წვდომის მენიუ

შპს ”სილქნეტისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 233 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 25, 2010

მიღების თარიღი მაისი 14, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. 

2010 წლის 03 მაისს  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტანმენტს გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი № 10/557-10, რომლის თანახმად ირკვევა, რომ შპს ”სილქნეტი” არ ასრულებს კომისიის 2010 წლის 12 მარტის №117/22 გადაწყვეტილებით  მისთვის  დაკისრებულ ვალდებულებას წარმოადგინოს კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში 2010 წლის 11 მაისს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”სილქნეტის” მიმართ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ”ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2010 წლის 11 მაისს შპს ”სილქნეტს” გაეგზავნა ტელეფონიგრამა, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, რომელიც ჩაიბარა კომპანიის წარმომადგენელმა ლ.გიორგაძემ.

საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა  2010 წლის 14 მაისის აპრილის კომისიის სხდომაზე, რომელსაც  ესწრებოდა შპს ”სილქნეტის” წარმომადგენელი ლ.გიორგაძე.

კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის, 2010 წლის 15 იანვრის №40/23 გადაწყვეტილების, კომისიის 2010 წლის 12 მარტის №117/12 გადაწყვეტილების, კომისიის 2010 წლის 26 მარტის №08/763-10 წერილისა და შპს ”სილქნეტის” ახსნა-განმარტების შესწავლის შედეგად, კომისიამ გამოარკვია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე  შემდეგი ფაქტობრივი  გარემოებები:

1. შპს ”სილქნეტი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 10.03.2010) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და/ან მომსახურების შემდეგ სახეებზე:

ა) ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებები;ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებები;

ბ) ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:  არხული საკომუტაციო საშუალებები; პაკეტური საკომუტაციო საშუალებები;

გ) მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების მაგისტრალური  სახაზო საშუალებები; ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებები; სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებები;ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებები;

დ) მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით  უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხები და შესაბამისი ელემენტები;

ე) საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა: საკანალიზაციო არხები;

ვ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: ელექტრონული  საკომუნიკაციო ანძები; საბილინგო მონაცემთა ბაზები; სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზები; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებები (CIP/H323); ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობა (IP TV, IP ტელეფონია)

ზ) ფიჭური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: CDMA;

თ) თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:  თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებები;

ი) ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება:ადგილობრივი  სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

კ) ინტერნეტ მომსახურება: კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up); სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; CDMA;

ლ) მონაცემთა გადაცემა;

მ)ტრანზიტული  მაუწყებლობის მომსახურება: ტრანზიტული ტელემაუწყებლობის მომსახურება;

ნ) მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

ო) მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა: ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

პ) ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით.

2. კომისიის 2010 წლის 15 იანვრის 40/23 გადაწყვეტილების თანახმად, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით. გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის თანახმად,  ავტორიზებულს პირებს, დაევალათ უზრუნველეყოთ ამ გადაწყვეტილებით  განსაზღვრული ბაზრის შესაბამისი სეგმენტების შესასწავლად ინფორმაციის და გაანგარიშებების მოწოდება კომისიის მიერ წერილობით მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ფორმითა და ვადაში; 

3.კომისიის 2010 წლის 12 მარტის  №117/22 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიის 2010 წლის 15 იანვრის №40/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მიზნებისათვის,  შპს ”სილქნეტს”, როგორც ახლად დარეგისტრირებულ ავტორიზებულ პირს  დაევალა უზრუნველეყო კომისიის მიერ 2010 წლის 15 იანვარის №40/23 გადაწყვეტილების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაციის წარმოდგენა 2010 წლის 15 აპრილამდე, რაც მის მიერ დღემდე შესრულებული არ არის.

4. შპს ”სილქნეტის” მიერ კომისიის 2010 წლის 12 მარტის №117/22 გადაწყვეტილებით გამოთხოვილი ინფორმაციის კომისიისათვის წარუდგენლობა აბრკოლებს ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით კომისიაში დაწყებულ საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას და კომისიის მიერ გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილით  დადგენილ ვადაში მიღებას.

გადაწყვეტილების მიღების  სამართლებრივი საფუძვლები:

1. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

2.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა წარმოადგენს ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველს.

3.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს  ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე)  0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

შპს ”სილქნეტმა” არ შეასრულა კომისიის 2010 წლის 12 მარტის №117/22 გადაწყვეტილება, კერძოდ   კომისიის 2010 წლის 12 მარტის №117/22 გადაწყვეტილებით  განსაზღვრულ ვადაში, 2010 წლის 15 აპრილამდე,  არ წარმოადგინა კომისიის მიერ  გამოთხოვილი ინფორმაცია, რითაც დაარღვია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, შპს ”სილქნეტს”, მის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო უნდა დაეკისროს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”სილქნეტის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე, მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი გაფრთხილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაფრთხილდეს შპს ”სილქნეტი” ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის დარღვევისა და კომისიის 2010 წლის 12 მარტის №117/22 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო;

2. უზრუნველყოს  შპს ”სილქნეტმა” კომისიის 2010 წლის 12 მარტის №117/22 გადაწყვეტილებით გამოთხოვილი ინფორმაციის კომისიაში წარდგენა 2010 წლის 01 ივლისამდე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”სილქნეტისათვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”სილქნეტისათვის” ჩაბარების დღიდან;

6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. თოდრია) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე)

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის წევრი                                                                                         სოფიო ბრიტანჩუკი   

კომისიის წევრი                                                                                          კარლო კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                                          აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                          ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები