წვდომის მენიუ

სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სანქცირების თაობაზე შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ განცხადების განხილვის შესახებ

ნომერი: 25 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2010

მიღების თარიღი იანვარი 08, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტმა“ სს „გაერთიანებული ტელეკომის სანქცირების მოთხოვნით.

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2009 წლის 1 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, უარი ეთქვა სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებითა და ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით, უდაოდ დადასტურდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. 2003 წლის 1 მარტს შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ნორმატიული აქტის საფუძველზე წარმოშობილ მომსახურების ხელშეკრულებას და არა იჯარის ხელშეკრულებას.

2. 2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22, 2007 წლის 17 აპრილის N191/9 და 2008 წლის 24 აპრილის N222/16 გადაწყვეტილებებით, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ცნობილი იყო ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძლაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად და დაკისრებული ჰქონდა კონკრეტული ვალდებულებები, მათ შორის დაშვების ვალდებულება, კომპანიას ელექტრონულ საკომუნიკაციო არხებთან დაშვების ზღვრული ტარიფის დადგენამდე უნდა შეენარჩუნებინა მის მიერ გაფორმებულ და მოქმედ ხელშეკრულებებში არსებული ტარიფები.

3. 2003 წლის 1 მარტის ხელშეკრულება დადებული იყო უვადოდ და მისი მოშლა შეიძლებოდა მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის საფუძველზე.

4. არ არსებობდა ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც ხელშეკრულება მხარეებს შორის შეწყვეტილად ვერ ჩაითვლება სს „გაეთიანებული ტელეკომის“ მიერ მითითებულ ვადაში და მხარეები 2008 წლის ივლისის თვეში კვლავ იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობებში.

5. სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ რეალურად შეწყვიტა შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელი ფოპტნეტისთვის“ მომსახურების გაწევა 2008 წლის ივლისის თვეში და მოახდინა ამ უკანასკნელის კაბელის ამოყრა საკანალიზაციო არხიდან.

6. შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ არანაირი დავალიანება სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ არ ერიცხებოდა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელ-ფოპტნეტს“ მიაჩნია, რომ სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ 2008 წლის ივლისის ბოლოს მოახდინა მხარეთა შორის მოქმედი მომსახურების ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა და შესაბამისად, დაარღვია მისთვის, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირისთვის, დაკისრებული დაშვების ვალდებულება და ამავე დროს, განახორციელა მინიშვნელოვანი საბაზრო ძლაუფლების ბოროტად გამოყენება, რაც, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სანქცირების მიზნით.

მოთხოვნა: სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სანქცირების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ განცხადების განხილვა, კომისიაში გაიმართა 2010 წლის 8 იანვრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სს „გაერთიანებული ტელეკომისა“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ წარმომადგენლები.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და შუამდგომლობების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეფასების შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სანქცირების მოთხოვნას აფუძნებს  ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის და ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებებზე. ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში  შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის განხილული დავის საგანს წარმოადგენა, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტისთვის“, სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ 2,953,062 ლარის, ასევე ყოველთვიურად 43,287 ლარის გადახდის დაკისრება. ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით უარი თქვა სს „გაერთიანებულ ტელეკომს“  ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.  ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით, უცვლელად დარჩა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.

2. ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაში, კოლეგიამ მიიჩნია, რომ სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტს“ შორის 2003 წლის 1 მარტს დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი” სარგებლობდა სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ მისთვის კაბელის გასატარებლად გამოყოფილი კანალიზაციის თავისუფალი ადგილებით გარკვეულ ქალაქებში, წარმოადგენდა უვადოდ დადებულ ხელშეკრულებას და მისი მოქმედება შეწყდა 2008 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ რეალურად შეუწყვიტა მომსახურების გაწევა შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციი ქსელ ფოპტნეტს“, ხოლო ამ უკანასკნელმა შეწყვიტა სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ ანაზღაურების გადახდა. ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2009 წლის 9 ივლისის განჩინებაში სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება ზემოაღნიშნულის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ არც ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლი 26 თებერვლის გადაწყვეტილებაში და არც ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 ივლისის განჩინებაში არ არის აღნიშნული, რომ სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ არ ჰქონდა უფლება შეეწყვიტა ფაქტობრივად გაგრძელებული სახელშეკრულებო ურთიერთობები შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელი-ფოპტნეტთან“.  ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, 2009 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაში, ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებით განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა არეგულირებს ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურას და ხელშეკრულებიდან გასვლის და ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება პირის კანონით გათვალისწინებული უფლებაა. კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველსა და წესს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობების შეწყვეტის შესაძლებლობა და ხელშეკრულებიდან გასვლა ცალმხრივი ნების გამოვლენს საფუძველზე ხორციელდება. ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივლისის განჩინებაში სრულად იქნა გაზიარებული ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული განმარტება.

„ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზღვრული ტარიფების განსაზღვრისა და 2005 წლის 21 ოქტობრის 656/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების პირობების დაკონკრეტების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 17 აპრილის 191/9 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ დაეკისრა ვალდებულება კომისიის მიერ სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ზღვრული ტარიფის დადგენამდე შეენარჩუნებინა მის მიერ გაფორმებულ და მოქმედ ხელშეკრულებებში ასახული ტარიფები, ხოლო, იმ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, რომელთა მოქმედების ვადა ამოიწურა,  სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” უნდა განეხორციელებინა მათი გაფორმება მოწვევის ოფერტაში მოცემული პირობების შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, კომისიას არ აუკრძლია სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ მოქმედი ხელშეკრულებების შეწყვეტა. კომისია აღნიშნულს ვერც განახორციელებდა, ვინაიდან კომისია მოქმედებს მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთადერთ შემთხვევას, როდესაც ავტორიზებული პირი შეზღუდულია სახელშეკრულებო ურთიერთობების შეზღუდვაში, წარმოადგენს, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობები. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ  მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ავტორიზებული პირი, მის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ან/და ფაქტობრივად გაგრძელებული სახელშეკრულებო ურთიერთობების შეწყვეტის შემთხვევაში, უნდა ხელმძღვანელობდეს, ხელშეკრულების პირობებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 17 აპრილის N191/9 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” დაკისრებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულების პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად:

ა) სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” უზრუნველყოს ბაზრის შესაბამის სეგმენტების გეოგრაფიულ საზღვრებში თავისუფალ საკანალიზაციო არხებთან მსურველი ავტორიზებული პირების  შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება;

ბ) სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” უზრუნველყოს ბაზრის შესაბამისი სეგმენტების გეოგრაფიულ საზღვრებში საკანალიზაციო არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადებაზე (მოწვევის ოფერტა) მსურველი ავტორიზებული პირის მხრიდან აქცეპტის მიღების თარიღიდან 20 კალენდარული დღის ვადაში ყველა სამართლიანი და გონივრული ზომის მიღება, მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად შეთანხმდეს და აქცეპტანტ ავტორიზებულ პირთან გააფორმოს საკანალიზაციო არხებთან დაშვების შესახებ ხელშეკრულება. მისი ასლი წარუდგინოს კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

გ) თუ გაფორმებული კონკრეტული ხელშეკრულების პირობები ნაკლებად ხელსაყრელია აქცეპტანტისათვის ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიულ საზღვრებში საკანალიზაციო არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადებაში (მოწვევის ოფერტა) მოცემულ არსებით პირობებთან შედარებით   სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა აღნიშნულ ხელშეკრულებაში და შესაბამისობაში მოიყვანოს მისი პირობები მოწვევის ოფერტის პირობებთან. შესწორებული ხელშეკრულების ასლი ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში წარმოადგინოს კომისიაში.

დ) სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” უზრუნველყოს ბაზრის შესაბამისი სეგმენტების გეოგრაფიულ საზღვრებში საკანალიზაციო არხების თავისუფალ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაკავშირებით ობიექტური და გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდება აქცეპტანტი ავტორიზებული პირისათვის.  თუ მოწვევის ოფერტის მოქმედების ვადაში, აქცეპტის დროულად და სათანადოდ გაკეთების მომენტისათვის, კონკრეტული მიმართულებით მოთხოვნილი საკანალიზაციო არხის სიმძლავრე აღმოჩნდება სრულად დატვირთული, ამ შემთხვევაში სს ”გაერთიანებული ტელეკომი” ვალდებულია შესთავაზოს აქცეპტანტს ტერმინალურ წერტილებს შორის ალტერნატიული მარშრუტით კაბელის გატარების ეფექტური პირობები, რომლებიც მსურველი ავტორიზებული პირისათვის (აქცეპტანტისათვის) ყველა შესაძლო ალტერნატიულ არჩევანთან შედარებით ნაკლებად დანახარჯიანია.

ე) სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებულ საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებში კაბელების გატარებისას საქართველის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს N93/193 ბრძანების შესაბამისად მოქმედი ტექნიკური სტანდარტის BCH-116-87 მოთხოვნების დაცვა.

ამდენად, კომისიას მიაჩნია, რომ

1. კომისიის 2007 წლის 17 აპრილის 191/9 გადაწყვეტილებით კომისიას სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ არ აუკრძალია საკანალიზაციო არხებთან დაშვების  მომსახურების მოქმედი ხელშეკრულებების, ან/და ფაქტობრივად გაგრძელებული სახელშეკრულებო ურთიერთობების შეწყვეტა. კომისიის გადაწყვეტილებით, სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ დაკონკრეტდა დაშვების სპეციფიკური ვალდებულების პირობები და დაეკისრა სწორედ ამ პირობებით, მსურველი პირების დაშვება. დაშვების სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ არ დაკისრებია მოქმედი ხელშეკრულებების შეწყვეტის დაუშვებლობის ვალდებულება.

2. სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ ფოპტნეტს“ შორის ხელშეკრულება შეწყდა 2008 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ რეალურად შეუწყვიტა მომსახურების გაწევა შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციი ქსელ ფოპტნეტს“, ხოლო ამ უკანასკნელმა შეწყვიტა სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ ანაზღაურების გადახდა. როგორც ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, 2009 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაში განმარტა, სამოქალაქო კანონმდებლობა არეგულირებს ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურას და ხელშეკრულებიდან გასვლის და ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება პირის კანონით გათვალისწინებული უფლებაა. კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობების შეწყვეტის შესაძლებლობა და ხელშეკრულებიდან გასვლა ცალმხრივი ნების გამოვლენს საფუძველზე ხორციელდება.

3. 2008 წლის ივლისიდან, როდესაც შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ ფორპტნეტსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის ფაქტობრივად შეწყდა სახელშეკრულებო ურთიერთობები, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვან ტელეკომუნიკაციის ქსელ ფოპტნეტს“ არ მოუმართავს კომისიისთვის, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“  მიერ საკანალიზაციო არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადებაზე (მოწვევის ოფერტა) აქცეპტის გაკეთების მიუხედავად, ეს უკანასკნელი არ უფორმებდა შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ ფოპტნეტს“ ხელშეკრულებას და შესაბამისად არღვევდა მისთვის დაკისრებულ დაშვების ვალდებულებას.

შესაბამისად, საქმეზე თანდართული მასალების შესწავლისა და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ ფიქსირდება სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ, მისთვის, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისთვის, კომისიის 2007 წლის 17 აპრილის N191/9 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა), ბ), გ), დ) და ე) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაშვების სპეციფიკური ვალდებულების პირობების დარღვევისა და შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სანქცირების საფუძველი და შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტის“ მოთხოვნა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე და 101-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. უარი ეთქვას შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტს“ სს „გაერთიანებული ტელეკომის” სანქცირების თაობაზე შემოტანილი განცხადების დაკმაყოფილებაზე, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდან დარღვევის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტისა“ და სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ გაგზავნა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხელივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის დაინტერესებული მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის წევრები                                                                 ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                კ.კვიტაიშვილი

                                                                                                ა.სიხარულიძე

                                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები