შპს ”სისტემა+”-ისა და შპს ”შონი XXII”-ესათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 25, 2010
მიღების თარიღი მაისი 10, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2010 წლის 01 აპრილს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (გ. რატიშვილი, ი. მახარაძე და ვ. შუღლიაშვილი) 2010 წლის 24, 26 და 29 მარტს შპს ”შონი XXII”-ს, შპს ”დიდგორი 2”-ის, შპს ”სისტემა+”ის, შპს ”ალიანსი ტივი”-ის და შპს ”მაია-ტვ”-ის მიმართ შედგენილი შემოწმების აქტები №43, №44, №45, №46 და №47, რომელთა თანახმად მითითებული პირები გარკვეულ სამაუწყებლო არხებს გადასცემდნენ არამართლზომიერად, ამ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომისიაში წარმოდგენის გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში 2010 წლის 14 აპრილს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ალიანსი ტივი”-ს , შპს ”სისტემა+”-ს, შპს ”შონი XXII”-ს, შპს ”დიდგორი 2”-ის, და შპს ”მაია -ტვ”-ს სანქცირებასთან დაკავშირებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის გამო.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2010 წლის 14 აპრილს, შპს ”ალიანსი ტივი”-ს , შპს ”სისტემა+”-ს, შპს ”შონი XXII”-ს, შპს ”დიდგორი 2”-ს და შპს ”მაია -ტვ”-ს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2010 წლის 23 აპრილის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”ალიანსი ტივი”-ს , შპს ”სისტემა+”-ს, შპს ”შონი XXII”-ეს, შპს ”დიდგორი 2”-ისა და შპს ”მაია-ტვ”-ს წარმომადგენლები.
კომისიის 2010 წლის 23 აპრილის სხდომაზე შპს ”სისტემა+”-ს, შპს ”შონი XXII”-ს, შპს ”დიდგორი 2”-ის წარმომადგენელმა, ადვოკატმა ირაკლი ნოზაძემ იშუამდგომლა შპს ”სისტემა+”-ს, შპს ”შონი XXII”-ს, შპს ”დიდგორი 2”-ის მიმართ საკითხის განხილვის გადადების თაობაზე იმ მოტივით, რომ იგი ვალდებულია გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა საქმის განხილვასთან დაკავშირებით, რის გამოც ვერ განახორციელებს მითითებული პირების წარმომადგენლობას 2010 წლის 23 აპრილის კომისიის სხდომაზე. კომისიამ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა და შპს ”სისტემა+”-ს, შპს ”შონი XXII”-ს, შპს ”დიდგორი 2”-ის საკითხის განხილვა გადადო 2010 წლის 30 აპრილს, 16:00 საათისათვის, რის თაობაზეც გააფრთხილა კომისიის სხდომაზე მყოფი შპს ”სისტემა+”-ს, შპს ”შონი XXII”-ესა და შპს ”დიდგორი 2”-ის წარმომადგენელი ირაკლი ნოზაძე, რაც აისახა კომისიის სხდომის ოქმში.
კომისიის 2010 წლის 30 აპრილის სხდომაზე გამოცხადნენ შპს ”სისტემა+”-ს დირექტორი მ. ბერუაშვილი, შპს ”შონი XXII”-ეს დირექტორი კ.ციმაკურიძე, შპს”დიდგორი 2”-ის დირექტორი კ.ნადირაძე და შპს ”სისტემა+”-ს, შპს ” შონი XXII”-ესა და შპს ”დიდგორი 2”-ის ადვოკატი ი.ნოზაძე, ფიზიკური პირი გ. ასისტაშვილი.
