რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 16, 2010
მიღების თარიღი ივნისი 11, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2010 წლის 23 აპრილის N202/8 გადაწყვეტილებით, გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, 12316 მჰც ÷ 12716 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, ქ. ახალციხეში.
ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 5,985.00 (ხუთი ათას ცხრაას ოთხმოცდახუთი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადების მიღების თარიღად განისაზღვრა 2010 წლის 17 მაისი 17:00 საათი, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად - 2010 წლის 11 ივნისი 13:00 საათი; აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 299 (ორას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი.
სალიცენზიო პირობებად დადგინდა:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი - 12316 მჰც ÷ 12716 მჰც;
ბ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 400 მჰც;
გ) გადამცემის სიმძლავრე - 2 ვატი;
დ) სადგურების რაოდენობა - 1 სადგური;
ე) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ. ახალციხე;
ვ) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;
ზ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ შპს ”ახნეტმა”, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა კომისიის 2010 წლის 11 ივნისს. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად შპს „ახნეტის“ წარმომადგენელი არ გამოცხადებულა.
კომისია აღნიშნავს, რომ „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად „იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს გამოცხადებულმა პირებმა, აუქციონი ცხადდება ჩაშლილად და მონაწილეებს გადახდილი ბე უკან არ უბრუნდებათ“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ჩაშლილად უნდა გამოცხადდეს კომისიის 2010 წლის 23 აპრილის №202/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებული აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ჩაშლილად გამოცხადდეს კომისიის 2010 წლის 23 აპრილის N202/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებული აუქციონი, 12316 მჰც ÷ 12716 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, ქ. ახალციხეში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.
2. შპს ”ახნეტის” მიერ ბეს სახით გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10%, 598.50 ლარი (ხუთას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) მიიმართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტისა გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე),
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
