შპს ”ტელეარხი 25”-ს სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 28, 2010
მიღების თარიღი ივნისი 18, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს, აგრეთვე საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2010 წლის 4 ივნისს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (04.06.2010 N10/623-10) თანდართული შემოწმების აქტით №17, რომელიც შედგენილია ქ.ბათუმში მისამართზე პუშკინის ქ.N29, 2010 წლის 2 ივნისს. შემოწმების აქტს ხელს აწერს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი - ნ.კონდოლელი და უფროსი ინჟინერი - გ.ქართველიშვილი. ასევე შპს „ტელეარხი 25“-ს მთავარი ბუღალტერი - თ.ტაბაღუა.
სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიაში 2010 წლის 30 აპრილს შპს „ტელეარხი 25“-ს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი ინჟინრის - ნ.კონდოლელის, უფროსი ინჟინრის - გ.ქართველიშვილის და ტექნიკოსის კ.მამისეიშვილის მიერ 2010 წლის 2 ივნისს ქ.ბათუმში ჩატარებულ იქნა რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგი.
მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ 1044 მჰც სიხშირით, რადიოსარელეო ხაზის გამოყენებით (პუშკინის ქ.N29) სატელევიზიო ანძის (მწვანე კონცხი) მიმართულებით სარგებლობს შპს ”ტელეარხი 25” კომისიის მიერ აღნიშნული სიხშირის მინიჭების გარეშე. აღნიშნულს ასევე ადასტურებს კომისიაში შპს „ტელეარხი 25“-ს მიერ 2010 წლის 30 აპრილს წარმოდგენილი წერილი.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტისთვის გადმოცემული მასალების საფუძველზე, კომისიაში 2010 წლის 9 ივნისს დაიწყო შპს „ტელეარხი 25“-ს სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, შეტყობინებით ეცნობა შპს „ტელეარხი 25“-ს და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად, მას ასევე განემარტათ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2010 წლის 18 ივნისის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ტელეარხი 25“-ს აღმასრულებელი დირექტორი ბატონი მერაბ მერკვილაძე.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათის, შემოწმების N17 აქტისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ტელეარხი 25“ წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელ პირს, რომელიც ფლობს მაუწყებლობის სფეროში კერძო მაუწყებლობის NB29 ლიცენზიას.
2. შპს „ტელეარხი 25“ რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის ქ.ბათუმში იყენებს სიხშირეს - 1044 მჰც, რაც დასტურდება როგორც კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგით, ასევე კომისიაში შპს „ტელეარხი 25“ მიერ წარმოდგენილი წერილით (30.04.2010); ამავე დროს კომისიის 2010 წლის 18 ივნისის სხდომაზე, შპს „ტელეარხი 25“ დირექტორმა ბატონმა მერაბ მერკვილაძემ დაადასტურა შპს „ტელეარხი 25“-ს მიერ რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, რადიოსიხშირით 1044 მჰც სარგებლობის ფაქტი.
3. სიხშირე 1044 მჰც რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის კომისიის მიერ გადაწყვეტილების საფუძველზე არ ყოფილა მინიჭებული შპს „ტელეარხი 25“-სთვის.
კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს შემდეგს:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტელეარხი 25“ რადიოსიხშირულ სპექტრს, კერძოდ რადიოსიხშირეს - 1044 მჰც იყენებს რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, ანუ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, კომისიის მიერ შესაბამისი მინიჭების გარეშე, კომპანიის მიერ განხორციელებული აღნიშნული ქმედება კვალიფიცირდება, როგორც მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მეორე პუნქტიდან.
2. გამომდინარე იქიდან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, კომისია საეთერო მაუწყებელს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ლიცენზიის მოქმედების ვადით, ხოლო შპს „ტელეარხი 25“, რადიოსიხშირით 1044 მჰც სარგებლობს კომისიის მიერ აღნიშნული სიხშირის მინიჭების გარეშე, შპს „ტელეარხი 25“-ს მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას, ხოლო ამავე კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა წარმოადგენს სანქცირების საფუძველს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეარხი 25“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის სანქცია, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეარხი 25“-ს მიმართ სანქციის სახით ამჯერად გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის გამო.
ამავე დროს, შპს „ტელეარხი 25“-ს დაუყოვნებლივ უნდა აეკრძლოს რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, რადიოსიხშირით 1044 კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით მინიჭების გარეშე საქმიანობა.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, 71-ე და 75-ე მუხლებისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს „ტელეარხი 25“-ს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისთვის;
2. უზრუნველყოს შპს „ტელეარხი 25“-მა მინიჭების გარეშე, რადიოსიხშიული სპექტრით 1044 მჰც სარგებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ”ტელეარხი 25”-სთვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეარხი 25“-სთვის ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარიე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი. მოსეშვილი