კომისიის 2010 წლის 30 აპრილის სხდომაზე, შპს ”სისტემა+”-ისა და შპს ”შონი XXII”-ეს ადვოკატმა ი. ნოზაძემ აღნიშნა, რომ კომისიის 2010 წლის 26 მარტს №44 და №45 შემოწმების აქტებში არ არის მითითებული შემოწმების განხორციელების ზუსტი მისამართები, რაც სადავოდ ხდის შემოწმების შპს ”სისტემა+”-ისა და შპს ”შონი XXII”-ეს აბონენტებთან ჩატარების ფაქტს. მანვე აღნიშნა, რომ შპს ”სისტემა+”-ი მართლზომიერად ახორციელებს სატელევიზიო არხების: ”Индия” და ”Боец” რეტრანსლირებას შპს ” სტეპკომთან” გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო შპს ”შონი XXII”-ე ახორციელებს სატელევიზიო არხების ”Индия” და ”Боец” რეტრანსლირებას მართლზომიერად შპს ”შამმ -2002”-თან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. რაც შეეხება სატელევიზიო არხებს ”Премьера”, ”СТС” და ”Футбол”, მათი რეტრანსლირება შპს ”სისტემა+”-ისა და შპს ”შონი XXII”-ეს მიერ ხორციელდებოდა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტისაგან მიღებული ნებართვის საფუძველზე.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”სისტემა+”-ისა და შპს ”შონი XXII”-ეს ნაწილში საქმე მოითხოვდა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, კერძოდ, შპს ”სისტემა+”-სა და შპს ”შონი XXII”-ეს იმ აბონენტების ახსნა-განმარტებების მიღებას, რომლებთანაც განხორციელდა შემოწმება, საკითხის განხილვა გადაიდო 2010 წლის 10 მაისს 16:00 საათისათვის, რის თაობაზეც კ. ციმაკურიძე, მ.ბერუაშვილი და ი.ნოზაძე კომისიის სხდომაზე გაფრთხილდნენ, რაც აისახა კომისიის სხდომის ოქმში.
კომისიის 2010 წლის 10 მაისის სხდომაზე გამოცხადნენ შპს ”სისტემა+”-ს დირექტორი მ. ბერუაშვილი, შპს ”შონი XXII”-ეს დირექტორი კ.ციმაკურიძე, შპს ”სისტემა+”-სა და შპს ” შონი XXII”-ეს ადვოკატი ი.ნოზაძე და გ. ასისტაშვილი.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს ”სისტემა+”-ისა და შპს ”შონი XXII”-ეს მიმართ 2010 წლის 26 მარტს გაფორმებული №44 და №45 შემოწმების ოქმების, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გიორგი რატიშვილის 2010 წლის 13 აპრილის და 23 აპრილის სამსახურებრივი ბარათების, კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილის და ამავე დეპარტამენტის სპეციალისტების ი. მახარაძის, ვ.შუღლიაშვილის ახსნა-განმარტებების, შპს ”სისტემა+”-ისა და შპს ”შონი XXII”-ეს წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებების, აგრეთვე კომისიის სხდომაზე მათ მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებების, შპს ”შამმ-2002”-ისა და შპს ”სტეპკომის” წარმომადგენელთა კომისიის 2010 წლის 30 აპრილის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებების, 2010 წლის 26 მარტის №44 შემოწმების ოქმზე ხელმომწერი პირის გ.ასისტაშვილის ახსნა-განმარტების, შპს ”სისტემა+”-ის აბონენტის ლ.ფეიქრიშვილის წერილობითი ახსნა-განმარტების, ამ უკანასკნელის მიერ სააბონენტო გადასახდის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების შესწავლის შედეგად, კომისიამ გამოარკვია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს ”სისტემა +”-ი არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 24.12.2008, ავტორიზებული საქმიანობის სახე - ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება), რომელიც ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს უცვლელი სახით სამაუწყებლო არხების გადაცემას;
შპს ”სისტემა+”-ს უცვლელი სახით სამაუწყებლო არხების გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;
2010 წლის 26 მარტს, 13:00 საათზე, შპს ”სისტემა +”-ის აბონენტთან ლ.ფეიქრიშვილთან, მისამართზე ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის №29, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილის მიერ, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტის ი.მახარაძის მონაწილეობითა და მოქალაქე გ. ასისტაშვილის თანდასწრებით განხორციელდა შპს ”სისტემა +”-ის მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №44. შემოწმების ოქმს ხელს აწერენ გ. ასისტაშვილი, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ. რატიშვილი და ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი ი. მახარაძე.
შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება როგორც შემოწმების №44 აქტით, ისე შემოწმებაზე დამსწრე პირი გ. ასისტაშვილის ხელმოწერით, მის მიერ კომისიის 2010 წლის 10 მაისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, შპს ”სისტემა+-ის” აბონენტის ლ. ფეიქრიშვილის 2010 წლის 09 მაისის წერილობითი ახსნა-განმარტებით, მის მიერ სააბონენტო გადასახადების გადახდის ქვითრებით, პირადობის მოწმობის მონაცემებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის გ. რატიშვილისა და ამავე დეპარტამენტის სპეციალისტების ი. მახარაძისა და ვ. შუღლიაშვილის ახსნა-განმარტებებით.
კომისია განმარტავს, რომ შემოწმების № 44-ე აქტი შედგენილია ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის გარეშე. კერძოდ, სწორად არის მითითებული იმ საცხოვრებელი ბინის მისამართი, სადაც განხორციელდა შემოწმება, რასაც ადასტურებს ლ.ფეიქრიშვილის პირადობის მოწმობა, რომელშიც მითითებულია მისამართი - ქ.თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის №29. კომისია აღნიშნავს, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” წესების 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, შემოწმების განხორციელება არ არის შეზღუდული ავტორიზებული პირის ადგილმდებარეობით და შემოწმების მეთოდებსა და ხერხებს განსაზღვრავს შემოწმების განმახორციელებელი პირი დამოუკიდებლად. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, შესამოწმებელი საკითხის სპეციფიურობიდან გამომდინარე, შემოწმების განმახორციელებელი პირის მიერ შემოწმების ადგილად სწორად განისაზღვრა აბონენტის საცხოვრებელი ბინა. კომისია აგრეთვე განმარტავს, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-8 პუნქტის ”თ” ქვეპუნქტისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მხოლოდ შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის) მიერ შემოწმების ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის, აგრეთვე შემმოწმებელისათვის რაიმე სხვა ფორმით შემოწმების აქტის შედგენის ხელის შეშლის შემთხვევაში, შემოწმების აქტში უნდა მიეთითოს სულ ცოტა 2 დამსწრე მოწმის ხელმოწერა. იმის გათვალისწინებით, რომ 2010 წლის 26 მარტს შემოწმების №44 აქტის კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მიერ შედგენის დროს ადგილი არ ჰქონდა შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის) მიერ შემოწმების ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმას, აგრეთვე შემმოწმებელისათვის რაიმე სხვა ფორმით შემოწმების აქტის შედგენის ხელის შეშლის შემთხვევას, კომისია ვერ გაიზიარებს შპს ”სისტემა+”-ის წარმომადგენლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ შემოწმების №44 აქტს ხელს უნდა აწერდეს 2 დამსწრე მოწმე.
ამას გარდა, შპს ”სისტემა +”-ი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ იგი ახორციელებდა სამაუწყებლო არხების ”Премьера”, ”СТС”, ”Футбол”-ის რეტრანსლირებას და აცხადებს, რომ მან ეს უფლება მიიღო კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტისაგან (2010 წლის 21 აპრილის №6/1345-10 და 2010 წლის 30 აპრილის №6/1484-10 ახსნა-განმარტება).
კომისიის 2010 წლის 10 მაისის სხდომაზე შპს ”სისტემა+”-ის წარმომადგენლმა კომისიას წარუდგინა 2010 წლის 28 აპრილით დათარიღებულ ლ.ფეიქრიშვილის სახელით ხელმოწერილი წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მის მისამართზე ბაგრატიონის 29-ში ”...მონიტორინგის მიზნით არავინ ყოფილა და მონიტორინგი არ განუხორციელებია”. კომისიამ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია აღნიშნული წერილობითი მტკიცებულება და გამოარკვია, რომ მითითებულ ახსნა-განმარტებაში არ არის აღნიშნული რა სახის, რა საკითხთან დაკავშირებით და რომელი ორგანოს მიერ ჩასატარებელ მონიტორინგს გულისხომბს მისი ხელმომწერი პირი. იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2010 წლის 30 აპრილის სხდომაზე შპს ”სისტემა+”-ის წარმომადგენლმა დაადასტურა, რომ ვახუშტი ბაგრატიონის №29-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში კომისიის მიერ განხორციელებული შემოწმების ჩატარების სისწორე იმ დროისათვის შპს ”სისტემა+”-ს გამოკვლეული არ ჰქონდა, კომისიას ნაკლებად სარწმუნოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ მითითებული წერილობითი ახსნა-განმარტება შედგენილია და ნამდვილად არსებობდა წერილობითი დოკუმენტის სახით 2010 წლის 28 აპრილს, როგორც ეს ამ ახსნა-განმარტების ტექსტშია მითითებული. კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”სისტემა+”-ის მიერ წარმოდგენილი ლ. ფეიქრიშვილის სახელით ხელმოწერილი წერილობითი ახსნა-განმარტება ცალკე აღებული, არ შეიძლება შეფასდეს, როგორც სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულება და შესაბამისად, იგი ვერ გააბათილებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიის მიერ გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
კომისიამ აგრეთვე შეისწავლა, შპს ”სისტემა+”-ის განცხადება კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტიდან სამაუწყებლო არხების ”Премьера”, ”СТС”, ”Футбол”-ის რეტრანსლირების ზეპირი ნებართვის მიღების თაობაზე და დაადგინა, რომ ასეთი ნებართვა ან დაპირება კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტიდან გაცემული არ ყოფილა. კომისია აღნიშნავს, რომ ასეთი სახის ნებართვისა თუ დაპირების გაცემა არ წარმოადგენს კომისიის ან კომისიის ცალკეული დეპარტამენტის უფლებამოსილებას და განმარტავს, რომ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლება მოიპოვება მხოლოდ ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. კომისია აგრეთვე განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირისათვის არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ კანონიერი ნდობის საფუძველს.
კომისიამ გამოიკვლია შპს ”სტეპკომსა” და შპს ”სისტემა +”-ს შორის 2010 წლის 01 მარტს სამაუწყებლო არხების ”Индия” და ”Боец” რეტრანსლირების უფლების შპს ”სისტემა +”-ისათვის გადაცემასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება და გამოარკვია, რომ ხელშეკრულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებულია ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესაძლებლობა. კომისიამ შეისწავლა, შპს ”სტეპკომის” მიერ წარმოდგენილი საფოსტო გზავნილი, მის მიერ კომისიის 2010 წლის 30 აპრილის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება, შპს ”სისტემა+”-ის ახსნა-განმარტება და დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ”სისტემა+”-ს ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე შპს ”სტეპკომმა” აცნობა 2010 წლის 25 მარტს და ამ დროიდან შპს ”სისტემა+”-ი ვალდებული იყო შეეწყვიტა სამაუწყებლო არხების ”Индия” და ”Боец” რეტრანსლირება. როგორც ეს 2010 წლის 26 მარტის შემოწმების №44 აქტით დასტურდება, შპს ”სისტემა+”-ი შემოწმების დღეს, 2010 წლის 26 მარტს საკაბელო ქსელით არამართლზომიერად გადასცემდა სატელევიზიო არხს ”Боец”.
