ერთი მხრივ, მომხმარებლებს: დ.ებრალიძეს, ლ.ანთაძეს, რ.კირვალიძეს, მ.ქვრივიშვილს, ვ.იმნაიშვილს, მ.ებრალიძეს, ნ.მიქაძეს, გ.ბრეგვაძე, ნ.მასხარაშვილს, ი.კიკნაველიძესა და, მეორე მხრივ, სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2010
მიღების თარიღი იანვარი 12, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (30.11.2009 N9/60-09) მომართეს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მომხმარებლებმა დ.ებრალიძემ, ლ.ანთაძემ, რ.კირვალიძემ, მ.ქვრივიშვილმა, ი.სვანიძემ, ვ.იმნაიშვილმა, მ.ებრალიძემ, ნ.მიქაძემ, გ.ბრეგვაძემ, ნ.მასხარაშვილმა და ი.კიკნაველიძემ, სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ დავის განხილვის მოთხოვნით.
მომხმარებელები, ერთობლივ განცხადებაში კომისიისგან ითხოვენ, აღიკვეთოს სს „გაერთიანებული ტელეკომის“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისგან მომხმარებლებზე სატარიფო ზეწოლა, დაკმაყოფილდეს მომხმარებლების მოთხოვნა და დაევალოს სს „გაერთიანებულ ტელეკომს აღადგინოს 2009 წლის 1 სექტემბერამდე არსებული 5 ლარიანი სააბონენტო მომსახურების პაკეტი.
მომხმარებლები ერთობლივ განცხადებას ამყარებენ შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით:
სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ 5 ლარიანი სააბონენტო პაკეტის გაუქმებით, ამ უკანასკნელმა დაარღვია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი, 35-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რეალურად გაზარდა ტარიფები და ახორიციელებს სატარიფო ზეწოლას, ვინაიდან, 1 სექტემბრამდე არსებული 5 ლარიანი სააბონენტო პაკეტის ფარგლებში მომხმარებლები საუბრობდნენ შიდა ქსელში უფასოდ, ხოლო ახალი პაკეტების შემოღების შემდეგ, მომხმარებლებს უკვე უწევთ 7 ლარის გადახდა შიდა ქსელში უფასოდ სასაუბროდ, ხოლო 4 ლარიანი პაკეტის არჩევის შემთხვევაში, შიდა ქსელში უფასოა მხოლოდ 100 წუთი, ხოლო 100 წუთის შემდეგ მომხმარებელს უწევთ წუთზე 2 თეთრის გადახდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ რეალურად გაზარდა ტარიფები და მომხმარებელს არჩევანი არც კი დაუტოვა, ვინაიდან სულ გააუქმა 5 ლარიანი სააბონენტო პაკეტი, რომელიც არსებობდა 2009 წლის 1 სექტემბრამდე და შესაბამისად, მომხმარებლებზე განახორციელა სატარიფო ზეწოლა.
მ ო თ ხ ო ვ ნ ა:
1. კომისიამ დაავალდებულოს სს „გაერთიანებული ტელეკომი“ აღადგინოს 2009 წლის1 სექტემბრამდე არსებული 5 ლარიანი სააბონენტო პაკეტი.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი ვადის განსაზღვრის გარეშე, ადმინისტრაციულ წარმოებაში მომხმარებლების წარმომადგენლად ავტომატურად ჩაითვალოს განცხადებაზე პირველი ხელმომწერი პირი დ.ებრალიძე
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ 2009 წლის 11 დეკემბრის N671/23 გადაწყვეტილებით მიზანშეწონილად მიიჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება ერთი მხრივ, მომხმარებლების: დ.ებრალიძეს, ლ.ანთაძეს, რ.კირვალიძეს, მ.ქვრივიშვილს, ვ.იმნაიშვილს, მ.ებრალიძეს, ნ.მიქაძეს, გ.ბრეგვაძე, ნ.მასხარაშვილს, ი.კიკნაველიძესა და მეორე მხრივ, სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” შორის დავის განხილვის მიზნით.
კომისიის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში, კომისიამ დამატებით აღნიშნა შემდეგი:
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარმომადგენელს მოსთხოვოს მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში ან რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, ვალდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში დანიშნოს წარმომადგენლად საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გაეგზავნება მისთვის განკუთვნილი ყველა საბუთი.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ განცხადება წარადგინა 25-ზე მეტმა პირმა, განცხადებაზე ხელმომწერი პირები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში ნიშნავენ ერთ წარმომადგენელს, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან.
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირები არ დანიშნავენ წარმომადგენელს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, მათ წარმომადგენლად ჩაითვლება განცხადებაზე პირველი ხელმომწერი პირი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში სახეზე არ იყო საქართველოს ზოგადი ამინისტრაციული კოდექსის 86-ე, 88-ე, 89-ე და 90-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, კერძოდ:
1. მართალია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე ისარგებლოს დამცველის დახმარებით, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარმომადგენელს მოსთხოვოს მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, რაც ვერ იქნა წარმოდგენილი ბატონი დავით ებრალიძის მიერ, კომისიის 2009 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე, სადაც იხილებოდა მომხმარებლებსა და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის დავის განხილვასთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხი და რომელ სხდომასაც ესწრებოდნენ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაზე ხელმომწერი მხოლოდ შემდეგი პირები: დ.ებრალიძე, ვ.იმნაიშვილი და ნ.მიქაძე.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისიად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში ან რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, ვალდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში დანიშნოს წარმომადგენლად საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გაეგზავნება მისთვის განკუთვნილი ყველა საბუთი. კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაზე ხელმომწერ 11-ვე განმცხადებელს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ისინი რეგისტრირებულნი არიან კონკრეტულ მისამართზე, რაც ირკვევა უშუალოდ განცხადებიდან.
3. სახეზე არ გვაქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 89-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებს 25-ე მეტი პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში განმცხადებლების უფლებამოსილებას, წარმომადგენლად დანიშნონ განცხადებაზე პირველი ხელმომწერი პირი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ დაკმაყოფილდა განმცხადებლების მე-2 მოთხოვნა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 90-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი ვადის განსაზღვრის გარეშე, ადმინისტრაციულ წარმოებაში მომხმარებლების წარმომადგენლად ავტომატურად განცხადებაზე პირველი ხელმომწერი პირის დ.ებრალიძის დანიშვნის შესახებ.
ამასთან, კომისიამ აღნიშნა, რომ თუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად, მომხმარებლების ინტერესები კომისიაში უნდა წარმოადგინონ არა უშუალოდ მომხმარებლებმა არამედ დ.ებრალიძემ, იგი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, სხვა შემთხვევაში მომხმარებლები დ.ებრალიძე, ლ.ანთაძე, რ.კირვალიძე, მ.ქვრივიშვილი, ვ.იმნაიშვილი, მ.ებრალიძე, ნ.მიქაძე, გ.ბრეგვაძე, ნ.მასხარაშვილი და ი.კიკნაველიძე, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინააღმდეგ მიმდინარე დავაში ცალ-ცალკე უნდა იქნან ჩართულნი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ სადაო გახადა მომხმარებელ ი.სვანიძის მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაზე ხელმოწერის ფაქტი და აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად კომისიას წარუდგინა აუდიო ჩანაწერი, რომელზედაც ჩაწერილია სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ოპერატორისა და ი.სვანიძის სატელეფონო საუბარი, სადაც ი.სვანიძე აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაზე მას ხელი არ მოუწერია და განცხადებაზე დაფიქსირებული ხელმოწერა არ წარმოადგენს მის ხელმოწერას. ზემოაღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე კომისიის მიერ არ იქნება მხედველობაში მიღებული ი.სვანიძის, როგორც მომხმარებლის საჩივარი სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წინააღმდეგ, თუმცა კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული გარემოება არ ცვლის საქმის არსებით გარემოებებს და მომხმარებელ ი.სვანიძეს საჯარო ადმინისტრაციულ წარმოების მიმდინარეობის პროცესში ნებისმიერ ეტაპზე შეეძლო ჩართულიყო ინდივიდუალურად, როგორც დაინტერესებული მხარე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2010 წლის 12 იანვრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მომხმარებლები: დ.ებრალიძე და ვ.იმნაიშვილი. დ.ებრალიძის მიერ ვერ იქნა კომისიაში წარმოდგენილი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, რომლის შესაბამისადაც, იგი განახორციელებდა განმცხადებლების ინტერესების დაცვას. შესაბამისად, განცხადებაზე ხელმომწერი პირები დ.ებრალიძე, ლ.ანთაძე, რ.კირვალიძე, მ.ქვრივიშვილი, ვ.იმნაიშვილი, მ.ებრალიძე, ნ.მიქაძე, გ.ბრეგვაძე, ნ.მასხარაშვილი და ი.კიკნაველიძე მიჩნეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულებად ცალ-ცალკე.
მომხმარებელმა დ.ებრალიძემ აღნიშნა, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“ მომხმარებლებისთვის 5 ლარიანი ტარიფის გაუქმებით ახორციელებს მომხმარებლებზე სატარიფო ზეწოლას. სატარიფო ზეწოლა კი ნიშნავს ბაზარზე არა დაბალი ფასებით ოპერირებას, არამედ მომხმარებლისთვის მომსახურების გაძვირებას, მაღალი ფასების დაწესებას და ზეწოლის განხორციელებას. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ბოროტად იყენებს მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას და ახდენს მომხმარებლებზე სატარიფო ზეწოლას. დ.ებრალიძემ აღნიშნა, რომ იგი ვერ დაეთანხმება კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ დასკვნას. დ.ებრალიძემ აღნიშნა, რომ დემპინგური ფასებით ოპერირება კონკურენციას უშლის ხელს, მაგრამ მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ აბონენტს, არსებულთან შედარებით, არ გაეზარდოს ტარიფები. შესაბამისად, მომხმარებელმა მოითხოვა სს „გაერთიანებული ტელეკომისგან“ 2009 წლის სექტემბრამდე არსებული 5 ლარიანი სააბონენტო პაკეტის აღდგენა.
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილია კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის დასკვნა (08.01.2010 N10/13-10) რომელშიც აღნიშნულია შემდეგი:
კომისიის, 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილებით სს ”გაერთიანებული ტელეკომი” ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებთან მჭიდროდ დაკავშირებულ სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და დაეკისრა დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება კონკრეტული პირობებით.
დაკისრებული ვალდებულების პირობები კომისიის მიერ ობიექტურად განისაზღვრა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული ავტორიზებული პირი, კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მიღებამდე, ახორციელებდა საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის შემზღუდველ ქმედებებს, კერძოდ მომხმარებლების სატარიფო შეღავათების სუბსიდირებას სხვა ავტორიზებულ პირთა (ურთიერთჩართვა) ან სხვადასხვა მომხმარებელთა (აბონენტთა) ხარჯზე. აგრეთვე, მის მიერ საცალო ბაზრის სეგმენტზე დადგენილი ტარიფი არ იყო დანახარჯებზე ორიენტირებული და ადგილი ჰქონდა თვითღირებულებაზე დაბალი ტარიფებით ბოლო მომხმარებლების მომსახურებას (ე.წ. ”ნულოვანი ტარიფებით” საცალო ბაზრის სეგმენტზე სატარიფო ზეწოლას).
ზემოაღნიშნული არაკონკურენტული ქმედების განხორციელება სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” აეკრძალა კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-13 პუნქტის, ”ა)” ქვეპუნქტის საფუძველზე და ამავე მუხლის ”ბ)” პუნქტის შესაბამისად მოეთხოვა, რომ კომისიის მიერ 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული, “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებით“ განსაზღვრული პირობების დაცვით განახორციელოს მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში, განხორციელებული მომსახურების სახეებზე გაწეული დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება, და დაკისრებული, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების ფარგლებში, დანახარჯებზე ორიენტირებული, არადისკრიმინაციული საცალო მომსახურების ტარიფების დადგენა. ამავე ვალდებულების ფარგლებში, სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” დაუდგინდა საკუთარ აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურებისა და სხვა ფიქსირებული ქსელის მფლობელი ოპერატორების აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების სახეებზე ზღვრული ტარიფი 4 თეთრის ოდენობით წუთზე.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მოთხოვნების ჯეროვანი შესრულებისათვის კომპანიის მიერ განხორციელდა ახალი, დანახარჯებზე ორიენტირებული სატარიფო პაკეტების, მომხმარებლების თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფით, აბონენტებისათვის არადისკრიმინაციული შეთავაზება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ზემოაღნიშნული ზღვრული ტარიფი, ახალი სატარიფო გეგმების შეთავაზების შემდგომ, კომისიის მიერ გაუქმებულ იქნა 2009 წლის 16 ოქტომბრის №506/9 გადაწყვეტილებით.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი უფლებამოსილია თავისი საქმიანობისას, დაადგინოს საკუთარი ქსელის ელემენტებთან დაშვების და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფები. შესაბამისად ავტორიზებული პირის კანონისმიერი უფლებამოსილებაა საკუთარი მომსახურების სახეებზე ტარიფების დადგენა, იმ კონკურენციის უზრუნველმყოფი პირობების გათვალისწინებით, რომლებიც ასახულ იქნა კომისიის მიერ მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებში.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე:
1. სს ”გაერთიანებული ტელეკომი”-ს მიერ ადგილობრივი სატელეფონო მომსახურების ტარიფების პაკეტების შემოღება განხორციელდა კომისიის კონკურენციის უზრუნველმყოფი გადაწყვეტილების მოთხოვნების შესაბამისად.
2. სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ დადგენილი სატარიფო პაკეტების აბონენტებისათვის შეთავაზება განხორციელდა ბოლო მომხმარებლებვის თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფით, ანუ არადისკრიმინაციულად.
3. ”სატარიფო ზეწოლა” - ნიშნავს საცალო მომსახურების სახეებზე განცალკევებულად განაწილებული დანახარჯების შესაბამისად განსაზღვრული თვითღირებულების ოდენობაზე დაბალი ტარიფების დადგენას. სს ”გაერთიენებულ ტელეკომს” ამგვარი ტარიფები დადგენილი ჰქონდა კომისიის №189/9 გადაწყვეტილების მიღებამდე, და ამ გადაწყვეტილებით აეკრძალა ამგვარი ქმედებების განხორციელება, რაც მის მიერ ჯეროვნად იქნა შესრულებული ბოლო მომხმარებლებისათვის დანახარჯებზე ორიენტირებული სატარიფო პაკეტების არადისკრიმინაციული შეთავაზებით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარამენტის ზემოაღნიშნული დასკვნა, გამოქვეყნებული იყო საჯარო გაცნობისთვის, კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას საკითხის განხილვასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის გამართვის შემდეგ, ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტების, ახსნა-განმარტებებისა და კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა დაკონკურენციის დეპარტამენტის დასკვნის ანალიზის შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღება კომისიის 2010 წლის 12 იანვრის სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძლაუფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს, ავტორიზებული პირის მიერ ამ კანონის V თავით განსაზღვრული და კომისიის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას. ამავე კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაშვებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ დაწესებულმა ტარიფმა, ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში კომისიის მიერ დადგენილმა ზღვრულმა ტარიფმა უნდა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გრძელვადიანი და ქმედუნარიანი კონკურენცია, ბოლო მომხმარებლების ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება, არ უნდა დაუშვას ოპერატორების მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლა.
“მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრიმინაციული სატარიფო პოლიტიკა განმარტებულია, როგორც მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფებისათვის (სეგმენტირებულ ბაზარზე) ერთი და იმავე სახის და მოცულობის მომსახურების განსხვავებული ტარიფებით მიწოდება ან შეთავაზება (III ხარისხის დისკრიმინაცია), ან მომხმარებლისათვის განსხვავებული ტარიფებით სხვადასხვა მოცულობის მომსახურების მიწოდება ან შეთავაზება (II ხარისხის დისკრიმინაცია), ან სხვადასხვა მომხმარებლებისათვის მომსახურების ერთეული მოცულობის განსხვავებული ტარიფებით მიწოდება ან შეთავაზება (I ხარისხის დისკრიმინაცია). ამავე პუნქტის ჩ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სატარიფო სუბსიდირება არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ ერთი მომსახურების სახიდან, ან მომხმარებელთა ერთი ჯგუფიდან მიღებული შემოსავლებით მეორე მომსახურების სახეზე, ან მეორე მომხმარებელთა ჯგუფის მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების დაფინანსება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „სატარიფო ზეწოლის“ განმარტება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში მოცემული არ არის. შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შინაარსიდან გამომდინარე, სატარიფო ზეწოლად უნდა ჩაითვალოს დისკრიმინაციული, ხარჯებზე არაორიენტირებული ან/და არაგონივრულად მაღალი ან დაბალი ტარიფებით ოპერირება, რასაც ადგილი არ აქვს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ შემთხვევაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპატამენტის დასკვნისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ მომხმარებლებისთვის ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების შეთავაზებისას ახალი სააბონენტო პაკეტების (4, 7, და 10 ლარიანი) დაწესებით არ განხორციელებულა სატარიფო ზეწოლა, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას. ის გარემოება კი, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებულ 4 ლარიან პაკეტში 100 წუთის შემდეგ დადგენილია წუთობრივი ტარიფი, შესაბამისობაშია კომისიის 2008 წლის 4 აპრილის N189/9 გადაწყვეტილებით სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მომხმარებლების: დ.ებრალიძის, ლ.ანთაძის, რ.კირვალიძის, მ.ქვრივიშვილის, ვ.იმნაიშვილის, მ.ებრალიძიეს, ნ.მიქაძის, გ.ბრეგვაძის, ნ.მასხარაშვილის და ი.კიკნაველიძის ერთობლივი განცხადება სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ 2009 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი 5 ლარიანი სააბონენტო პაკეტის აღდგენის დავალდებულების შესახებ.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს მომხმარებლების: დ.ებრალიძის, ლ.ანთაძის, რ.კირვალიძის, მ.ქვრივიშვილის, ვ.იმნაიშვილის, მ.ებრალიძიეს, ნ.მიქაძის, გ.ბრეგვაძის, ნ.მასხარაშვილის და ი.კიკნაველიძის განცხადება სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ 2009 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი 5 ლარიანი სააბონენტო პაკეტის აღდგენის დავალდებულების შესახებ.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების გადაწყვეტილების პირველ პუნქტში განსაზღვრული პირებისთვის დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);
კომისიის წევრები ს. ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
