წვდომის მენიუ

შპს „ახალ ქსელებს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის კომისიის 2008 წლის 14 მარტის N122/16 გადაწყვეტილების შესრულებასთან დაკავშირებულ დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 23 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2010

მიღების თარიღი იანვარი 08, 2010

8-12 იანვარი, 2010 წელი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებით მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა”, სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ დავის განხილვის მოთხოვნით.

კომისიაში წარმოდგენილ  განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს “გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ ადგილი აქვს კომისიის 2008 წლის 14 მარტის N122/16 გადაწყვეტილების შეუსრულებლობას. კერძოდ, სს „გაერთიანებული ტელეკომი“, მიუხედავად კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებისა და შპს „ახალი ქსელების“ არაერთი წერილობითი მიმართვისა, არ აძლევს ნებართვას შპს „ახალ ქსელებს“ განახორციელოს მათი კუთვნილი კაბელის (ტპპ10X2 2.625 მეტრი) დემონატაჟი ქ.თბილისში სოფელი დიღმის გადასახვევიდან, სოფელ დიღომში, შპს „ახალი ქსელების“ სატელეფონო კანალიზაციამდე. აღნიშნულ კაბელზე შპს „ახალი ქსელების“ საკუთრების უფლება დადასტურებულია მხარეთა შორის 2007 წლის 14 თებერვალს შედგენილი აქტით, რომელსაც ხელს აწერენ მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ 2008 წლის 12 ნოემბრის N4-15/1054 წერილით (თან ერთვის განცხადებას) გასცა ნებართვა ზემოაღნიშნული კაბელის დემონტაჟზე, ამავე დროს, წამოაყენა ახალი მოთხოვნა, რომ ნებართვა ძალაში შევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარეთა შორის გაფორმდება შესაბამისი აქტი, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს სამუშაოების შესრულების ვადას და იმ უფლებამოსილი პირების სიას, ვინც განახორციელებს სამუშაოებს, აგრეთვე თუ განისაზღვრება მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხები სატელეფონო კანალიზაციის დაზიანების შემთხვევაში და შეთანხმდება კაბელის ამოღების შესახებ აქტის ფორმა. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, აღნიშნული წერილის პასუხად, შპს „ახალმა ქსელებმა“ 2008 წლის 26 სექტემბრის N869 წერილით (თან ერთვის განცხადებას) სთხოვა სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ მიევლინა უფლებამისილი წარმომადგენლები, კაბელის დემონტაჟის სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ აღნიშნული წერილი სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდან დარჩა უპასუხოდ. განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“ განაგრძობს კანალიზაციაში განთავსების მომსახურების საფასურის დარიცხვებს ზემოაღნიშნულ კაბელებზე. შპს „ახალი ქსელები“ ასევე აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინება, სადაც, სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს არა კაბელების კუთვნილება, არამედ საკანალიზაციო არხებში არსებულ კაბელებთან დაშვება, რასაც არ აქვს ქონებრივი ხასიათი. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სს „გაერთიანებულ ტელეკომის“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის  მიერ ხორციელდება მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში და დენადი ხასიათის დარღვევა.

მოთხოვნები:

1. სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” უპირობოდ შეასრულოს კომისიის 2008 წლის 14 მარტის N122/16 გადაწყვეტილება, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები და მისცეს საშუალება შპს ”ახალ ქსელებს” განახორციელოს საკუთარი კაბელების დემონტაჟი.

2. სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიმართ გამოყენებულ იქნას ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სანქცია.

კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2009 წლის 25 დეკემბერს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებით ეცნობათ შპს „ახალ ქსელებს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“. ამ უკანასკნელს გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს „ახალი ქსელების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი  განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ასლები, მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და  ასევე, ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2009 წლის 24 დეკემბრამდე.

მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ შპს „ახალი ქსელების“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები. შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და აღნიშნა, რომ მოთხოვნას წარმოადგენს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ, შპს „ახალი ქსლების“ დაშვება, სატელეფონო კანალიზაციასთან, ამ უკანასკნელის კაბელების დემონტაჟის მიზნით.

სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია მზად არის მორიგებით დაამთავროს დავა და შესთავაზა შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელს, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“ უზრუნველყოფს მისთვის იმავე ტიპის და ზომის კაბელის გადაცემას, რის დემონტაჟსაც ითხოვს კომპანია. აღნიშნულს არ დაეთანხმა შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელი.

მოსამზადებელ სხდომაზე, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ წარმოდგენილ იქნა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წერილი 10.03.2009 N8-15/273 და ასევე შემოწმების აქტები, რომლებითაც მხარე ადასტურებს, რომ შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ახტელს“ მიეცა უფლება განეხორციელებუნა იმ კაბელების დემონტაჟი, რომლებზედაც დადასტურებულია ამ უკანასკნელთა საკუთრების უფლება. სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებულებები გადაეცა შპს „ახალ ქსელების“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენელს.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელი მხარე საკითხის განხილვას ითხოვდა სწორედ დავის რეჟიმში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავის საფუძველზე, კომისიის 2009 წლის 25 დეკემბრის N699/16 გადაწყვეტილებით, დავის განხილვის დღედ განისაზღვრა 2010 წლის 8 იანვარი.

დავის განხილვა გაიმართა კომისიის 2010 წლის 8 იანვრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ახალი ქსელების“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლები. კომისიის აღნიშნულ სხდომაზე შპს „ახალი ქსელების“ შუამდგომლობის საფუძველზე, დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით, საკითხის განხილვა გაგრძელდა კომისიის 2010 წლის 12 იანვრის სხდომაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახალი ქსელების“ მიერ 2010 წლის 11 იანვარს კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს „ახალი ქსელების“ წერილი 17.11.2008 N1060, მიწერილი სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ, სადაც შპს „ახალი ქსელები“ აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება სს “გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ, კაბელების ამოღებასთან დაკავშირებით გაცემული ნებართვის ძალაში შესვლისთვის დამატებით პირობების დაყენებას, მაგრამ მიუხედავად ამისა განსაზღვრავს სს“ გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ მოთხოვნილ პირობებს, კერძოდ,

1. კონკრეტული სამუშოების წარმოების ვადა იქნება სამივე კაბელის ამოღებისთვის ერთი კვირა;

2. ქ.თბილისში კაბელების დემონტაჟს განახორციელებენ შპს „ახალი ქსელების“ უფლებამოსილი წარმომადგენლები ვაჟა მარტიაშვილი და ალექსანდრე მელაძე, ხოლო შპს „ახტელში“ თემურ ქუტოშვილი და ზაალ სულაბერიძე;

3. შპს „ახალი ქსელები“ იღებს სრულ პასუხისმგებლობას სატელეფონო კანალიზაციის დაზიანების შემთხვევაში;

4. შპს „ახალი ქსელები“ ეთანხმება სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ შედგენილ კაბელების ამოღების აქტის ფორმას, რომელიც მათ მიერ უკვე გამოყენებულ იქნა ქ.თბილისში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 12 იანვრის სხდომაზე სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ, კომისიაში წარმოდგენილ იქნა წერილი 25.11.2008 N8-14/1480, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ახალი ქსელების“ კაბელზე - ტპპ 300X2-2625 მ, სოფელ დიღმის გადასახვევიდან - სოფელ დიღომში „ახალი ქსელების“ გამანაწილებელ კარადამდე, შპს „ახალი ქსელების“ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა აღნიშნულ კაბელზე შპს „ახალი ქსელების“ საკუთრების უფლება. შესაბამისად, როგორც სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, სწორედ აღნიშნული ფაქტი გახდა სოფელ დიღომში კაბელების ამოღების დამაბრკოლებელი გარემოება, ვინაიდან კომისიის გადაწყვეტილებით სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ დაევალა შპს „ახალი ქსელების შეუზღუდავი დაშვება სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სატელეფონო საკანალიზაციო არხებში (კაბელების დემონტაჟის მიზნით) არსებულ იმ კაბელებთან, რომლებზეც შპს  ”ახალი ქსელების” საკუთრება დგინდება უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი ინვენტარიზაციის აქტებით.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების, მხარეთა შუამდგომლობებისა და ახსნა-განმარტებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის საფუძველზე, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. 2007 წლის 8 იანვარს შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომა“ შორის ხელმოწერილ იქნა შეთანხმება, სატელეფონო კანალიზაციის ინვენტარიზაციის შესახებ. აღნიშნული შეთანხმების დანართ N1-ში მხარეების მიერ განსაზღვრულ იქნა ინვენტარიზაციის ჩატარებაზე და შესაბამისად, შეთანხმების აქტებზე ხელმომწერ, უფლებამოსილ პირთა სია. აღნიშნული დანართის შესაბამისად, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მხრიდან ასს-51-ს აღწერის ჩატარებაზე უფლებამოსილ პირად განსაზღვრული იყო ვ.მარტიაშვილი, ხოლო სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდან  მაჩიტიძე და მაისურაძე. 2007 წლის 14 თებერვალს, სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის შედგენილ იქნა აქტი, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „ახალი ქსელების“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლებმა ჩაატარეს ასს 51-ს სატელეფონო კანალიზაციის არხებში გამავალი შპს „ახალი ქსელების“ კუთვნილი კაბელების ინვენტარიზაცია და დაადგინეს, რომ 2007 წლის 14 თებერვლის მდგომარეობით, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სატელეფონო კანალიზაციაში ნამდვილად დევს შემდეგი კაბელები:

1. ტპპ 100X2X0,4 (მეხამრიდი 111) 1598 მეტრი სიგრძეზე გ/კ52-34-დან გ/კ-52-07-მდე („უშბის“ მიწისქვეშა გადასასვლელის მარჯვენა მხარეს).

2. ტპპ 300X2X0,4 – 2625 მეტრი სიგრძეზე გ/კ52-34-დან (სოფელი დიღმის გადასახვევი გზიდან) შპს „ახალი ქსელების“ კანალიზაციამდე სოფელ დიღომში.

ზემოაღნიშნულ აქტზე ხელს აწერენ შპს „ახალი ქსელების“ მხრიდან ვ.მარტიაშვილი, ხოლო სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდან ჭ.ფარეშიშვილი და ი.ჯაფარიძე.

2. კომისიის 2008 წლის 14 მარტის N122/16 გადაწყვეტილებით,  დაკმაყოფილდა შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნა და დაევალა სს ”გაერთიანებულ ტელეკომს”, შპს  ”ახალი ქსელების” შეუზღუდავი დაშვება (კაბელების დემონატაჟის მიზნით) სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სატელეფონო საკანალიზაციო არხებში არსებულ იმ კაბელებთან, რომლებზეც შპს  ”ახალი ქსელების”  საკუთრება დგინდება უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი ინვენტარიზაციის აქტებით;

3. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნულ ინვენტარიზაციის აქტს, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდან ხელს აწერენ არა მაჩიტიძე და მაისურაძე, რომლებიც სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ახტელს“ შორის 2007 წლის 8 იანვარს გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, განსაზღვრულნი არიან როგორც ინვენტარიზაციის ჩატარებაზე უფლებამოსილი პირები, არამედ ჭ.ფარეშიშვილი და ი.ჯაფარიძე, აღნიშნული აქტი ვერ ჩაითვლება უტყუარ მტკიცებულებად, რომელიც ადასტურებს  სოფელი დიღმის გადასახვევი გზიდან, შპს „ახალი ქსელების“ კანალიზაციამდე სოფელ დიღომში ტპპ 300X2 – 2625 მეტრი კაბელზე შპს „ახალი ქსელების“ საკუთრების ფაქტს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნულ კაბელზე შპს „ახალი ქსელების“ საკუთრების უფლება სადაოა მხარეთა შორის, შპს „ახალ ქსელებსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დავა წარმოადგენს ქონებრივი ხასიათის დავას და კომისია არ არის უფლებამოსილი განიხილოს იგი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება, შპს „ახალ ქსელებს“ და  სს „გაერთიანებულ ტელეკომს“  შორის კომისიის 2008 წლის 14 მარტის N122/16 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო სანქცირებისა და სოფელი დიღმის გადასახვევი გზიდან, შპს „ახალი ქსელების“ კანალიზაციამდე სოფელ დიღომში ტპპ 300X2 – 2625 მეტრი კაბელის ამოღების დავალდებულების თაობაზე მიმდინარე დავაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტისა და 42-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ახალ ქსელებს“ და  სს „გაერთიანებულ ტელეკომს“  შორის კომისიის 2008 წლის 14 მარტის N122/16 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო სანქცირებისა და სოფელი დიღმის გადასახვევი გზიდან, შპს „ახალი ქსელების“ კანალიზაციამდე სოფელ დიღომში ტპპ 300X2 – 2625 მეტრი კაბელის ამოღების დავალდებულების თაობაზე მიმდინარე დავაზე, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდან დარღვევის ჩადენის დაუსაბუთებლობისა და კაბელებზე ქონებრივი დავის დაუსრულებლობის გამო.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების სს „გაერთიანებული ტელეკომისა“ და შპს „ახალი ქსელებისთვის“ გაგზავნა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

კომისიის წევრები                                                                 ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                კ.კვიტაიშვილი

                                                                                                ა.სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები