წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ და, მეორე მხრივ, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის შეზღუდავასა და არაგონივრულად მაღალი ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 22 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2010

მიღების თარიღი იანვარი 08, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს „ახტელმა“, სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ დავის განხილვის მოთხოვნით.

კომისიაში წარმოდგენილ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2009 წლის 1 ნოემბრიდან სს “გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ, CDMA ფიქსირებული სატელეფონო აბონენტებისთვის შემოღებულ იქნა ახალი ტარიფი, რომლის შესაბამისადაც, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ CDMA უსადენო ტელეფონის მფლობელი აბონენტებისთვის დადგენილია ტარიფი 0.6 თეთრი წუთში, (ე.წ. პირველი პაკეტი), მაშინ როდესაც კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისთვის დადგენილია ზედა ზღვრული ტარიფი 0.4 თეთრი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ დაკისრებული აქვს სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით: მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე  კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა,  კომისიის N189/9 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამის, კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში, საკუთარი საკომუნიკაციო ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვება და მსურველი (აქცეპტანტი) პირებისათვის ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების მიწოდება უნდა განახორციელოს კონკურენციის უზრუნველმყოფი, დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული  ტარიფით, რომლის ოდენობაც დადგენილ უნდა იქნას, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ზღვრული ტარიფების ფარგლებში. ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება  შემდეგი კონკრეტული პირობებით: მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ,  მჭიდროდ დაკავშირებულ, სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არ უნდა დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა სატარიფო შეღავათების სუბსიდირება, სხვა ავტორიზებულ პირთა ან სხვადასხვა მომხმარებელთა (აბონენტთა) ხარჯზე. ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებთან მჭიდროდ დაკავშირებულ სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ ავტორიზებულ  პირს (ამ შემთხვევაში სს „გაერთიანებულ ტელეკომს“), ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაკისრებული აქვს სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება,  შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მჭიდროდ დაკავშირებულ, სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე უნდა უზრუნველყოს  აბონენტებისათვის (ბოლო მომხმარებლებისათვის) ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით, არ უნდა დაუშვას საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლა.

ბ) ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებთან მჭიდროდ დაკავშირებულ, სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდა  ზღვრული ტარიფი - 4 თეთრის ოდენობით წუთზე დღგ-ს ჩათვლით: საკუთარ აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურებისა და სხვა ფიქსირებული ქსელის მფლობელი ოპერატორების აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების სახეებზე.

განმცხადებლები ასევე აღნიშნავენ, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ საკუთარი აბონენტებისთვის შემოღებულია შიდა ქსელში 0 თეთრი, ხოლო შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ აბონენტების მიმართულებით განხორციელებულ ზარებზე ტარიფი შეადგენს 0.6 თეთრს, რაც განმცხადებლების აზრით, წარმოადგენს დისკრიმინაციას და ქსელის მფლობელი ოპერატორების არათანაბარ პირობებში ჩაყენებას. შესაბამისად, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ განხორციელებული ქმედებებით ხელი ეშლება მომხმარებელს მიიღოს ეკონომიკურად ხელმისაწვდომი მომსახურება. სს „გაერთიანებული ტელეკომი“ დაბრკოლებას ქმნის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, ახორციელებს სატარიფო ზეწოლას და დისკრიმინაციულ პირობებში აყენებს სხვა ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს. შესაბამისად, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ ირღვევა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტები, და 35-ე მუხლის მე-4 პუნქტი.

განმცხადებლები ასევე აღნიშნავენ, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“ 2009 წლის 31 ივლისის N363/12 გადაწყვეტილებით გაფრთხილებულ იქნა ანალოგიური ხასიათის დარღვევის გამო და მიუხედავად აღნიშნულისა, კომპანია კვლავ აგრძელებს კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილების დარღვევას.

მოთხოვნა: სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ გამოყენებულ იქნას კანონმდებლობით გათვალისწინებული მაქსიმალური სანქცია.

კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 25 დეკემბერს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებით ეცნობათ შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“. ამ უკანასკნელს გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ერთობლივი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ასლები, მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და  ასევე, ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2009 წლის 24 დეკემრამდე.

მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები. შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენელმა ბატონმა ნ.ჟღენტმა დააზუსტა მოთხოვნა და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სანქცირებასთან ერთად, მოითხოვა ამ უკანასკნელის მიერ დადგენილი 0.6 თეთრიანი ტარიფის გაუქმება.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“  საკითხის განხილვას ითხოვენ სწორედ დავის რეჟიმში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავის საფუძველზე,  კომისიამ მიიჩნია, რომ,  ერთი მხრივ, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელსა“ და, მეორე მხრივ, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში და შესაბამისად, კომისიის 2009 წლის 25 დეკემბრის N698/16 გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განხილვა დაინიშნა 2010 წლის 8 იანვარს 16:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვა გაიმართა კომისიის 2010 წლის 8 იანვრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტმა განმარტა, რომ კომისიის, 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილებით, სს ”გაერთიანებული ტელეკომი” ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად,  ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებთან მჭიდროდ დაკავშირებულ სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე. სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ დაკისრებული ვალდებულების პირობები კომისიის მიერ ობიექტურად განისაზღვრა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული ავტორიზებული პირი, კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მიღებამდე, ახორციელებდა კონკურენციის შემზღუდველ ქმედებებს, სადენიანი სპილენძის წყვილებით აბონენტების სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე. კერძოდ, მომხმარებლების სატარიფო შეღავათების სუბსიდირებას, სხვა ავტორიზებულ პირთა (ურთიერთჩართვა) ან სხვადასხვა მომხმარებელთა (აბონენტთა) ხარჯზე; აგრეთვე, მის მიერ ზემოაღნიშნული საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დადგენილი ტარიფი არ იყო დანახარჯებზე ორიენტირებული და ადგილი ჰქონდა თვითღირებულებაზე დაბალი ტარიფებით ბოლო მომხმარებლების მომსახურებას (ე.წ. ”ნულოვანი ტარიფებით” საცალო ბაზრის სეგმენტზე სატარიფო ზეწოლას).  კომისიის მიერ 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კვლევისა და ანალიზის ჩატარების დროს, სს ”გაერთიანებული ტელეკომი” არ ახორციელებდა ე.წ. ”CDMA” ტექნოლოგიით სატელეფონო მომსახურებას. შესაბამისად, ამ ტექნოლოგიით განხორციელებული საქმიანობის ეკონომიკური და სხვა მაჩვენებლები კვლევის მასალებში არ ასახულა.

ამასთან, ამგვარი ტექნოლოგიით, ფიქსირებულ მისამართზე, ე.წ ”უსადენო” სატელეფონო მომსახურების მიწოდება, ხასიათდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მომხმარებლების მხრიდან თანაბარი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობით. ქსელის სააბონენტო ნუმერაცია ხასიათდება არაგეოგრაფიული ნიშნით  და კონკურენტულობის თაობაზე შესაბამისი დასკვნების გაკეთებისა და ობიექტურად შეფასებებისათვის, მიზანშწონილია ამ უსადენო ტექნოლოგიით მიწოდებული სატელეფონო მომსახურების სახეებისა და სადენიანი სპილენძის წყვილებით ფუნქციურად ერთგვაროვანი, სატელეფონო მომსახურების სახეების შედარებითი ანალიზი, რაც კომისიის მიერ 2008 წლის 4 აპრილის №189 გადაწყვეტილების მიღებისას, ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, არ განხორციელებულა.

რაც შეეხება დისკრიმინაციულობის საკითხს, აღსანიშნავია, რომ კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-2 მუხლის ”თ” პუნქტის თანახმად, დისკრიმინაცია  წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ სხვა ავტორიზებული პირებისათვის ან მომხმარებლებისათვის, არსებითად მსგავსი გარემოებებისა და ეკვივალენტური მოთხოვნების პირობებში, საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდების არაერთგვაროვანი პირობების შეთავაზებას ან დადგენას. სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ სხვადასხვა აბონენტებისათვის ერთგვაროვანი პირობებისა და გარემოებებისას საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განსხვავებული ტარიფების შეთავაზება ან მომსახურების მიწოდება არ ხორციელდება. ასევე, არ ხორციელდება ამ კომპანიის მიერ საბითუბო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე სხვადასხვა ურთიერთჩართული ოპერატორებისათვის ურთიერთჩართვის მომსახურების განსხვავებული - დისკრიმინაციული პირობებით მიწოდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. სს ”გაერთიანებული ტელეკომი”-ს მიერ ”CDMA” ტექნოლოგიით აბონენტის ფიქსირებულ მისამართზე სატელეფონო მომსახურების სახეზე დადგენილი ტარიფების დანახარჯებზე ორიენტირებულობისა და არადისკრიმინაციულობის შეფასება უნდა განხორციელდეს შესაბამისი კვლევისა და ანალიზის ფარგლებში.  ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვისა და სადენიანი და უსადენო ტექნოლოგიების გამოყენებით ფუნქციურად ერთგვაროვანი მომსახურების სახეების ერთიან ბაზრის შესაბამის სეგმენტში ჩართვისათვის აუცილებელია შესაბამისი ანალიზური შეფასებებისა და კანონით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, დასკვნების გაკეთება, რაც ხორციელდება კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.

2. სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ ”CDMA” ტექნოლოგიით აბონენტის ფიქსირებულ მისამართზე სატელეფონო მომსახურების სახეებზე დადგენილი სატარიფო სისტემა არადისკრიმინაციულია სხვა, მასთან ურთიერთჩართული ფიქსირებული თუ მობილური საკომუნიკაციო ოპერატორების მიმართ, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, მომსახურების მიწოდება ხორციელდება სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ საკუთარი აბონენტებისათვის საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, ხოლო ურთიერთჩართული ოპერატორებისათვის ურთიერთჩართვის მიწოდება კი, ხორციელდება საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე. დისკრიმინაციულობის შეფასება ხორციელდება ერთი ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ფარგლებში.

ამასთან, ამ მომსახურების სახეზე კომპანიის მიერ დადგენილი ტარიფების დანახარჯებზე ორიენტირებულობის საკითხთან დაკავშირებით, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ეს თემა უშუალოდ დაკავშირებულია ”CDMA” ტექნოლოგიით აბონენტის ფიქსირებულ მისამართზე სატელეფონო მომსახურების მიწოდებისას დანახარჯების განცალკევებულად განაწილებასთან და ისევე, როგორც ზემოთ განხილული არადისკრიმინაციულობის საკითხი, გაანალიზებულ უნდა იქნას კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე კონკრეტული კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების, მხარეთა შუამდგომლობებისა და ახსნა-განმარტებების, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის განმარტების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის საფუძველზე, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. კომისიის 2008 წლის N189/9 გადაწყვეტილების მე-14 მუხლის შესაბამისად, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებთან მჭიდროდ დაკავშირებულ სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ, ავტორიზებულ  პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრა სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:

) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მჭიდროდ დაკავშირებულ, სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე უზრუნველყოს  აბონენტებისათვის (ბოლო მომხმარებლებისათვის) ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით, არ უნდა დაუშვას საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლა.

ბ) ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებთან მჭიდროდ დაკავშირებულ, სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე, კონკრეტულ პირს, მათ შორის სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდა  ზღვრული ტარიფი - 4 თეთრის ოდენობით წუთზე დღგ-ს ჩათვლით: საკუთარ აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურებისა და სხვა ფიქსირებული ქსელის მფლობელი ოპერატორების აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების სახეებზე.

2. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 31 აგვისტოს N420/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის და ცალკეული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიმართ ამავე გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“, კომისიის  2009 წლის 16 ოქტომბრის N506/9 გადაწყვეტილებაში, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ შეფასდა კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით განსაზღვრული ცალკეული ავტორიზებული პირების მიერ განხორციელებული ქმედებები, ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე, აღნიშნული ავტორიზებული პირების სატარიფო გეგმებში ცვლილებების შეტანის კუთხით.

