რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 30, 2010
მიღების თარიღი ივნისი 18, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ალანიამ” ქ.თბილისში სატელევიზიო ანძიდან საკაბელო ქსელის ოპერატორების სათაო სადგურებამდე რადიოსარელეო კავშირისათვის 10600 მჰც-დან 10700 მჰც-მდე ან 12000 მჰც-დან 12500 მჰც-მდე დიაპაზონში სიხშირული ზოლის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ალანია” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B100 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს საეთერეო ტელემაუწყებლობას 35-ე სატელევიზიო არხზე ქ. თბილისში. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, ლიცენზიის მოქმედების ვადით. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”ალანიას“ მიერ სატელევიზიო ანძიდან მაუწყებლობის კაბელით ქსელში ჩართვის მიზნით, სატელევიზიო სიგნალის ავტორიზებული პირებისათვის ტრანზიტით მიწოდება არ ემსახურება შპს ”ალანიას” კერძო მაუწყებლობის NB100 ლიცენზიით გათვალისწინებულ სალიცენზიო პირობების შესრულებას, კომისია ვერ იხელმძღვანელებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლებისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების შესაბამისად, გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად და შეადგინა - 9,590.40 (ცხრა ათას ხუთასოთხმოცდაათი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა” და კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი - 10687 მჰც ± 10მჰც;
ბ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 20 მჰც;
გ) გადამცემის სიმძლავრე - 2 ვატი;
დ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 1 სადგური;
ე) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: დანართი №1-ში მოცემული მიმართულებები;
ვ) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება;
ზ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
2. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 9,590.40 (ცხრა ათას ხუთას ოთხმოცდაათი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის ოდენობით;
3. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2010 წლის 6 აგვისტო 13:00 საათი;
4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2010 წლის 12 ივლისი 17:00 საათამდე;
5. აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 480 (ოთხასოთხმოცი) ლარს.
6. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი განცხადებით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სახის სარგებლობის ლიცენზიის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;
7. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე სააქციო კომერციულ ბანკში ”თი-ბი-სი” შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;
-ა/ანგარიში: 609326;
-კოდი: 220101830;
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;
თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10 %, გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ერთი ათასი ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში;
8. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ”კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონში კომისიის მიერ დანაწილებული კონკრეტული ზოლის 50 პროცენტის ან მეტის მფლობელი”.
9. თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტში მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
10. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;
11. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენმებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
13. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
14 კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).
კომისიის თავჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
