საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 25, 2010
მიღების თარიღი მაისი 21, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობის კანცელარიამ (17.05.2010 №2/138) 3 ან 4 ნიშნა ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით.
როგორც საქართველოს მთავრობის კანცელარიის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში შეიქმნა ახალი თანამდებობა (პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი კერძო სექტორის ხელშეწყობის საკითხებში), რომლის მთავარი ფუნქციაა კერძო სექტორის ინტერესების დაცვა და მათი პრობლემების მიტანა პრემიერ-მინისტრამდე. აღნიშნულის განსახორციელებლად გამოყენებული იქნება რამოდენიმე მეთოდი, მარ შორის ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზის საშუალებით, რისთვისაც საქართველოს მთავრობის კანცელარის ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით, სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - ცხელი ხაზის უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს საქართველოს მთავრობის კანცელარიას ნუმერაციის რესურსი 8-0-0-9 (რვა-ნული-ნული-ცხრა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს მთავრობის კანცელარიას ნუმერაციის რესურსი - 8-0-0-9 (რვა-ნული-ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2011 წლის - 21 მაისამდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
2. საქართველოს მთავრობის კანცელარია არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის კანცელარიას არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის საქართველოს მთავრობის კანცელარიისთვის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები
ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