2009 წლის 16 ოქტომბრის N506/9 გადაწყვეტილებაში კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წელს, კომისიის მიერ ფიქსირებული სატელეფონო მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფის დადგენის მიზანს წარმოადგენდა ბაზრის ამ სეგმენტზე სატარიფო რეგულირება, როდესაც ავტორიზებული პირების მიერ დანერგილი იყო არასწორი სატარიფო სტრატეგია - შიდა ზარებზე ნულოვანი ტარიფების დადგენა, ამავდროულად, სხვა ოპერატორების აბონენტებთან დაკავშირებისათვის არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მომსახურების  (ქსელის შიდა სატელეფონო ზარებზე და სხვა ოპერატორის მიმართულებით სატელეფონო ზარებზე) ტარიფი ორიენტირებული  უნდა ყოფილიყო დანახარჯებზე. კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შესაბამის ბაზარზე განვითარებული ტენდენციების და განხორციელებულ სატარიფო სტრატეგიათა ცვლილებების გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ კომისიის  2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილები მე-14 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრულმა ვალდებულებამ შეასრულა მარეგულირებელი ფუნქცია სს ”გაერთიანებული ტელეკომის”, შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მიმართ, რის გამოც აღნიშნული პუნქტის მოქმედება მათ მიმართ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი კომისის 2007 წლის 31 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 27-ე მუხლის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაკონკრეტდა  კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-14 პუნქტით, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუნიკაციო ტერმინალურ ელემენტებთან  დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარის წამოწყება-დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტთან მჭიდროდ დაკავშირებულ სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში დაკისრებული სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება და ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის ”ბ” პუნქტი 2009 წლის 01 ნოემბრიდან, შემდეგი ავტორიზებული პირების მიმართ: სს ”გაერთიანებული ტელეკომი”; შპს ”ახალი ქსელები”; შპს ”ახტელი”.

გამომდინარე, იქიდან, რომ კომისიის 2009 წლის 16 ოქტომბრის N506/9 გადაწყვეტილებით გაუქმებულია 4 თეთრიანი ზედა ზღვრული ტარიფი,  კომისიას მიაჩნია, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ არ არის დარღვეული კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილების მე-14 მუხლის ბ) ქვეპუნქტი. ამავე დროს, კომისია, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენის განმარტებაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილებით არ გამოკვლეულა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის,  სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ, CDMA უსადენო ტექნოლოგიით მიწიდებული ფიქსირებული სატელეფონო მომსახურებისთვის, ოპერატორის მიერ დადგენილი ტარიფის ხარჯებზე ორიენტირებულობის საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პერიოდისთვის კომპანია არ ახორციელებდა CDMA უსადენო ტექნოლოგიის მეშვეობით ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებას, შესაბამისად, ამ ეტაპზე არ ფიქსირდება სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილების მე-14  პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, კომისიას მიაჩნია, რომ არ დასტურდება სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ CDMA ტექნოლოგიით ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის დაწესებული 0.6 თეთრიანი ტარიფის დაწესებით, ამავე კომპანიაზე დაკისრებული დანახარჯებზე ორიენტირებულობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის სპეციფიკური ვალდებულებების დარღვევა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობოს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სანქცირების საფუძველი, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მოთხოვნა, სს „გაერთიანებულ ტელეკომისთვის“ 0.6 თეთრიანი ტარიფის გაუქმების დაკისრებისა და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტისა და 42-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. არ დაკმაყოფილდეს შპს „ახალ ქსელების“ და შპს „ახტელის“ მოთხოვნა კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილების დარღვევის გამო, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სანქცირებისა და CDMA უსადენო ტექნოლოგიით მიწიდებული ფიქსირებული სატელეფონო მომსახურებისთვის 0.6 თეთრიანი ტარიფის გაუქმების დავალდებულების თაობაზე, კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილების დარღვევის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების სს „გაერთიანებული ტელეკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელისთვის“ გაგზავნა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

კომისიის წევრები                                                                 ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                კ.კვიტაიშვილი

                                                                                                ა.სიხარულიძე

                                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები