სს ”თბილისი ცენტრალისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2010
მიღების თარიღი ივნისი 18, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სს ”თბილისი ცენტრალმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ; ს.კ. № 205129653) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/191-10, 02.06.10) ქ. თბილისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია სავაჭრო ობიექტებზე თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ სს ”თბილისი ცენტრალის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სს ”თბილისი ცენტრალს” 421.175 მჰც და 426.275 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს სს ”თბილისი ცენტრალისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს ”თბილისი ცენტრალისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”თბილისი ცენტრალისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
