საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის არაავტორიზებად საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2010
მიღების თარიღი მაისი 14, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით №136, 23.04.10, ფიქსირებული სიხშირეების და სიხშირული ზოლების მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, “არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის”.
“ელქტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 - ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274-ე და 30-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N42,21.01.1997) დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.20 პუნქტის, “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ფიქსირებული სიხშირეები ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით 2011 წლის 7 მაისამდე ;
2. სახელმწიფო საიდუმლოებად იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;
3. აღირიცხოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი. ხარებავა);
4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
