно Секретно”, “ ATV” (Turkey), “Travel”, “RTVi”, “5TV Петербург”, “Star”, “Eurosport”, “TV3”, “RU Music”, ”Euronews”, ”Discovery”, “C1” ,“ Viva”,“ Кинохит”, “Киноклуб”, ”Футбол”,”Oнлайн”, “Новое Кино”,“Дом Кино”,  Премьера”, “Звезда“, ”Домашний”, ”Haber” (Turkey), საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელებთან  ხელშეკრულებების დადების გარეშე.

6.  შპს ”ალიანსი ტივი”-ს კომისიაში  არ წარმოუდგენია საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები და იგი საკაბელო ქსელით არამართლზომიერად გადასცემს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ”Fox Crime”, ”Discovery”,”Euronews”, “Fox Life”, “National Geographic”,“RU Music”,  ”Премьера”, СТС”, ”Футбол”, სულ 9 სამაუწყებლო არხი.

7. შპს “მაია-ტვ”-ს კომისიაში არ  წარმოუდგენია საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები და იგი საკაბელო ქსელით არამართლზომიერად გადასცემს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ”Rеn Тv”, “Россия 2”,  “DTV”, “THT”, “Теле-няня”, “History”, “TV Шансон”, ”СТС”,  “National Geographic”, “Hollmark”, “TV 1000”, “Охота и Рыбалка”, “Совершенно Секретно”, “ ATV” (Turkey), “Travel”, “RTVi”, “5TV Петербург”, “Star”, “Eurosport”, “TV3”, “RU Music”, ”Euronews”, ”Discovery”, “C1” ,“ Viva”,“ Кинохит”, “Киноклуб”, ”Футбол”,”Oнлайн”, “Новое Кино”,“Дом Кино”,  Премьера”, “Звезда“, ”Домашний”, ”Haber” (Turkey), სულ 35 სამაუწყებლო არხი.

გადაწყვეტილების მიღების  სამართლებრივი საფუძვლები:

1. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;

2. ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-4, მე-6,  მე-8 და მე-14 მუხლების, ,,ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად, საქართველო ვალდებულია დაიცვას საავტორო უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი) პუნქტის თანახმად, კაბელით გადაცემა წარმოადგენს საზოგადოების მიერ მიღების მიზნით ხმის ან/და გამოსახულების გადაცემას სადენით, ოპტიკური ბოჭკოს ან სხვა ანალოგიური საშუალებით, ხოლო მე-4 მუხლის ი1) პუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) პუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად ნიშნავს უფლებას ნება დართოს ან აკრძალოს საჯარო გადაცემა. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2  და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 46-ე მუხლის თანახმად, მაუწყებლობის ორგანიზაციები ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციები ამ თავით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორსა და შემსრულებელთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შემსრულებელსა და მაუწყებლობის ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების დადება შესრულების ეთერში ან კაბელით  გადაცემის თაობაზე, იწვევს შემსრულებლის მიერ შესრულების ჩაწერის, მისი შემდგომი გადაცემისა და ჩანაწერის რეპროდუცირების უფლების გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მათი გამოყენება დაკავშირებულია მათი შემადგენელი რაიმე ნაწილის ციტირებასთან, სწავლების ან მეცნიერული გამოკვლევის მიზნით ილუსტრირებასთან, მიმდინარე მოვლენის მიმოხილვის მიზნით მათი ნაწყვეტების გამოყენებასთან, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის. 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევად ითვლება მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის უკანონო გამოყენება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

 შპს ”ალიანსი ტივი”-მ, კომისიაში ვერ წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, შესაბამისად იგი საკაბელო ქსელით არამართლზომიერად გადასცემს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ”Fox Crime”, ”Discovery”,”Euronews”, “Fox Life”, “National Geographic”,“RU Music”,  ”Премьера”, СТС”, ”Футбол”, რაც ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევას წარმოადგენს.

შპს “მაია-ტვ”-მ კომისიაში ვერ წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, შესაბამისად იგი საკაბელო ქსელით არამართლზომიერად გადასცემს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ”Rеn Тv”, “Россия 2”,  “DTV”, “THT”, “Теле-няня”, “History”, “TV Шансон”, ”СТС”,  “National Geographic”, “Hollmark”, “TV 1000”, “Охота и Рыбалка”, “Совершенно Секретно”, “ ATV” (Turkey), “Travel”, “RTVi”, “5TV Петербург”, “Star”, “Eurosport”, “TV3”, “RU Music”, ”Euronews”, ”Discovery”, “C1” ,“ Viva”,“ Кинохит”, “Киноклуб”, ”Футбол”,”Oнлайн”, “Новое Кино”,“Дом Кино”,  Премьера”, “Звезда“, ”Домашний”, ”Haber” (Turkey), რაც ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევას წარმოადგენს.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა წარმოადგენს ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველს.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”ალიანსი ტივი”-ს მიმართ კომისიის 2009 წლის 31 ივლისის  № 361/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, სანქციის სახით გამოყენებულია გაფრთხილება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და  ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული კომპანიის მიმართ ამჯერად გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისადაც ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს  ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე)  0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (01.04.10 №10/453-10) შესაბამისად, შპს ”ალიანსი ტივი”-ს   ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი არ აღემატება 10,000.00 (ათი ათასი) ლარს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”ალიანსი ტივი”-ს ჯარიმის სახით უნდა დაეკისროს 10,000.00 (ათი ათასი) ლარის გადახდა.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”მაია-ტვ”-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე, მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი გაფრთხილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 51-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-18 პუნქტების და 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.დაეკისროს ჯარიმა შპს ”ალიანსი ტივი”-ს 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  დარღვევის გამო;

2. გაფრთხილდეს შპს ”მაია-ტვ”-ი ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  დარღვევის გამო;

3.უზრუნველყოს შპს ”ალიანსი ტივი”-მ  წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300773251;

 

4. უზრუნველყონ შპს ”ალიანსი ტივი”-მ და შპს ”მაია-ტვ”-მ საქართველოს ტერიტორიაზე გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მითითებული არხების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებების გარეშე მაუწყებლობის არამართლზომიერი ტრანზიტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

 5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ”ალიანსი ტივი”-ისა და  შპს ”მაია -ტვ”-სთვის,  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. თოდრია) ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციების თაობაზე შესაბამისი მონაცემების შეტანა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;

8. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ალიანსი ტივი”-ისა და შპს ”მაია -ტვ” -სათვის  ჩაბარების დღიდან;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი, მე-3, მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                          სოფიო ბრიტანჩუკი   

კომისიის წევრი                                                                                          კარლო კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                                          აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                          ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები