წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ

ნომერი: 241 / 21

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2010

მიღების თარიღი მაისი 21, 2010

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2009 წლის კომისიის დამტკიცებული ბიუჯეტის წლიური გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის წლიურმა დარიცხულმა შემოსავალმა რეგულირების საფასურის მიხედვით, ნაცვლად 2009 წლის წლიური ბიუჯეტით გათვალიწინებული 4,760,000.00 ლარისა (800,000.00 ლარის სარეზერვო ფონდის ჩათვლით), შეადგინა 4,547,140.42 ლარი, ხოლო სარეზერვო ფონდის გათვალისწინებით 5,347,140.42 ლარი (ანგარიში თან ერთვის), რაც 587,140.42 ლარით ანუ 12.33%-ით მეტია ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე  (სარეზერვო ფონდის ჩათვლით). წმინდა საოპერაციო დარიცხულმა შემოსავალმა რეგულირების საფასურის მიხედვით, ნაცვლად 2009 წლის წლიური ბიუჯეტით გათვალიწინებული 3,960,000.00 ლარისა შეადგინა 4,547,140.42 ლარი რაც 587,140.42 ლარით ანუ 14.83%-ით მეტია ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე (ანგარიში თან ერთვის). დარიცხული შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია  ლიცენზიის მფლობელი  ან/და ავტორიზებული  პირების 2007-2008 წლების რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დაგვიანებით წარმოდგენა ანუ 2007-2008 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული გარკვეული შემოსავლების დამატება 2009 წლის წლიურ შემოსავლებზე.

      2009 წლის შემოსავლების ზრდასთან ერთად, 35,337.38 ლარით ანუ 0.77%-ით ნაკლებია კომისიის 2009 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, რომელმაც 4,569,600.00 ლარის ნაცვლად შეადგინა  4,534,262.62 ლარი.

      კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად ხარჯვითი ნაწილის უმრავლეს პუნქტებში მიღებული ეკონომიისა, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცალკეულ მუხლებში მაინც აღინიშნა გადახარჯვები. 2009 წლის ფაქტიური მონაცემებით, ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომიით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცალკეული პრიორიტეტული მუხლების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მიზანშეწონილად ჩათვალა, ცალკეულ შემთხვევებში, საოპერაციო დანახარჯების მუხლებში კორექტირების შეტანა და ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომიით გამოთავისუფლებული დამატებითი ფინანსური რესურსების და გასულ წლებში არსებული ფინანსური რეზერვის საშუალებით დაეფინანსებინა სხვა პრიორიტეტული მუხლები.   კერძოდ:  

           ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯებმა 2009 წლის ფაქტიური დანახარჯების მიხედვით შეადგინა 174,088.37 ლარი, რაც 4,088.37 ლარით ანუ 2.4%-ით მეტია კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულზე. აღნიშნული ხარჯიდან 111,645.08 ლარი შეადგენს მოხმარებული საწვავის ხარჯს, 51,393.29 ლარი კომისიის ბალანსზე არსებული ავტომანქანების რემონტის ხარჯს, ხოლო 11,050.00 ლარი ავტომანქანების რეცხვის ხარჯს. ხარჯვითი ნაწილის გაზრდა გამოიწვია, საწვავზე ფასების ცვალებადობამ, კომისიის საჭიროებისათვის ავტომანქანების რაოდენობის გაზრდამ და რადიომონიტორინგის სტაციონარული სისტემის სადგურებთან (ურთას მთა, ძეგვის მთა) მუდმივმა და რეგულარულმა მიმოსვლამ და მონიტორინგის ჯგუფის სამივლინებო გასვლებმა.

      120,207,89 ლარით არის გაზრდილი სხვა საერთო ხარჯების მუხლით გათვალისწინებული დანახარჯები, რომელმაც ნაცვლად კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებული 100,000.00 ლარისა შეადგინა 220,207.89 ლარი. აღნიშნული გადახარჯვა გამოწვეულია: კომისიის მიერ სარეკლამო სააგენტოების მეშვეობით განცხადებების გავრცელებით, რომლის ღირებულებამ შეადგინა - 1,393.50 ლარი, შენობის დაცვის ხარჯებით – 66,000.00 ლარი, კონდიციონერების გადატანის, მონტაჟისა და რემონტის ფაქტიური ხარჯებით - 1,125.00 ლარი, სადაზღვევო (სამედიცინო დაზღვევის ხარჯების გარდა) ხარჯებით - 27,647.92 ლარი, სანიტარული მომსახურების ხარჯებით - 395.04 ლარი, სამეურნეო ხარჯებით - 49,116.96 ლარი, სხვა წინასწარ გაწეულმა ხარჯებმა (კარტრიჯების დატენვა, კომპიუტერების მაკომპლექტებელი ნაწილების შეძენა) შეადგინა - 19,329.47 ლარი, კომპიუტერულ-პროგრამულმა და სხვა საგადასახადო  ხარჯმა ჯამში შეადგინა - 600.00 ლარი,  სადაზღვევო-სამედიცინო ხარჯებმა  (საბიუჯეტო ანარიცხების გარეშე) - 43,680.00 ლარი;

      გადახარჯვაა აგრეთვე  შრომის ანაზღაურების წლიურ, ფაქტიურ ხარჯებში, რომელმაც საბიუჯეტო ანარიცხებთან ერთად 3,482,630.94 ლარი ანუ ბიუჯეტით დამტკიცებულზე 136,504.75 ლარით მეტი შეადგინა. აღნიშნული გადახარჯვა გამოიწვია კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისათვის კომისიაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდამ; 

       ამავე დროს, 2009 წლის კომისიის ბიუჯეტის ძირითად მუხლებში წლის განმავლობაში, ფაქტიური შედეგების მიხედვით მიღებულია ეკონომია, კერძოდ:

        საკანცელარიო, საფოსტო, ჟურნალ-გაზეთების შეძენისა და პოლიგრაფიული მომსახურების  წლიურმა დანახარჯებმა 46,939.36 ლარი ანუ დაგეგმილზე 3,060.54 (6.12%-ით) ლარით ნაკლები შეადგინა. მათ შორის: საკანცელარიო ხარჯებმა შეადგინა 12,128.05 ლარი, საფოსტო ხარჯებმა – 14,609.21  ლარი, პოლიგრაფიულმა ხარჯებმა – 11,893.00 ლარი, ხოლო ჟურნალ-გაზეთების გამოწერის  ხარჯებმა – 8,309.10 ლარი;

       კომუნიკაციის, ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯმა ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 250,000.00 ლარისა შეადგინა 220,503.81 ლარი, რაც 29,496.19 ლარით ნაკლებია კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულ წლიურ მაჩვენებელზე. ამ პუნქტით არსებული დანახარჯებიდან ელექტროენერგიის მთლიანმა ხარჯმა შეადგინა - 32,428.67 ლარი;  წყლის ხარჯმა 8,644.80 ლარი;  ბუნებრივი აირის ხარჯმა - 9,318.75 ლარი, ხოლო კომუნიკაციის ხარჯმა - 170,111.59 ლარი;

      მივლინების წლიურმა ხარჯებმა, ნაცვლად  კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებული  150,000.00 ლარისა,  შეადგინა 94,032.95 ლარი. აღნიშნული თანხა 55,967,05 ლარით ანუ 37.31%-თ ნაკლებია შესაბამის პერიოდში კომისიის ბიუჯეტით დადგენილ მაჩვენებელზე;

      კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალისტთა და ექსპერტთა მომსახურებისა და სხვა ხარჯების მუხლით,  წლის განმავლობაში ხარჯები არ გაწეულა. აღნიშნული მუხლით კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებული წლიური მაჩვენებელი შეადგენდა 30,000.00 ლარს.          

      კომისიის საჭიროებისათვის, ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეულმა დანახარჯებმა შეადგინა 225,417.90 ლარი, რომელიც შესაბამის პერიოდში ბიუჯეტით დამტკიცებულზე 24,582.10 ლარით ანუ  9.83%-ით ნაკლებია;

       სამეცნიერო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯებმა შეადგინა 13,168.68 ლარი ანუ კომისიის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულზე 36,831.32  ლარით ანუ 73.66%-ით ნაკლები;

      წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლით განსაზღვრულმა ხარჯებმა 2009 წლის ფაქტიური მონაცემების შესაბამისი პერიოდის მიხედვით, ნაცვლად ბიუჯეტით გათვალისწინებული 15,000.00 ლარისა, შეადგინა 12,286.45 ლარი, რაც 2,713.55 ლარით  ანუ 18.09%-თ ნაკლებია  კომისიის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე;

       კომისიის ოფისის მიმდინარე რემონტის მუხლით, მიუხედავად კომისიის 2009 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი სამუშაოებისა, რომელზეც გამოყოფილი იყო 45,000.00 ლარი, 2009  წელს სულ გაიხარჯა 5,668.25 ლარი ანუ 87.4%-თ ნაკლები;

        ეკონომიაა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ძირითად ხარჯვით ნაწილშიც, რომელმაც ნაცვლად კომისიის 2009 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული 112,000.00 ლარისა, შეადგინა 39,924.25  ლარი ანუ 72,075.75 ლარით ნაკლები.

კომისია აღნიშნავს, რომ  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად  “რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ერთობლივ შემოსავალსა (დღგ-ის გარეშე) და იმავე საანგარიშო თვეში სხვა ავტორიზებული პირების მიერ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის გაწეულ მომსახურებაზე აღიარებულ გადასახდელებს შორის სხვაობის 0.5 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური” .

           “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად: “რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადამხდელები არიან ლიცენზიის მფლობელები. რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობაა არა უმეტეს 0.5 პროცენტი ლიცენზიის მფლობელის შემოსავლიდან, რომელშიც შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი (დღგ-ის გარეშე). რეგულირების ყოველწლიური საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში ლიცენზიის მფლობელის  შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური და წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით”.

     აღნიშნულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა მოქმედი კანონმდებლობის და ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დარღვევას წარმოადგენს.

      კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ანალიზიდან ირკვევა, რომ 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით,  ბოლო 3 და მეტი თვის განმავლობაში რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები  არ წარმოუდგენია და საფასური არ გადაუხდია ლიცენზიის მფლობელ  ან/და ავტორიზებულ  16 კომპანიას  (ფორმა №4), რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები წარმოადგინა და საფასური არ გადაუხდია ლიცენზიის მფლობელ  ან/და ავტორიზებულ 4 კომპანიას (ფორმა №5).

     2009 წლის 31 დეკმებრის მდგომარეობით, ლიცენზიის მფლობელი  ან/და ავტორიზებული პირების მიერ გადახდილმა რეგულირების ყოველწლიური საფასურის, როგორც მიმდინარე, ასევე გასული წლების საერთო თანხამ, შეადგინა 5,706,500.75 ლარი, ხოლო მთლიანმა დავალიანებამ, მიმდინარე დავალიანების ჩათვლით, 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა – 106,438.34 ლარი (ფორმა №8), რომელიც ერიცხება ლიცენზიის მფლობელ  ან/და ავტორიზებულ 104 კომპანიას.

     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

     გადაწყვიტა:

1. ცნობად იქნას მიღებული კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ი.აბულაძის ინფორმაცია კომისიის 2009 წლის ბიუჯეტის მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ;

2. დამტკიცდეს წარმოდგენილი 2009 წლის წლიური კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები:

ა) დარიცხული შემოსავლები:

    რეგულირების საფასური და სხვა შემოსავლები------4,547,140.42 ლარი;

  ბ) საოპერაციო ხარჯები----------------------------------- 4,324,926.05 ლარი;

გ) ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯები---------- 225,417.90 ლარი;

                                 (ფინანსური რეზერვის გარეშე)

3. დამტკიცდეს 2009 წლის ფაქტიური მონაცემების მიხედვით კომისიის ხარჯების შემოსავლებზე  გადამეტება 3,203.53 ლარის ოდენობით;

4. დაევალოთ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების და საფინანსო დეპარტამენტებს, სისტემატური კონტროლი დააწესონ ლიცენზიის მფლობელთა და ავტორიზებულ პირთა მხრიდან სალიცენზიო პირობების დაცვის უზრუნველყოფაზე;

5. კომისიის აპარატის შესაბამისმა დეპარტამენტებმა ხელი შეუწყონ “რეგულირების საფასურის შესახებ“  საქართველოს კანონის  შესრულებას;

6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს ლიცენზიის მფლობელთა ან/და ავტორიზებულ პირთა მიერ რეგულირების საფასურის გადაუხდელობის ან/და კომისიაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  მე-12 კმ)  ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).                                                                  

კომისიის თავმჯდომარე                                                          ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                   ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                               კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                               ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                               ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები