მოქალაქეების დარეჯან ნიკოლაიშვილის და გურამ ძიძიგურის განცხადების განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 17, 2010
მიღების თარიღი ივნისი 11, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2010 წლის 19 მაისს განცხადებით (19.05.2010 N10/591-10) მიმართა კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა (შემდგომში ”საზოგადოებრივი დამცველის სამსახური”) მოქალაქე დარეჯან ნიკოლაიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც კომისიისგან ითხოვს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ არსებულ სადაო საკითხთან დაკავშირებით.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს აბონენტმა ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებები მისი ინტერესების დასაცავად, საზოგადოებრივი ინტერესების დამცველის სამსახური აცილებას აცხადებს აღნიშნული საქმის წარმოებისას.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ იმისთვის, რომ დადასტურებულ ყოფილიყო კომისიის უფლებამოსილება განიხილოს დავა მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირს შორის, კომისიის 2010 წლის 11 ივნისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ერთ-ერთი განმცხადებელი და მოქალაქე დარეჯან ნიკოლეიშვილის უფლებამოსილი წარმომადგენელი - გურამ ძიძიგური, ამ უკანასკნელის მიერ დაზუსტებულ იქნა მოთხოვნა, დავის საგანი და მოდავე მხარეები. კერძოდ, მოქალაქე გურამ ძიძიგურის განცხადებით: განსახილველ დავასთან დაკავშირებით, მხარეებს წარმოადგენენ: დარეჯან ნიკოლეიშვილი, რომელის უფლებამოსილი წარმომადგენელიც არის გურამ ძიძიგური და ასევე თავად გურამ ძიძიგური. მხარემ დააზუსტდა ასევე მოპასუხე მხარე და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მაგივრად დაასახელა შპს „სილქნეტი“; დავის საგანი წარმოადგენს - 1. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებელთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების პირობების დარღვევა, მომხმარებლისთვის არასრული და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდება; 2. 2009 წლის 1 აგვისტოდან 12 ოქტომბრის ჩათვლით ინტერნეტ მომსახურების არაჯეროვნად მიწოდება; 3. 2009 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლის არაჯეროვანი სატელეფონო მომსახურების მიწოდება.
კომისია აღნიშნავს, რომ შეისწავლა საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილი განცხადება, ასევე კომისიის 2010 წლის 11 ივნისის სხდომაზე მოქალაქე გურამ ძიძიგურის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტება და მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის IX თავიდან გამომდინარე და შესაბამისად, მიზანშეწონილია საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით კომისიაში დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის IX თავის “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 32-ე მუხლისა, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2010 წლის 19 მაისის განცხადების (19.05.2010 N10/591-10) საფუძველზე, მოქალაქეების დარეჯან ნიკოლაიშვილისა და გურამ ძიძიგურის განცხადების განხილვის მიზნით;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2010 წლის 9 ივლისს 16.00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი 0144, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებისა და წინამდებარე გადაწყვეტილების მოქალაქეების დარეჯან ნიკოლაიშვილისა და გურამ ძიძიგურისთვის გაგზავნის უზრუნველყოფა;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