კომისიამ შეისწავლა შპს ”სისტემა +”-ს მიერ კომისიაში 2010 წლის 30 აპრილს წარმოდგენილი სამაუწყებლო არხი “RU MUSIC”-ის რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტები და გამოარკვია, რომ შპს ”სისტემა +”-ს მოპოვებული აქვს მითითებული სამაუწყებლო არხის რეტრანსლირების უფლება დროებით, 2010 წლის 15 მარტიდან 2010 წლის 1 სექტემბრამდე (სააქციო საზოგადეობა ”RU MUSIC”-ს დროებითი ნებართვა სამაუწყებლო არხი “RU MUSIC”-ის რეტრანსლირების უფლების საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირისათვის გადაცემის თაობაზე, გაცემული 2010 წლის 01 მარტს და საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის 2010 წლის 15 მარტის წერილი). შესაბამისად, შემოწმების დროს 2010 წლის 26 მარტს შპს ”სისტემა+”-ი საკუთარი საკაბელო ქსელის გამოყენებით მართლზომიერად გადასცემდა “RU MUSIC”-ს.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კომისამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ”სისტემა +”-ი საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, საკაბელო ქსელით არამართლზომიერად გადასცემდა შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ”Премьера”, ”СТС”, ”Футбол” და ”Боец”;
კომისიამ აგრეთვე გამოარკვია, რომ შპს ”შონი XXII”-ე არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 07.06.2007, ავტორიზებული საქმიანობის სახე - ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება), რომელიც ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს უცვლელი სახით სამაუწყებლო არხების გადაცემას;
2010 წლის 26 მარტის №45 შემოწმების ოქმის თანახმად, შპს ”შონი XXII”-ეს აბონენტთან, რ. ნაცვლიშვილთან, მისამართზე ქ. თბილისი, გლდანის მე-3 მიკრორაიონი, კორპუსი №1 (ბინის ნომერი დაუზუსტებელია) კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილის მიერ, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტ ი. მახარაძის მონაწილეობით განხორციელდა შპს ”შონი XXII”-ეს მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების მართლზომიერების შემოწმება. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2010 წლის 26 მარტის №45 შემოქმების აქტისა და ამავე დეპარტამენტის უფროსის გიორგი რატიშვილის 2010 წლის 13 აპრილის და 23 აპრილის სამსახურებრივი ბარათების თანახმად, შპს ”შონი XXII”-ეს კომისიაში წარმოდგენილი არ აქვს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები და იგი საკაბელო ქსელით არამართლზომიერად გადასცემს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ”Индия”, ”Боец”, ”Премьера”, ”СТС”, ”Футбол”;
კომისიამ შეისწავლა შპს ”შონი XXII”-ესა და ”შპს ”შამმ-2002”-ს შორის 2009 წლის 01 ოქტომბერს სამაუწყებლო არხების ”Индия” და ”Боец” რეტრანსლირების უფლების შპს ”შონი XXII”-ესათვის გადაცემასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება და გამოარკვია, რომ ხელშეკრულების მე-7 პუნქტის შესაბამისად, იგი ძალაშია 2010 წლის 01 ოქტომბრამდე. მითითებული ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის ყველა შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყვეტილად ჩაითვლება მხარეთა შორის ურთიერთანგარიშსწორების შესახებ საბოლოო ოქმის გაფორმების დღიდან. გაირკვა, რომ შპს ”შამმ-2002”-სა და შპს ”შონი XXII”-ეს შორის ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტისათვის ამ ხელშეკრულებით დადგენილი აუცილებელი პროცედურა დასრულებული არ არის, რის გამოც კომისიას მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით მინიჭებული უფლების შპს ”შონი XXII”-ეს მიერ გამოყენება და სამაუწყებლო არხების ”Индия” და ”Боец” რეტრანსლირება არ წარმოადგენს მისი მხრიდან კანონმდებლობის ბრალეულ და არამართლზომიერ დარღვევას.
ამას გარდა, კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სათანადო ზომების მიღების მიუხედავად, ვერ მოიძებნა და შესაბამისად, კომისიის 2010 წლის 10 მაისის სხდომაზე არ გამოცხადდა რ. ნაცვლიშვილი, რომელთანაც 2010 წლის 26 მარტს განხორციელდა შემოწმება. აგრეთვე, ვერ იქნა წარმოდგენილი შპს ”შონი XXII”-ესათვის ყოველთვიური სააბონენტო გადასახადების რ. ნაცვლიშვილის მიერ გადახდის დოკუმენტები, მომსახურების ხელშეკრულება ან სხვა სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ შემოწმება განხორციელდა შპს ”შონი XXII”-ეს აბონენტის ბინაში.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ ცალკე აღებული, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2010 წლის 26 მარტის №45 შემოწმების ოქმი და ამავე დეპარტამენტის უფროსის და სპეციალისტის ახსნა-განმარტებები, სხვა დამატებითი მტკიცებულებების (აბონენტის ახსნა-განმარტება ან/და სააბონენტო მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მომსახურების ხელშეკრულება, შემოწმებაზე დამსწრე პირის ახსნა-განმარტება, შემოწმებული პირის აღიარება) არარსებობის პირობებში არ არის საკმარისი იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ შპს ”შონი XXII”-ე ახორციელებდა სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად რეტრანსლირებას, რის გამოც მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწდეს.
გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-4, მე-6, მე-8 და მე-14 მუხლების, ,,ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად, საქართველო ვალდებულია დაიცვას საავტორო უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი) პუნქტის თანახმად, კაბელით გადაცემა წარმოადგენს საზოგადოების მიერ მიღების მიზნით ხმის ან/და გამოსახულების გადაცემას სადენით, ოპტიკური ბოჭკოს ან სხვა ანალოგიური საშუალებით, ხოლო მე-4 მუხლის ი1) პუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) პუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად ნიშნავს უფლებას ნება დართოს ან აკრძალოს საჯარო გადაცემა. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 46-ე მუხლის თანახმად, მაუწყებლობის ორგანიზაციები ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციები ამ თავით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორსა და შემსრულებელთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შემსრულებელსა და მაუწყებლობის ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების დადება შესრულების ეთერში ან კაბელით გადაცემის თაობაზე, იწვევს შემსრულებლის მიერ შესრულების ჩაწერის, მისი შემდგომი გადაცემისა და ჩანაწერის რეპროდუცირების უფლების გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მათი გამოყენება დაკავშირებულია მათი შემადგენელი რაიმე ნაწილის ციტირებასთან, სწავლების ან მეცნიერული გამოკვლევის მიზნით ილუსტრირებასთან, მიმდინარე მოვლენის მიმოხილვის მიზნით მათი ნაწყვეტების გამოყენებასთან, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის. 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევად ითვლება მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის უკანონო გამოყენება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
შპს ”სისტემა +”-მა კომისიას ვერ წარუდგინა საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, შესაბამისად, იგი საკაბელო ქსელით არამართლზომიერად გადასცემდა შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ”Премьера”, ”СТС”, ”Футбол” და Боец”, რაც ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევას წარმოადგენს.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა წარმოადგენს ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველს.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”სისტემა+”-ის მიმართ კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №361/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, სანქციის სახით გამოყენებულია გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 19 მუხლის მეორე პუნქტის ლ) ქვეპუნქტებისა და ამავე კანონის 12-ე მუხლის მე-4 პუნქტების დარღვევის გამო, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული კომპანიის მიმართ ამჯერად გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (01.04.10 №10/453-10) შესაბამისად, შპს ”სისტემა+”-ს ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი არ აღემატება 10,000.00 (ათი ათასი) ლარს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”სისტემა+”-ს ჯარიმის სახით უნდა დაეკისროს 10,000.00 (ათი ათასი) ლარის გადახდა.
საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობის გამო, არ დადასტურდა ის ფაქტი, რომ შპს ”შონი XXII”-ე საკაბელო ქსელით არამართლზომიერად გადასცემდა სამაუწყებლო არხებს და არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში, რის გამოც მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 51-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-15, მე-16 და მე-18 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.დაეკისროს ჯარიმა შპს ”სისტემა+”-ს 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის, 47-ე მუხლის, 58-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2.უზრუნველყოს შპს ”სისტემა+”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773251
და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 დღის ვადაში;
3.უზრუნველყოს შპს ”სისტემა+”-მა საქართველოს ტერიტორიაზე გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მითითებული სამაუწყებლო არხების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებების გარეშე, არამართლზომიერი ტრანზიტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
4.შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”შონი XXII”-ეს მიმართ მისი მხრიდან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო;
5.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”სისტემა+”ისა და შპს ”შონი XXII”-ესთვის, დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”სისტემა+”-ისა და შპს ”შონი XXII”-ესთვის ჩაბარების დღიდან;
8. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. თოდრია) ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციების თაობაზე შესაბამისი მონაცემების შეტანა;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
